June 27, 2013

ჩხეიძემ ბაკომატიდან 150 050, ავალიანმა - 754 460, ალავიძემ - 853 625, თაბუაშვილმა - 847 123, გოდაბრელიძემ კი - 1 400 905 ლარი გაიტანეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მერიის მაღალჩინოსნების მიერ ბანკომატებიდან დიდი ოდენობით თანხების გამოტანის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. 

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან დედაქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, მერიის მიერ დაფუძნებულ სპეციალურ ფონდებში აკუმულირებული ათეულობით მილიონი ლარის მართლსაწინააღმდეგო განკარგვის ფაქტებს დეტალურად სწავლობს.


"გამოძიებით უტყუარად დადასტურებულია, რომ თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი მიმალვაში იმყოფება, სხვადასხვა ტიპის თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი უშუალოდ ბანკებიდან ნაღდი ფულის სახით არის გამოტანილი და სავარაუდოდ, მითვისებული. თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ, თავისი მასშტაბებით ამ უპრეცედენტო კორუფციული საქმის მტკიცებულებებს, კერძოდ, გამოძიების პროცესში მოპოვებულ ვიდომასალებს, რომლებზეც დედაქალაქის მერიის მოხელეები განსაკუთრებული აღტკინებით პლასტიკური ბარათების გამოყენებით იტაცებენ თბილისელებისაგან გადასახადების სახით აკრეფილ თანხებს, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა", - განაცხადეს ფინანსურ პოლიციაში და თვალსაჩინოებისთვის ბანკომატებთან გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინეს.

ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილემ დიმიტრი ჩხეიძემ ბაკომატიდან 150 050 ლარი გაიტანა, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით ავალიანმა - 754 460 ლარი, 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ - 853 625 ლარი, თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა ალექსი თაბუაშვილმა - 847 123 ლარი, 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრმა გიორგი გოდაბრელიძემ კი - 1 400 905 ლარი. 


ნათია რუხაძე
„პირWელი“

No comments:

Post a Comment