June 15, 2013

"დარწმუნებული ვარ, ყოველგვარი ეჭვი მის პოლიტიკურობასთან დაკავშირებით გამოირიცხება"

ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების პოლიტიკურობასთან დაკავშირებული ეჭვები მალე გამოირიცხება.  – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აშშ-ის კონგრესის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

იგი დარწმუნებულია, რომ საქმის არსებითი განხილვისას პროკურატურა ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ წარდგენილ ბრალს შესაბამისი მტკიცებულებებით დაასაბუთებს, რის შემდეგაც სასამართლო თავის სიტყვას იტყვის.


"არ მგონია, რომ კონგრესის განცხადებაში მტკიცებით ფორმაშია ნათქვამი ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ეს ყველაფერი. უბრალოდ მასში გამოთქმულია წუხილი იმის შესახებ, რომ დაკავებები ხდება, თუმცა არის თუ არა ეს პოლიტიკური, უნდა თქვას სასამართლომ. დარწმუნებული ვარ, პროცესები იქნება გამჭვირვალე და ყოველგვარი ეჭვი მის პოლიტიკურობასთან დაკავშირებით გამოირიცხება. მე ველოდები, რომ ძალიან მალე, როცა ამ საქმეების არსებითი განხილვა დაიწყება, პროკურატურა წარმოადგენს ადეკვატურ სამხილებს და მტკიცებულებებს და შესაბამისად დაასაბუთებს იმას, რომ ეს დაკავებები ნამდვილად არ არის პოლიტიკური. რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვა უნდა თქვას სასამართლომ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

იგი შორსაა იმ აზრისგან, რომ გახმაურებულ საქმეების მოტივი პოლიტიკური დევნა იყოს.

"მათ ძალიან სერიოზული ბრალი აქვთ წაყენებული. მძიმე დანაშაულებში ედებათ ბრალი. ვფიქრობ, როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო თავის სიტყვას იტყვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დემოკრატიის თვალსაზრისით არ გვექნება არანაირი პრობლემა, ასევე პრობლემები არ იქნება ურთიერთობებში ისეთ პარტნიორ და მნიშვნელოვან მეგობარ ქვეყანასთან, როგორიც არის ამერიკა. იგივე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი ტესტი ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ ტესტს ძალიან ღირსეულად ჩააბარებს", - აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წევრი გასამართლდა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. 

"მსგავსი ბრალდება წაუყენეს ოპოზიციის წევრებსაც, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს. ოპოზიიური პარტიის ლიდერის დაკავება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანზე 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე.", - ნათქვამია კონგრესის განცხადებაში. 

ამავე განცხადების მიხედვით, "საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე".

TIMER.GE

2 comments:

  1. ნაც. ლენინელ დამნაშავეებს, უნდათ დააჯერონ ქართული საზოგადოება, რომ ამრიკის სახელმწიფოს პოზიციას წარმოადგენს დამნაშავე სახელმწიფო ჩინოვნიკების დაცვა და (საერთაშორისო და სახელმწიფო) კანონის მოთხოვნების იგნორირება? დედამიწაზე ვის ააქვს უფლება სამართლიანობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დარღვევა მოითხოვოს? ეს თუ მართლაც ესეა რასაც ლომაია ამბობს, გამოდის რომ სისხლის სამართლის დამნაშავე სახელმწიფო ჩინოვნიკების ,,გადარჩენას" (სამართლიანობის პრინციპების უგულვებელყოფის ხარჯზე!) ცდილობს ამერიკის კონგრესის ზოგიერთ წარმოადგენელი, მხოლოდ თავისი პირადი ინტერესების გამო, რადგან არ გამომჟღავდეს მათი პირადი კორუფციული სახის ურთიერთობა ნაც. პარტოკრატიასთან (და არ დაზიანდეს დღემდე არსებული კორუფციული სქემების გზები და პირები!) - აქ სხვა ლოგიკა არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კონგრესმენებმა წარმოადგინონ ფაქტობრივი მასალები თუ რა პოლიტიკურ დევნაზე და შერჩევით სამართალზე საუბრარი? (ამ საკითხებზე რომ მოახერხოს რეაგირება ქართველმა ამომრჩეველმა!)

    ReplyDelete
  2. მე რომ მკითხო, შესაბამისმა არასამთავრებო ორგანიზაციებმა, ჯერ თვით ამერიკის კონგრეს უნდა მოთხოვოს წარმოადგინოს ამ განცხადების დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალები (საზოგადოების რეაგირებისთვის), ხოლო არაკომპეტენტური პასუხის შემთხვევაში, ამ არაკომპეტენტური განცხადების ხელმომწერი კონგრესმენების წინააღმდეგ, თვითონ ამერიკის სასამართლოში უნდა მოითხოვონ ქართულმა არასამთავრებოებმა, რომ გადმოეცეთ ამ განცხადების დამადასტურებელი ფაქტობრივი მტკიცებულება ან წინააღმდეგ შემთხვევაში მოიხადონ ბოდიში ქართული და მსოფლიო საზოგადოების (ნებსით თუ უნებლიედ) შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის... ასევე არ დაგავიწყდეთ რომ კონგრესში საკმაოს ,,ბევრია" ნაც პატოკრატთა ინტერესების დამცველი კონგრესმენები (რომლებსაც ხელფას უხდიან და რომლებიც გრანებს ,,კურირებენ") და ასევე ძლიერი სომხური ლობი, რომელთანაც დიდი ხანია თანამშრომლობს, როგორც ნაც. ლენინელთა პარტოკრატი (სომხური ლობი ასევე წაროადგენს ამერიკის კონგრესში, რუსეთის ინტერესების დამცველთა ჯგუფს!) ...

    ReplyDelete