June 23, 2013

"პრემიერის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" უფრო მეტი ძალით აღდგება, ვიდრე აქამდე იყო"

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ბიძინა ივანიშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" სავარაუდოდ, უფრო მეტი ძალით აღდგება, ვიდრე აქამდე იყო".

ასე გამოეხმაურა საყვარელიძე ესტონურ გამოცემასთან "Postimees" ივანიშვილის ინტერვიუს, რომელშიც პრემიერი ამბობს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკიდან წავა.


ექსპერტი ფიქრობს, რომ პრემიერის ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და "ემოციურ ტალღაზეა ნათქვამი".

"არა მგონია ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილება იყოს, რადგან მას ხალხმა ნდობა გამოუცხადა და როცა ვინმე გენდობა, შემდეგ ძნელია მისი მიტოვება. მან არაერთხელ განაცხადა, რომ გარკვეული დროის შემდეგ წავა პოლიტიკიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, არა მგონია გააზრებული ჰქონდეს ის ნიუანსები, რაც მის წასვლას მოჰყვება. პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც მან ამ რვა თვის განმავლობაში მიაღწია, შეიძლება, ნულზე დავიდეს, თუ მინუსებში არ გადავა, რადგან შეიძლება, კოალიცია დაიშალოს. ქვეყანაში მმართველი ძალა აღარ იქნება. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობა" აღდგება უფრო მეტი ძალით, ვიდრე აქამდე ჰქონდა და ყველა ხერხით დაიწყებს ბრძოლას. აქ გასათვალისწინებელია, რომ ჯერ არ ვიცით, რისთვის სჭირდებოდა წინა ხელისუფლებას ის იარაღი, რაც სამალავებში აღმოჩნდა. ჯერ მხოლოდ ფარულ ჩანაწერებზე ვსაუბრობთ. ასე, რომ, პრემიერის ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში შეიძლება, რთული პროცესები განვითარდეს", - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება კოალიციის დაშლის საკითხს, რამაზ საყვარელიძის აზრით, ამის ნიშნები "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის განხილვისას გამოჩნდა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ივანიშვილს მართლაც ჰყავს იდეაში ის ადამიანი, რომელიც მის პოსტს დაიკავებს,  "გამორიცხული არაა, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ივანიშვილის კანდიდატურა უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს".

"ლიდერს უმრავლესობა ირჩევს და კოალიციაში მეტისმეტად ბევრი სუბიექტია, ასე, რომ, ის კანდიდატი, ვისზეც ივანიშვილი ფსონს დადებს, შეიძლება, კოალიციას არ მოეწონოს, რადგან პრემიერის პოსტის დატოვების შემთხვევაში, ივანიშვილი მხოლოდ ქველმოქმედებით ცნობილი ფიგურა იქნება", - აღნიშნა ექსპერტმა და დასძინა, რომ კოალიციის შესანარჩუნებლად ივანიშვილზე ძლიერი ფიგურა ჯერჯერობით არ ჩანს.




დავით ჯალაღონია
„პირWელი“

No comments:

Post a Comment