უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ახალციხის რაიონული სასამართლოს წინ გამართულ აქციაზე მომხდარი ფაქტის გამოიძიებას კატეგორიულად მოითხოვს.
ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა, გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა ახალციხეში, რაიონული სასამართლოს
შენობასთან. იცით, რომ ჯერ კიდევ გუშინ დაანონსდა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობასთან აქცია ჩატარდებოდა და აქციის მონაწილეები ერთ-ერთ გამამართლებელ განაჩენს გააპროტესტებდნენ, რომელიც რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა. პირველ რიგში, მე მინდა, მივმართო საზოგადოების თითოეულ წევრს, თუკი ვინმეს არ მოსწონს სასამრთლოს გადაწყვეტილება, ერთადერთი გზა, შეცვალოს ის, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებაა. არანაირი აქცია ვერცერთი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. მეორე საკითხი, რასაც მინდა, ყურადღება მივაქციო - ამ აქციაზე დანაშაული მოხდა და ეს დიდწილად არის პოლიციის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ჩვენ ჩვენის მხრივ, მობილიზება მოვახდინეთ და რამდენიმე მანდატური კიდევ გავაგზავნეთ ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მაგრამ პოლიციამ არავითარი რეაგირება არ მოახდინა. ისინი გვერდზე იდგნენ და სიამოვნებით უუყრებდნენ იმას, თუ როგორ ესროდნენ აქციის მონაწილეები სასამართლოს სხვადასხვა ნივთებს. მათ შორის, მინდა, ბევრს კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ არამხოლოდ პომიდვრებს, არამედ ქვებს ესროდნენ. ამის შედეგად ჩაამსხვრიეს სასამართლოს ფანჯარა და ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა. ამიტომ პირველ რიგში, პოლიციას მოვუწოდებ, ეს საკითხი გამოძიებულ იქნას და კანონის ფარგლებში, მკაცრად დაისაჯოს ის პირი, რომელმაც ეს ქმედება ჩაიდინა. პოლიცია არ ჩაერია ამ ყველაფერში, სანამ ფანჯარა არ ჩაიმსხვრა და ადამიანი არ დაშავდა. ამის შემდეგ კეთილი ინებეს, მოვიდნენ და ჩვენს საჩვენებლად გამოძიება დაიწყეს. იმედი მაქვს, შედეგს მალე მივიღებთ და გამოძიების მასალების შედეგად საქმე სასამართლოში შემოვა და ეს არ მოხდება ისე, როგორც ჩვენი ერთ-ერთი თანაშემწის ია ბარამიძის საქმეში მოხდა, როცა ჯერაც არ გვაქვს არანაირი შედეგი მიღებული. კატეგორიულად მოვითხოვ პოლიციისგან გამოიძიონ ეს საქმე და ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის პროკურატურასაც, რომელიც სიცრუის გავრცელებით იყო დაკავებული, მივმართავ, რომ თუკი მათ არ მოსწონთ სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთადერთი გზა ამის შეცვლისა, არის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება, მაგრამ ისე გასაჩივრება, რომ რაღაც მტკიცებულებები არსებობდეს საქმეში იმისთვის, რომ პროკურატურის პოზიცია დასაბუთებულად წარმოჩნდეს. ეს არის გზა, რომელსაც ნებისმიერმა სახელმწიფო ორგანომ, თუ საზოგადიების წარმომადგენელმა უნდა მიმართოს", - განაცხადა კუბლაშვილმა.
ამასთან იგი ასევე პოლიციისგან მოითხოვს, დაცული იყოს ყველა მოსამართლე და თანამშრომელი, რომელიც ახალციხის რაიონულ სასამართლოში მუშაობს.
კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლოს მსგავსი აქციებით ვერავინ დააშინებს.
"კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ამით სასამართლოს და მის თანამშრომლებს დააშინებს, ძალიან ცდება. თუკი სასამართლოში მტკიცებულებების გარეშე, ან ისეთი მტკიცებულებებით შემოვა საქმე, რომელსაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვს და ძალიან მყიფეა ეს ყველაფერი, განაჩენი რა თქმა უნდა, პროკურატურის ან იმ მხარის სასარგებლო არ იქნება, რომელიც დაუსაბუთებებელ დოკუმენტებს შემოიტანს სასამართლოში. ეს არის მარტივი პრინციპი, რითაც სასამართლო მოქმედებს და ასე უნდა გაგრძელდეს. ახლა ჯერი არის პოლიციაზე და მან უნდა დაგვანახოს, რამდენად ობიექტურად და სწრაფად და ეფექტურად შეუძლიათ სასამართლოოს წინააღმდეგ ჩადენილი ამ დანაშაულის გამოძიება", - განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.
დათო ჯალაღონია
No comments:
Post a Comment