ქალბატონებო და ბატონებო,
გავკადნიერდები და ასე საჯაროდ მოგმართავთ. მოგმართავთ, არა იმისთვის, რომ რომელიმე თქვენგანს ჭკუა ვასწავლო, დავარიგო ან მივუთითო. მოგმართავთ იმიტომ რომ დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში, თქვენ ხართ ის ძალა, რომელმაც უნდა გააკეთოს არჩევანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. მოგმართავთ იმიტომ, რომ სწორედ თქვენ გაქვთ დღეს პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე.
ქალბატონებო და ბატონებო,
რატომ ცდილობთ გააჩინოთ უფსკრული თქვენსა და საზოგადოებასა შორის? რატომ არ ხართ ადეკვატურები ცალკეულ მოვლენებზე რეაგირებისას? რატომ არ ხართ იგივენი, ვინც იყავით 1-ელ ოქტომბრამდე?
თქვენ ფიქრობთ, რომ მე, ან სხვას, ვინც ხელისუფლებას აკტირიკებს ან მიუთითებს, ეს გვისამოვნებს? თქვენ ფიქრობთ, რომ გვსიამოვნებს ამ კრიტიკის შედეგი, როდესაც თქვენი და თქვენი მთავრობის ხელქვეითები უკრძალავენ ცალკეულ უწყებებს ჩვენთან ურთიერთობას? გვიხარია, რომ ცალკეული ჩინოსნების მითითებით „მტრების" იარლიყებს გვაწებებენ?
განა, თქვენ ის ადამიანები არ ხართ, რომლებიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ლამის საკუთარი კორესპონდენტები იყავით თითქმის ყველა მედიასაშუალებისთვის და გვემუდარებოდით არაფერი გამოგვრჩენოდა?
რა დაგემართათ ადამიანებო!? დიახ, ადამიანებო, და მერე პარლამენტარებო. კი ბატონო, გვესმის პოლიტიკაც, იქნებ ზოგიერთზე მეტადაც და ისიც გვესმის, რომ „გუნდიდან", „ოჯახიდან" ყველაფერის გარეთ გატანა არ შეიძლება, მაგრამ შიგნითაც რომ მუმიებივით ხართ უმეტესნი იმის შიშით არ გაგრიყონ, ეს სწორია?
რა ლოგიკაა, არჩევნებში გამარჯვებიდან მე-10 თვეს ისევ მიშაზე და მიშას ხელისუფლებაზე აპელირებდეთ. დამთავრდა მიშა და მიშას ხელისუფლება. ახლა თქვენ ხართ ხელისუფლება და იმიტომ უპირველესად, რომ წარსული მიუღებელი იყო. შეეშვით მიშაზე და წარსულზე საუბარს. თქვენზე ისაუბრეთ და ცინიკურად ნუ ყელყელაობთ, რომ რაც შეპირდით საზოგადოებას ყველა დანაპირები შესრულებული გაქვთ. იყავით მზად იმისთვის, რომ სწორედ თქვენ ხართ კრიტიკის ობიექტები. დიახ, თქვენ, რადგანაც ჩვენ, ხალხს, გვაქვს ლეგიტიმური უფლება უკეთესი ცხოვრება, უკეთესი სოციალური გარანტიები, უკეთესი უსაფრთხო გარემო მოვითხოვოთ. მოვითხოვოთ თქვენგან და სანაცვლოდ დაყვედრებებს არ ვუსმინოთ, რომ „ცოცხებისგან" გაგვანთავისუფლეთ. ჩვენ ნუ გვაყვედრით ამას, იმიტომ რომ თუ ობიექტურები ვიქნებით, ჩვენც გაგათავისუფლეთ. იმ ავადსახსენებელ ფირებში ბევრ თქვენთაგანზეც მოიპოვება კომპრომატი, რომელსაც ახლა სწორედ თქვენ განაგებთ და ახლა საშიში ისაა, რომ თქვენვე არ გამოიყენოთ ერთმანეთის წინააღმდეგ. ასე, რომ დაყვედრებებს არ ვიყოთ, მით უფრო, რომ სოციალური გარანტიებიდან დაწყებული ჩინებით დასრულებული თქვენ ხართ ახლა პრივილეგილებულნი და არა ჩვენ - ხალხი.
