July 3, 2013

"არ გამოვრიცხავ, ინვესტირების ფონდის კაპიტალი 10 მილიარდამდე ავიდეს და მე ვიქნები ერთ-ერთი მონაწილე ჩემი კაპიტალით"

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, ინვესტირების ფონდის კაპიტალი 10 მილიარდამდე ავიდეს.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აპირებს თუ არა საქართველოში ინვესტიციების ჩადებას მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წავა. 


"მე ყოველთვის მინდოდა, ჩემს ქვეყანას დავხმარებოდი იმის შემდეგ, რაც ამის საშუალება გამიჩნდა. არ მახსოვს, რამდენი დრო გავიდა იმის შემდეგ, რაც "ქართუ ბანკი" დაფუძნდა საქართველში. ამ ბანკის გახსნა საქართველოში იყო ის, რომ ინვესტიციები უნდა მომეგროვებინა, ბიბლიოთეკა უნდა გამეკეთებინა და მთელი ჩემი კაპიტალი მინდოდა, საქართველოში მომემართა საინვესტიციოდ. ეს ვერ მოხერხდა იმ პროცესში და იმ პირობებში. რაც შეეხება ქველმოქმედებას, მე ვითვალისწინებ შენიშვნას, რომელიც ზოგიერთმა ბიზნესმენმა გამოთქვა, რომ გაცილებით უკეთესია, შექმნა სამუშაო ადგილები და ხალხი დაასაქმო, ვიდრე მათ დაეხმარო. ეს აქსიომაა ჩემთვის, მაგრამ არ არის მარტივი სამუშაო ადგილების შექმნა. მე ვერ ვახერხებდი ჩემი ყურადღების გადმოტანას, დავკარგავდი დიდს, რომ პატარა საწარმო გამეხსნა, იმდენად დიდი ყურადღება უნდა. თუმცა დიდ ყურადღებას ვუთმობდი "ქართუ ბანკის" განვითარებას. მომავლისთვის გეტყვით, რომ ინვესტირების ფონდი ფუძნდება ჩემი ინიციატივით. მე 3-მილიარდიანი კაპიტალის შესახებ ვაცხადებდი, უკვე 5-ს გადააჭარბა, იმდენია მოსურნე. არ გამოვრიცხავ, 10 მილიარდამდე ავიდეს და მე ვიქნები ერთ-ერთი მონაწილე ჩემი კაპიტალით. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში არის პროექტების სიმწირე, სადაც ფულის ჩადება შეიძლება. ამ მიმართულებით მინდა, ჩემი მუშაობა გავაძლიერო. ჩემი აზრით, ფულის პრობლემა არ იქნება, თანაინვესტირების ისეთი კარგი ფონდი იქმნება და ჩემი კაპიტალიც ჩაერთვება, თუმცა პირადად მე ამის მართვას არ ვაპირებ", - განაცხადა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, ფონდის დაარსების პროცესი საკანონმდებლო საკითხებიდან გამომდინარე გაჭიანურდა.


ნინო ჩიჩუა
„პირWელი“

No comments:

Post a Comment