საქართველოს მთავრობის განცხადებით, "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის".
"26 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა საკუთარი პოლიტიკა კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" წევრთა ბრალდებები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უსაფუძვლოა, ხოლო დეზინფორმაციაზე დამყარებული პოზიცია საქართველოს მიმართ საფრთხეს უქმნის შემდგომ დემოკრატიულ რეფორმებს ქვეყანაში.
სამშაბათს "ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა ევროპარლამენტარებმა გამართეს მოსმენა კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრების დაკავებასთან დაკავშირებით.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ახალი ხელისუფლება ცდილობს, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას, რაც ფართოდ გავრცელებულ დაუსჯელობასთან გამკლავებას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას მოიცავს, რა მიზნითაც ხორციელდება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების სამართალში მიცემა. "ევროპის სახალხო პარტიის” ზოგიერთი წევრი ევროპარლამენტარის აზრით, ასეთი მიდგომა საფრთხის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში”, - აღნიშნულია მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ადამიანის უფლებათა და გენდერულ თანასწორობის საკითხებში თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ხელისუფლებას კანონის უზენაესობის განმტკიცება მოსთხოვა.
"ჩვენ სწორედ ასე ვმოქმედებთ საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ, ევროკავშირის წარმომადგენლის, თომას ჰამარბერგის ჩათვლით, ასევე უზუნველვყოფთ ტელეკამერებისათვის სასამართლო დარბაზების ხელმისაწვდომობას. ბრალდება, თითქოს ჩვენ არ ვუჭერდეთ მხარს დემოკრატიას და საფრთხეში ვაგდებთ ევროინტეგრაციას, არაპროდუქტიული და არაინფორმირებული განცხადებაა, რაც, ფაქტობრივად, ჩვენს ძალისხმევას ძირს უთხრის. ჩვენ კვალავ გვაქვს იმედი და გვინდა მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროპული პარტნიორობის ვილნიუსის სამიტამდე. თუმცა, ვშიშობთ, ამ მოსმენაზე გამოთქმული მოსაზრებების მსგავსი განცხადებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ამ პროცესს, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების მიერ წამოწყებული დემოკრატიული რეფორმების გაღრმავებისათვის",- განაცხადა ჩუგოშვილმა.
ინგა მურუსიძე
No comments:
Post a Comment