შეეშვით თქვენც და შეეშვან თქვენი მოხელეები მტრების ძებნას. მით უფრო, იქ, სადაც მტერი არაა. განა თვალწინ არ გიდევთ იმ წარსულის მაგალითები, რომელზედაც აპელირებთ ათი თვეა? მტერს რომ ეძებდა, ყველგან და ყველაფერში სააკაშვილი, იმიტომაც მეფობდა ქვეყანაში განუკითხაობა.
ან, სად გინახავთ შეუნიღბავი მტერი - საჯაროდ რომ გაკრიტიკებდეთ, მიგითითებდეთ, სტკიოდეს და ა.შ. მტერს უხარია რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებ და კისერს მოიტეხავ. ამ ლოგიკით თქვენ უფრო მტრობთ საკუთარ თავს და შედეგად ქვეყანასაც, როდესაც ჭირს მალავთ და „აპრავებთ". მართლა გჯერათ შინაგანად რომ 1000- 1000-ლარიანი ჯარიმები დაიმსახურეს სტუდენტებმა პლაკატების გაკვრისთვის? მართლა დავიჯერო, რომ მორალურად და ზნეობრივად მყარია თქვენი არგუმენტი როდესაც - „დინამო არენასთან" „არაფერი მოხდარა"... ?
ვისში ეძებთ დამნაშავეს, როდესაც დამნაშავეს ბრალს ვერ უმტკიცებს თქვენი პროკურატურა და ადამიანის გამაუპატიურებელი ქუჩაში დადის? ახლა სასამართლოსკენ ნუ გაიშვერთ ხელს. ახალაიას პროცესს თუ ადევნებთ თვალს და ნაქებ გამოძიებას?
ნუთუ მართლა ვერ ხედავთ სახელმწიფო ინტიტუტების საქმიანობაში სისუსტეს, არაპროფესიონალიზმს, მოხელეთა უნიათობას, უინიციატივობას. ვერ ამჩნევთ რომ ბიზნესი დგას და ქვეყანა ეკონომიკურ სტაგნაციაშია?
მართლა გჯერათ, რომ 0%-იანი „ზრდა" არაფერს ნიშნავს, რადგან ასე შეაფასა ქვეყნის მთავარმა მრჩეველმა?
მართლა გჯერათ, რომ 0%-იანი „ზრდა" არაფერს ნიშნავს, რადგან ასე შეაფასა ქვეყნის მთავარმა მრჩეველმა?
ბევრი კითხვის დასმა შეიძლება. ისიც გასაგებია, რომ ვინც აკეთებს ის უშვებს შეცდომებს. მაგრამ მიმოიხედეთ ირგვლივ,, თქვენი ხელისუფლება ან არაფერს აკეთებს ან უხარისხოდ აკეთებს და რატომღაც მიზანმიმართულ ქმედებას ემსგავსება ყველაფერი.
იმასაც უნდა მიხვდეთ, რომ შიში არასოდეს არის კარგი მრჩეველი. თქვენ ახლა გეშინიათ. გეშინიათ რევანშის, გეშინიათ წარუმატებლობის. რევანშს რაც შეეხება, რამდენიც უნდა გაშინოთ საკუთარმა სამსახურებმა თუ ცალკეულმა პირებმა, ის არ და ვერ შედგება. გისაუბრიათ ნაციონალური მოძრაობის რიგით წევრებთან, ან ცალკეულ ლიდერებთან ადამიანურად? მაშინ იმასაც მოისმენდით, რომ ისინიც მადლობელნი არიან იმისთვის, რომ გათავისუფლდნენ. მაგრამ მათთან მიმართებაშიც უნდა დასრულდეს მუდმივი წამოყვედრებები.
პირველ რიგში, თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ქვეყანაში 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნა და სწორედ თქვენ უნდა გადადგათ ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოში დაამკვიდრებს ახალ პოლიტიკურ კულტურას, რომელშიც ადგილი არ ექნება ნიშნის მოგებასა და წამოყვედრებებს.
