June 24, 2013

"პრემიერ-მინისტრის შემცვლელზე საუბარი უკვე დაწყებულია"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შემცვლელზე საუბარი უკვე დაწყებულია.

ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


"ბიძინა ივანიშვილს გააჩნია უაღრესად სერიოზული ავტორიტეტი, რომელიც მის წარსულ მოღვაწეობას ეფუძნება. ეს არის 20-წლიანი ზრუნვა ქართულ სახელმწიფოზე და ქართულ საზოგადოებაზე და ასევე მის მიერ ვირტუოზულად განხორციელებული საარჩევნო კამპანიაზე და ის ცვლილება, რომელიც განხორციელდა საქართველოში არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, მე მგონია, ყველას უნდა გვქონდეს ნდობა ადამიანის მიმართ, რომელიც თავის სტრატეგიულ ხედვას აყალიბებს და მეტიც, აყალიბებდა დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც მან ზუსტად ეს გეგმა, რომ ხელისუფლება, არჩევნების გზით შეიცვლებოდა, მან განახორციელა აბსოლუტური წარმატებით. ამის შემდეგ უკვე რომ მივყვეთ მისსივე შეხედულებებით, საჭიროა არა მისი სადმე წასვლა, არამედ გადასვლა სამოქალაქო სექტორში და მისი გაძლიერება. მე სრულიად მესმის ბატონი ბიძინას გეგმის, გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა იწყება არა მთავრობით, არამედ იწყება და მისი გარანტი არის საზოგადოება. თუ არ იქნება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ყოველთვის იქნება შესაძლებლობა, რომ მთავრობას შეეშალოს და არ იქნას გაკონტროლებული და ის სხვა გზით წავიდეს. როდესაც ბატონი ბიძინა გეგმავს პოლიტიკიდან წასვლას, ეს არის არა სიტუაციიდან გასვლა, არამედ კიდევ უფრო გააქტიურება საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინა მიდის ყველაზე რთული გზით და მიმართულებით, ის გადადის სამოქალაქო საზოგადოებაში. მე მისი უაღრესი ნდობა მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მე სერიოზულად ვუყურებდი და ვაფასებდი მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თუნდაც ორი წლის წინ და არანაირი განცდა არ მქონდა, რომ ის თვალთმაქცობს. მეტიც, როცა პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდა, მე დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანს სტრატეგიული ხედვა აქვს ყველაზე ძლიერი, ბევრად ძლიერი, ვიდრე სხვა ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და ა.შ. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას", - განაცხადა მარგველაშვილმა, თუმცა მინისტრს ივანიშვილის პოლიტიკიდან წავლის ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.

"მისი ეს ნაბიჯი უკიდურესად მძიმე და საპასუხისმგებლოა. რაც შეეხება მის შემცვლელს, ამის შესახებ საუბარი უკვე ხორციელდება, მაგრამ ჩემი კომპეტენცია არ არის, რომ ამ თემაზე საჯაროდ ვისაუბრო", - აღნიშნა მარგველაშვილმა.


ინგა მურუსიძე
„პირWელი“

No comments:

Post a Comment