June 11, 2013

სამართლიანობას სამართლებლივად უჭირს

ქართულ სამართალს და სამართლიანობას სამართლებლივად უჭირს. თავი დავანებოთ იუსტიცის საბჭოს ახალ შემადგენლობაზე აყეხილ აყალმაყალს და თემიდას მოციქულების გადაწყვეტილებას "სასტავის" შესახებ. ბრძოლის ეს რაუნდი "ოცნებამ" წააგო და დღეის იქეთ სასამართლოსკენ თითის გაშვერა, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, შეფასებული იქნება როგორც ხელების გადაგრეხვა. ისე, ფრიად საინტერესოა, ვინ "აჭამა" მორიგჯერ ბატონ პრემიერს და ვინ არწმუნებდა,
რომ "არჩევნების" შედეგი სრულიად სხვაგვარი იქნებოდა?
მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ სასამართლო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმთავრესი ინსტიტუტია. მართალია, ასე არ ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში მოკალათებული ყოფილი თუ ამჟამიდელ ჩინოსნები და ბიუროკრატები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სულ მალე შეეცილებიან ამერიკის დემოკრატიის მამებს და თვით თომას ჯეფერსონზე უფრო მაგრები აღმოჩნდებიან. მაგრამ დიდი დრო არ უნდა იმას, რომ ბევრი პოლიტიკოსი - როგორც უმრავლესობიდან ასევე უმცირესობიდან პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება. ისტორიულ დროზე ვსაუბრობ, თორემ ახლანდელ დროს რომ ეს პერსონები საკმაოდ კარგად იყნებდნენ და იყენებენ, პირადი ვნებების დასაკმაყოფილებლად, ეს ცხადზე უცხადესია. პრინციპში იმაშიც დარწმუნებული, ვარ რომ მრავალ მათგანს მოუწევს "ამ სასამართლოს" წინაშე წარსდგომაც - ისევ და ისევ საკუთარი ვნებების გამო.
ახლა სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. როგორ ახერხებს საქართველოს პროკურატურა, რომ ცალკეულ საქმეებთან დაკავშირებით - გამოძიების მიერ წარმოებაში არსებულ საქმეები მაქვს მხედველობაში, ამომწურავი ინფორმაციები მიაწოდს პოლიტიკოსებს. რატომ, რა მიზნით ხდება ეს?
რა პოლიტიკური და სამართლებლივი უფლებით აკეთებს განცხადებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომ ცალკეულ პიროვნებებს დაუმძიმდებათ ბრალი? რა უფლების ფარგლებში აკეთებენ განცხადებებს პოლიტიკოსები, რომ ცალკეული პირების მიმართ არსებობს კითხვები კონკრეტულ საქმებზე? აქ საუბარი არაა იმაზე, რომ რასაც ეს პერსონები ამბობენ შესაბამება თუ არა სიმართლეს. საუბარია იმაზე, რატომ არის ინფორმირებული ცლაკეულ საქმებზე "ქართული ოცნების" საპარალამენტო კორპუსი, საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და გნებავთ პრემიერ-მინისტრი.
ამ ინფორმირებულობის შემდეგ რატომ უსწრებთ ენა ცალკეულ პერსონებს და რატომ აცხადებენ საჯაროდ, რომ უკვე დაკავებულ თუ სამომავლოდ დასაკავებელ პერსონებთან (ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეებზე) "პროკურატურას აქვს კითხვები", "გამოძიებას აქვს კითხვები" და მედუდურად რატომ დასძენენ, რომ "მას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა?".
ახლა ვეკითხები კანონმდებლებს, განსაკუთრებით იურისტებს, ექსპერტებს, მოექსპერტო ელემენტებს - მაქვს თუ არა იმის უფლება, რომ მქონდეს შემდეგი საფუძვლიანი ეჭვი:
ცალკეული პარლამენტარები და მთავრობის ცალკეული წევრები დასაკავებელ პერსონებს მიანიშნებენ, რომ "ამ საკითხზე დაგკითხავენ, შეიძლება დაგიჭირონ კიდეც და თავს უშველე, მოსპე მტკიცებულებები, "დაკერე" მოწმები?
ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც ყველა ერთმანეთის ახლობელი, ნათესავი და ნაცნობია. ჰოდა, ხომ არ არის ეს ნათელ-მირონებთან პირნათლად ყოფნის ერთგვარი ტაქტიკა?
ახლა მეორე და უფრო მნიშვნელოვანი საკითხი. რა უფლებით აბარებს პროკურატურა პოლიტიკოსებს, საუბარი მაქვს მმართველი პარტიის შემადგენლობაზე, როგორც პარლამენტის წევრებზე, ასევე მთავრობის წევრებზე, ანგარიშს ცალკეულ საქმეებზე? რატომ არის ცნობილი, რატომ ანონსდება ცალკეული პირების შესაძლო დაკავების, ბრალის დამძიმების თემები?
