ქვეყანაში ყვავის პროტექციონიზმი და ბიუროკრატიული თავხედობა. ადგილი გვაქვს შერჩევით სამართალთან - არ ვგულისხმობ პოლიტიკური პერსონების დაპატიმრებას. საგარეო კურსიც დაუდგენელია. ერთი სიტყვით, ქვეყანა ცუდი გზით მიდის.
______
წინა ხელისუფლების ნებისმიერი გადაცდომა, რომელიც ივანიშვილსა და მის უახლოეს გარემოცვას ეხება, გამოძიებულია, საქმები დასრულებულია და ქონება დაბრუნებულია. რა დააშავეს მაშინ იმ ადამიანებმა, რომლებიც არ არიან პრემიერის გარემოცვის წევრები? რა დაშავა ათასობით ადამიანმა, რომელიც აცხადებს, რომ მათ წინა ხელისუფლებამ "განკულაკება" მოუწყო? მათ ვინ უბრუნებს ქონებას? თურმე, საუბარია დაახლოებით 6-მილიადიან დავაზე სხვადასხვა საქმის ერთობლიობით. ივანიშვილს რომ დაუბრუნდა მილიონებიც, ანტენებიც, ბანკიც, რიგითმა მოქალაქეებმა რა ქნან? რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც სისხლის სამართლის ცალკეულ საქმეებზე მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას? ნუთუ მართლა არ ესმის ივანიშვილს და მის გარემოცვას, რომ ერთ ქონებრივ დავაზე ანუ უკანონოდ წართმეული ქონების ფაქტის ობიექტური გამოძიებისას მინიმუმ 20 ადამიანი იქნება დასაჭერი? ხოლო სისხლის სამართლის ერთ უკანონო საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მინიმუმ 15-20 ადამიანს ელოდება? სისხლის სამართლის 12 ათასი საქმის დავის განხილვისას სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში 180 ათასიდან 240 ათასამდე ადამიანი უნდა ჩაჯდეს ციხეში (მოწმეები, ოპერატიული მუშაკები, გამომძიებლები, პროკურორები და თვით მოსამართლები). ან ერთ ადამიანს რამდენიმე სხვადასხვა საქმეზე უნდა წაეყენოს ბრალი - ცალკეული პირებს მინიმუმ 3-4, თუ მეტ საქმეზე არა. ამ შემთხვევაშიც, დასაჭერია 60 ათასიდან მინიმუმ 40 ათას ადამიანამდე.
რაც შეეხება ქონებრივი დავის საქმეებს, რომელიც სხვადასხვა მონაცემით 6 ათასს აღწევს - ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსიდან და სოფლის რწმუნებულიდან დაწყებული, ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნებით დასრულებული, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოუწევს 120 ათას ადამიანს. აქაც ცალკეული საქმეებში ერთსა და იმავე მონაწილეებს თუ გამოვრიცხავთ, მინიმუმ 60 ათასიდან, დავუშვათ, 40 ათასამდე ადამიანია ბრალეული. არის მზად ქართული ოცნება, სულ მცირე, 80 ათასი ადამიანი ჩასვას ციხეში ან გნებავთ ამის ნახევარი - 40 ათასი და მათ ერთობლივად მინიმუმ 360 ათასი ბრალი წაუყენოს?
ვიღაც იტყვის - ამიტომაც დავიჭერთ ვანოს, გიგის, მიშას. ნურას უკაცრავად - დაზარალებული ითხოვს, რომ სწორედ ის დააკავონ, ვინც ესროლა, აწამა, უკანონოდ მიუსაჯა, შეუთითხნა, ცილი დასწამა. რა ნუგეშია მაზოხისტი მიშას დაჭერა, მის ნაცვლად, ვინც კონკრეტულ ადამიანს დუბინკით აუპატიურებდა? ბატონი კბილაშვილისა და ქალბატონი უფლებთადამცველი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის „პოლიტიკური რეალობა" ქმნის იმის დისკრეციას, რომ ბედუკაძე გმირია? განა ცხადი არაა, რომ ცალკეულმა დამნაშავეებმა ინდულგენცია იყიდეს სხვათა "ჩაშვებით"? ჩემთვის - დაზარალებულისთვის - რა ხეირია ის, რომ შენ - ხელისუფლებამ -ივანე დააკავე, რომელიც დომენტიმ ჩაუშვა, თავად დომენტიმ ხომ მე წამართვა ქონება, მე დამსაჯა უკანონოდ, მე მაწამა. რა გინდათ ახლა, თქვენი პოლიტიკურ გარიგება-კოჰაბიტაციის გამო არ უნდა დაისაჯოს ჩემი პატივის შემლახავი? მე არ უნდა დამიბრუნდეს ქონება და დაუბრუნდეს პრემიერს? ამ ლოგიკით, მას უფრო მეტი აქვს და რჩება კიდეც და მე რაც მქონდა, იმის გარეშე ვარ დარჩენილი.
