საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის აზრით, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე გაირკევა, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე ქმედებები ვისი ბრძანებით ხორციელდება.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეთანხმება თუ არა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ შიდა ქართლში განხორციელებული პროცესები შესაძლოა, რომელიმე კერძო პირის ინიციატივაა და არა ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილება.
"ეს არის ჟენევის დისკუსიების საგანი. იქ გაირკვევა არის გაუგებრობა, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება, თუ ცალკეული ჯგუფების სურვილი. ასევე, ვინ არის ავტორი ბრძანებისა, რომელიც ცხადია, მოსკოვიდან მოდის, თუმცა ეს შესაძლოა, იყოს კონკრეტული ჯგუფის, ადამიანების ინიციატივა და არ ასახავდეს მთლიანად რუსეთის ხელისუფლების მიდგომას", - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე ამ საკითხში მეტი სიცხადე შევა, საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეიმუშავებს თუ არა სხვა რეაგირების სტრატეგიას, იმის გარდა, რაც აქამდე განახორციელა საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების კუთხით.
ამასთან, მინისტრისთვის უცნობია, ამ წუთებში რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, თუმცა აცხადებს, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში პროვოკაციაში არ ჩაებმება და პრობლემის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტას შეეცდება.
ნინო ჩიჩუა
No comments:
Post a Comment