June 23, 2013

"თუ იქნება საშიშროება იმისა, რომ ჩემი წასვლით განვითარებას, მთავრობას, ან ქვეყანას რამე დაემართოს, არსად წამსვლელი არ ვარ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "თუ იქნება საშიშროება იმისა, რომ მისი წასვლით განვითარებას, მთავრობას, ან ზოგადად, ქვეყანას რამე დაემართოს, ის არსად წამსვლელი არ არის".

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


"ჩემი პოლიტიკიდან წასვლა ქვეყნიდან წასვლას არ ნიშნავს და არც იმას ნიშნავს, რომ მე სირთულეებს, პასუხისმგებლობას, ან ჩემს დაპირებებს გავურბივარ. ჩემი პოლიტიკიდან წასვლა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ იქნება საჭიროება ყოფნის და უფრო რთულ და უფრო საჭირო პროცესებში ჩავერთვები - რასაც საზოგადოების განვითარება ჰქვია. ყველაფრის მთავარი განმსაზღველი საზოგადოებაა. მე არსად არ გავრბივარ. მე წავალ მაშინ, როდესაც პირველ რიგში ჩემი გუნდის წევრებს განვუმარტავ კარგად და კარგად გაიგებენ, რომ ამით არაფერი დაზიანდება და მხოლოდ პლიუსები იქნება იმაში, რომ მე პოლიტიკიდან გავალ და ასევე, გაიგებს საზოგადოებაც. საზოგადოებას განვუმარტავ იმდენს, სანამ არ დავარწმუნებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კითხვები დარჩება, თუ იქნება საშიშროება იმისა, რომ ჩემი წასვლით განვითარებას, მთავრობას, ან ზოგადად, ქვეყანას რამე დაემართოს რა თქმა უნდა, მე არსად წამსვლელი არ ვარ. მე წავალ მაშინ, როდესაც ჩემი გადმოსახედიდან ეს შესაძლებელი იქნება, როცა დალაგებული სიტუაცია იქნება, როცა საზოგადოების შფოთვა არ იქნება, რომ ჩემი წასვლით რამე დაშავდება. მე ასე ვხედავ ამ მოვლენებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში იგი პოლიტიკადან წავა.




დავით ჯალაღონია
„პირWელი“

No comments:

Post a Comment