ისიც ვიკითხოთ, ეს 6 მილიარდი საიდან მოაქვს ხელისუფლებას? ბიუჯეტმა დაუფაროს? ისევ მე მომაკლდეს?
ამიტომაც ვამბობ, როდესაც ივანიშვილი და მისი გუნდი საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე, მათ ბოლომდე დღესაც არა აქვთ გაცნობიერებული რაზე საუბრობენ, ანუ არ აქვთ გააზრებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი - ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი.
ხელისუფლება ამ გაურკვევლობის გამო ცეცხლს ეთამაშება. უკვე გაისმა ლინჩის წესით გასამართლებაზე საუბარი. მთავრობა კი სირაქლემის პოზაშია რადგან ვერ მოძებნა „სამართლიანობის აღდგენის" გასაღები. არადა პირადი შურიძიების მომენტებიც საკმაოდ ძლიერია და როგორ გინდა ადამიანმა ეს ვნება და ჟინი დათრგუნო, როდესაც „ოცნება" აიხდინე, ხელისუფლებაში ხარ შეგიძლია სწორედ ახლა იხილო „იგი" შენს მუხლებთან. არადა იმ პრინციპის მიხედვით რა პრინციპითაც „ოცნებამ" ამნისტია გამოაცხადა - „უმჯობესია ასი დამნაშავე იყოს გარეთ ვიდრე ერთი უდანაშაულო", ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია განაცხადოს, რომ სამართლიანობა არაა აღდგენილი რადგან „ის ვინც მე დამიშავა" არ დასჯილა.
____________
მართალია, „ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ სტატისტიკა სისულელეა და მას ყურადღება არ უნდა მიაქციო ადამიანმა, მაგრამ როდესაც ეს სტატისტიკა რეალობად გაქვს ქცეული და შენ თავად ხედავ, გრძნობ და მინიმუმ შენი და შენი ოჯახის რაციონზე აისახება - გინდ სისულელე ეძახე და გინდ სიბრძნე. ეკონომიკა სტაგნაციაშია, ქვეყანა რეცესიის საფრთხის წინაშე დგას.
იქნებ ბატონმა ივანიშვლიმა არ იცის, რომ ეკონომიკის ცალკეულ სფეროებში ძალიან დიდი შავი ფული გამოჩნდა? ვიღაც მეტყვის, რომ ლამის 26-მილიარდიან ეკონომიკას 200 მილიონი შავი ფული არაფერს დააკლებსო, მაგრამ ეს რომ ასე არაა, განა თავად მილიარდერმა არ იცის? ან თავად დაუშვებს საკუთარ ბიზნესსა და კომპანიებში აღურიცხავი ფულის ტრიალს? ან თუ დაუშვებს და ეს კონკრეტული მიზნისთვის სჭირდება, გამოდის, რომ მისგან იქნება ნებადართული. ახლა იმაზე ვიფიქრო - ჩემი გათვლებით 200 მილიონი შავი ფული და როგორც ექსპერტები მიმტკიცებენ, რეალურად მილიარდზე მეტი ფულის მასა ივანიშვილის კონტროლითაა ბაზარზე გამოსული თუ მისი ნებარათვის გარეშე?
_______________
პრემიერის მიერ მწვანეშუქანთებულ პროტექციონიზმზე ახლა არაფერს ვიტყვი. და არც ახალი ხელისუფლების დამკვიდრებულ მორალზე - „აბა ჩემს შვილს ხომ არ დავსჯი"...
რაც შეეხება „ოცნების" წევრთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის გაყეყეჩებას, რომელსაც ერთგულების ნიშნებიდან გამომდინარე სულაც არ იმჩნევს საქართველოს პრემიერი, არც ეს არაა უმნიშვნელო საკითხი. მართალია, მათი „პოზა" შეგვიძლია მორალურ კრიტერიუმს მივაკუთნოთ, მაგრამ ამ გაყეყეჩებამ და თავნებობამ გარყვნა და დაანგრია კომპარტია, მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა და ის გარყვნის და დაანგრევს „ოცნებას".
„ჯი-ეიჩ-ენი"
გოჩა მირცხულავა
No comments:
Post a Comment