მკითხავთ, დამნაშავეები? დამნაშავეები უნდა დაისაჯნონ, ამაზე არავინ დავობს. მაგრამ როდესაც თქვენს ხელისუფლებას იმდენი ძალაც არ შესწევს, რომ ადამიანის გამაუპატიურებელს და მკვლელს შესაბამისი მტკიცებულება დაუდოს და ნებისმიერი ნაძირალა პერსპექტივაში პოლიტიკურ ტუსაღად არ აქციოს, რომელ სამართლიანობის აღდგენაზე შეიძლება ესაუბროთ ხალხს? არგუმენტად არც ის გამოდგება, რომ „არის ერთეული შეცდომები". არ აქვს ქვეყანას შეცდომების დაშვების დრო და ამ პასუხისმგებლობას თუ ათვითცნობიერებთ?
ის დრო, რაც ვილნიუსის სამიტამდე დარჩა, ისტორიისთვის გაელვებაც არ არის. მაგრამ ეს არის ის ბეწვის ხიდი, რომელიც, უპირველსად თქვენ უნდა გაიაროთ, იმიტომ რომ თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი წარმომადგენლები და ჩვენი დაქირავებულები, ეს გახსოვდეთ მუდამ. დიახ, ჩვენი დაქირავებულები და არა პირიქით, როგორც ბევრ თქვენგანს მიაჩნია, რომ ჩვენ ვართ თქვენი მსახურნი. ფიასკო ვილნიუსის სამიტზე იქნება თქვენი ფიასკო. გჯეროდეთ ისიც, რომ ვილნისუში მარცხის შემთხვევაში, რაოდენ კეთილშობილური არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის თქვენი მმართველობის შემდგომი სამი წელი, თქვენ ვერ გახდებით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ღირებულებებთან დაახლოებს.
და ბოლოს, რატომ ვთქვი ეს ყველაფერი - იცით რისი სურვილი არ მაქვს? იმისი, რომ თქვენგანაც არ მოვისმინო - „ბოდიში", „არ ვიცოდი", „ვამბობდი მაგრამ არ მისმენდნენ", „მე რა მექნა", „მე რიგითი დეპუტატი ვიყავი" და ასე ,შემდეგ. ეს ფრაზები თქვენგან არ მიიღება - ეს თქვა ნაციონალურმა მოძრაობამ და თქვენ მათზე „უკეთ" ვერ იტყვით ამას. დროა ისწავლოთ ან უკეთესია გაიხსენოთ ის რასაც თუნდაც დეკლარირების დონეზე აცხადებდით ხოლმე, ოპოზიციაში ყოფნისას - ჩვენ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას არა იმიტომ რომ გვძულს, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა გვიყვარს და გვსურს ის სწორი გზით განვითარდეს.
და ბოლოს, რატომ ვთქვი ეს ყველაფერი - იცით რისი სურვილი არ მაქვს? იმისი, რომ თქვენგანაც არ მოვისმინო - „ბოდიში", „არ ვიცოდი", „ვამბობდი მაგრამ არ მისმენდნენ", „მე რა მექნა", „მე რიგითი დეპუტატი ვიყავი" და ასე ,შემდეგ. ეს ფრაზები თქვენგან არ მიიღება - ეს თქვა ნაციონალურმა მოძრაობამ და თქვენ მათზე „უკეთ" ვერ იტყვით ამას. დროა ისწავლოთ ან უკეთესია გაიხსენოთ ის რასაც თუნდაც დეკლარირების დონეზე აცხადებდით ხოლმე, ოპოზიციაში ყოფნისას - ჩვენ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას არა იმიტომ რომ გვძულს, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა გვიყვარს და გვსურს ის სწორი გზით განვითარდეს.
მეც მოგმართავთ არა იმიტომ რომ რამეთი გჯობივართ, არამედ იმიტომ, რომ მეც თქვენნაირად ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და მაქვს ლეგიტიმური უფლება მოვითხოვო უკეთესი ცხოვრება ჩემთვის, თქვენთვის, ჩემი და თქვენი შვილებისთვის.
ქვეყანა დგას გზაგასაყართან „დეპოში" თუ ცივილიზებულ სამყაროში. გააკეთეთ სამართლიანი და სწორი არჩევანი, ჩვენ ამისთვის აგირჩიეთ და დაგიქირავეთ.
გისურვებთ წარმატებებს.
„ჯი-ეიჩ-ენი"
გოჩა მირცხულავა
No comments:
Post a Comment