მისივე ცნობით, ინიციატივას მხარი არ დაუჭირა EPP-ის ყველა წარმომადგენელმაც კი.
"მხოლოდ და მხოლოდ EPP-ი ითხოვდა, რომ გამართულიყო დებატები სახელწოდებით "გაუარესებული დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში". ჯერ კიდევ დილით, საკითხის ასეთი ფორმით გატანა ბიუროს სხდომაზე ჩავარდა და ბიურომ მხარი არ დაუჭირა საკითხის ამ სახელწოდებით დღის წესრიგში შეტანას. მას სახელი შეუცვალეს და დაარქვეს სახელი "სიტუაცია საქართველოში", ყოველგვარი განმსაზღვრელების გარეშე. აქაც კი, ბიუროს სხდომაზე, 13/13-ზე გაიყო ხმები და შესაბამისად, ინიციატივა ასამბლეის სხდომაზე გავიდა. უკვე სხდომაზე ძალიან ნათლად ითქვა სხვა ქვეყნების დეპუტატების მხრიდან, რომ საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც განსაკუთრებულ დებატებს მოითხოვს და მეორეც, საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე ორჯერ იყო დებატები – ერთი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ბრძანდებოდა სტრასბურგში და მეორე, როცა პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. როცა კენჭისყრაზე დღის წესრიგი დგება, მას ხმების 2/3-ი სჭირდება. საბედნიეროდ, საქმე 2/3-მდე არ მივიდა, რადგან უმრავლესობამ უბრალოდ წინააღმდეგ მისცა ხმა, ანუ კენჭისყრის შედეგად, ხმები ისე კი არ გადანაწილდა, რომ უბრალოდ 2/3 ვერ მოაგროვეს, მათ ეს კენჭისყრა ფიზიკურად წააგეს. საკითხს არც ერთმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა, გარდა EPP -სა და ისიც არასრულად. EPP -ს ყველა წევრს საკითხისათვის მხარი რომ დაეჭირა, მაშინ ასეთი სავალალო შედეგი არ იქნებოდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თინა ხიდაშელმა.
მისივე განმარტებით, როდესაც ევროსაბჭოში "urgent debates" - გადაუდებელი დებატები ინიშნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაღაც ისეთი საშინელი ხდება და თან აუცილებლად ხელისუფლების მხრიდან, რომ მას სასწრაფო რეჟიმში სჭირდება განხილვა.
"ეს იმას ნიშნავს, რომ ევროსაბჭომ ქვეყანას წითელი აუნთო. ამასთან, ასეთი დებატების დროს, იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელზეც არის საუბარი და რომელიც დაინტერესებულ მხარედ ითვლება, მხოლოდ სამი წუთი ეძლევა. ასეთ ვითარებში კი ძნელია სრული ინფორმაციის მიწოდება და ყველაფრის წარმოდგენა, რაც საჭიროა" - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
„ინტერპრესნიუსი“
No comments:
Post a Comment