ამის შესახებ ელჩმა არჩილ გეგეშიძემ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებული "თავდაცვის ავტორიზაციის აქტის" კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი თქმით, "თავდაცვის ავტორიზაციის აქტში" გამოთქმული კრიტიკული შეფასებები საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ მიმართული არ არის.
"ვფიქრობ, რომ კანონპროექტში ეს სამწუხარო პასაჟი გარკვეული ძალების ხელშეწყობით მოხვდა. მათ ცალმხრივი ინფორმაციის მიწოდებით შეცდომაში შეიყვანეს ჩვენი მეგობარი კონგრესმენი ტერნერი და ზოგიერთი მისი კოლეგა",- აცხადებს ელჩი გეგეშიძე.
ელჩის განმარტებით, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, კერძოდ 5 ივნისს, კონგრესმენმა ტერნერმა წარმომადგენლობითი პალატის სამხედრო კომიტეტში კანონპროექტის განხილვის დროს საქართველოს უაღრესად ძლიერ მხარდამჭერ დებულებას მისცა ხმა, რომელიც გულისხმობდა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის არსებით გაღრმავებას. გეგეშიძის თქმით, იმისათვის, რომ ამგვარი დებულება გაჩენილიყო კანონპროექტში, საელჩომ კონგრესმენ ტერნერთან და სამხედრო კომიტეტის სხვა წევრებთან აქტიურად ითანამშრომლა და ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დებულებები სრულად აისახებოდა კანონპროექტში. მეტიც, არსებობდა იმის მოლოდინი, რომ კანონპროექტზე მუშაობის შემდგომ ეტაპზე ასევე მოხერხდებოდა დამატებითი დებულების შემუშავება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით.
მისივე განმარტებით, მოკლე დროში მოხდა ტერნერის პოზიციის რადიკალური ტრანსფორმაცია. "ის ფაქტი, რომ ერთ კვირაში მოხდა კონგრესმენ ტერნერის ხედვებში სერიოზული ცვლილება, გვაფიქრებინებს, რომ მასზე ცალმხრივად მოხდა ინფორმაციული ზემოქმედება, სავარაუდოდ საქართველოდან, რამაც შედეგად გამოიღო კანონის იმ რედაქციით მიღება, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ",-აღნიშნა აშშ-ში საქართველოს ელჩმა.
არჩილ გეგეშიძის აზრით, მიღებული დოკუმენტი უაღრესად სახიფათო დებულებებს შეიცავს და თუ ისინი საბოლოოდ აისახა კანონში, ეს პირველ რიგში ცუდი იქნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის, საქართველოს განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის და ჩვენი არაკეთილმოსურნე ჩრდილოელი მეზობლის წისქვილზე დაასხამს წყალს.
მისივე განმარტებით, სამწუხარო რედაქციით კანონპროექტის მიღება წარმომადგენლობით პალატაში მხოლოდ ერთი ეტაპია იმ გრძელ გზაზე, რომელსაც კანონის მიღება ჰქვია აშშ-ის კონგრესში. შემდგომ ეტაპზე ასეთივე კანონპროექტი უნდა შეიმუშაოს აშშ-ის სენატმა. მას შემდეგ, რაც სენატი დაამტკიცებს კანონპროექტის თავის ვერსიას, მოხდება ორივე ვერსიის განხილვა და შეჯერება ე.წ. კონფერენციაზე. ბოლოს ტექსტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება. ეს ყველაფერი რამდენიმე თვეს დაიკავებს.
გეგეშიძის თქმით, სენატის დონეზე ამ კანონზე მუშაობა საწყის ეტაპზეა. ელჩის ინფორმაციით, სენატის კანონპროექტში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს, ანუ რაც მიიღო წარმომადგენლობითმა პალატამ, სულაც არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულებულია და საქმე გვაქვს კანონიერი ძალის მქონე დოკუმენტთან. ამგვარად, ვითარება საგანგაშო ნამდვილად არ არის.
ამასთან ერთად, აშშ-ში საქართველოს ელჩი სინანულით აღნიშნავს, რომ არიან ძალები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესებით მანიპულირებას არ ერიდებიან და საკუთარი პარტიკულარული ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ამგვარი ჩანაწერით ხომ საფრთხის ქვეშ დგება ნატო-ში ინეგრაცია, MAP-ის მიღება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.
"თუკი ვინმეს აქვს პრეტენზია პატრიოტიზმზე, აქვს ქვეყნის ეროვნული ინტერსებისადმი პატივისცემა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა სხვა ინტერესი არ უნდა დადგეს, ყველამ უნდა იმუშაოს იმისათვის, რათა იმ სამწუხარო ჩანაწერს, რომელიც გაჩნდა წარმომადგენლობათა პალატის კანონპროექტის ვარიანტში, მსვლელობა არ მიეცეს,"- აცხადებს ელჩი გეგეშიძე და დარწმუნებულია, რომ ეს ასეც იქნება.
გეგეშიძე მოუწოდებს ყველას, რომ როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ეხება, ასეთი მნიშვნელოვანი თემებით მანიპულირებით ნუ შეეცდებიან ქულების დაწერას. "თუკი ამით ვინმე გაიხარებს ან ნიშნისმოგებით ისაუბრებს, მაპატიოს ყველამ, მაგრამ პოლიტიკურად უმეცარია ან - შეგნებულად მავნებელი", - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
„ინტერპრესნიუსი“
No comments:
Post a Comment