ბატონი პრემიერი ხშირად საყვედურობს მედიას, იმის გამო რომ თურმე კითხვები არ ისმევა ნაციონალური მოძრაობის მისამართით. მაგრამ მას რატომღაც ავიწყდება, ან სათანადო განმარტებას არ უკეთებენ იმაზე, რომ საზოგადოებამ დაუსვა კითხვა ნაციონალურ მოძრაობას და მისი პასუხი რომ მიუღებელი იყო, იმიტომაც გამოუტანა 1-ელ ოქტომბერს განაჩენი.
ახლა უნდა დაისვას ის კითხვები, რომელიც ხელისუფლებას არ მისცემს თვითკმაყოფილების უფლებას, არ მისცემს თავხედობის უფლებას და არ მისცემს სამართლიანობის აღდგენის დევიზით მორიგი უსამართლობების ჩადენის უფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში სამართლიანობის აღდგენა გადაიქცევა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ სხვა ჯგუფებზე შურისძიების პროცესად და ეს არასოდეს დასრულდება.
პროკურატურის ტრასფარანტულობა, ანუ ცალკეულ საქმებზე მმართველი გუნდის ინფორმირებულობა ხომ არ არის პოლიტიკური ანგარიშვალდებულება "პატრონთა" მიმართ? რამდენად არის ეს პროცესი სასარგებლო იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებაში სხვადასხვა ინტერესების არა ერთი "ხვედელიძე" შეიძლება იჯდეს?
უფრო მეტიც, რას ემსახურება პრემიერის ან მთავრობის წევრების, უმრავლესობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობა? თავის გამოჩენის სურვილს ხომ არა - ნახეთ რა კარგად ვმუშაობთო, თუ პოლიტიკურ ვერდიქტის მოლოდინს ცალკეულ პერსონებსა და საქმებზე?
დავუშვათ ისიც, რომ ასე გუნდურად არავინ ახდენს პოლიტიკური ჯგუფის ინფორმირებულობას. (როგორც ამბობენ, ნაციონალური მოძრაობა ამას ძალიან ვიწრო წრეში აკეთებდა.) მაშინ რას ესახურება ცალკეული პირებისთვის ცალკეულ საქმეეზე ინფორმაციების მიწოდება, ვიმეორებ გამოძიებაში არსებულ საქმეებზე? და თუ ასედაც არ ხდება, მაშინ რატომ ემთხვევა პოლიტიკოსების განცხადებებს შემდგომში პროკურატურის ქმედებები? ქართველი პოლიტიკოსების "სამჭკუაშვილობაზე" საუბარი არ გვინდა - უადგილოა, შესაბამისად მათ ვერც ნოსტრადამუსობას დავაბრალდებთ, დიდი პატივი იქნება. გამოდის რომ ინფორმაცია ჟონავს? ეს მთლად უარესი. მაგრამ ხომ ცხადია, რომ მინიმუმ პრემიერ-მინისტრისთვის მსტოვრებს არ მოაქვთ ხმები იმის შესახებ თუ რა საქმეს იძიებს პროკურატურა, ვის რა ეპიზოდში დაუმძიმდება ბრალი და ასე შემდეგ?
რატომ არ აქვს ჩემს კითხვებს არსებობოს უფლება? ლოგიკურია, რომ აქვს! მაგრამ ამ კითხვეზე არც პროკურატურის და არც უმრავლესობის წევრების პასუხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი. ამ კითხვებს პრემიერმა უნდა უპასუხოს, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მან თუ არ დანერგა, მან მიიღო თამაშის ეს წესი. და რატომ? ეს ხომ მინიმუმ უსამართლობაა და რამდენად სამართლებლივია განმარტონ კანონმდებლებმა და იურისტებმა.
თუ ვინმე იტყვის, რომ მე რაღაც არასწორად გავიგე, მაშინ პრემიერის მინიმუმ 20-მდე ასეთი სახის განცხადებას გამოვაქვეყნებ ცალკეულ პერსონებზე და ცალკეულ საქმებზე. პოლიტიკოსების განცხადებებზე საუბარი არც ღირს, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრნი არიან და საკმაოდ გულუხვად აკეთებენ იმის დემონსტრირებას, რომ ინფორმირებულნი არიან.
მოკლედ რომ ვთქვა, ქვეყანაში სამართლიანობასაც და სამართალსაც სამართლებლივად უჭირს და მერე არ იყოს საუბარი იმაზე, რომ კითხვები არ დაისვა. საზოგადოებისთვის თუ ცალკეული პეროსებისთვის რა არსებითი მნიშვნელობა ვინ გამოიტანს განაჩენს სამართლიანობის ლოზუნგით სააკაშვილი თუ ივანიშვილი, ადეიშვილი თუ კბილაშვილი, ნაციონალური მოძრაობა თუ ქართული ოცნება. უსამართლობა ერთთანაც უსამართლობაა და მეორესთანაც. ახლა ის ვარკვიოთ რამდენად სამართლებლივია "არსებობს ლეგიტიმური კითხვები", "მოუწევს პასუხის გაცემა" და ათასი ამის მსგავსი. ეს არაა ის შემთხვევა როდესაც პოლიტიკური შეფასებებთან გვაქვს საქმე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსები სამართლებლივ სივრცეში იჭერებიან ან უფრო უარესი - გავლენას ახდენენ მასზე.

"ჯი-ეიჩ-ენი"
 გოჩა მირცხულავა


No comments:

Post a Comment