June 21, 2013

"სამეგრელოში აღმოჩენილი ფირები პირველ რიგში, საპარლამენტო უმცირესობამ, სააკაშვილმა და მერაბიშვილმა უნდა ნახონ"

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სამეგრელოში აღმოჩენილი ფირები, უპირველეს ყოვლისა, საპარლამენტო უმცირესობამ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უნდა ნახონ. 


"სამალავში აღმოჩენილი კადრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შავ ლაქად დარჩება, უნდა ნახოს ყველა დაინტერესებულმა პირმა ერთადერთი პირობით, რომ იქ მსხვერპლის ვინაობის შეცნობა შეუძლებელი იყოს. ეს კადრები, ამგვარად დაშტრიხული და დაშიფრული, პირველ რიგში, უნდა ნახოს საპარლამენტო უმცირესობამ, საქართველოს პრეზიდენტმა, აგრეთვე, ამგვარად დაშტრიხული-დამუშავებული, პირველ თუ არა, მეორე რიგში, უნდა ნახოს აწ უკვე პატიმარმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, რათა მათ ერთხელ და სამუდამოდ გაითავისონ, თუ რამხელა სისტემური დანაშაულის პირობებში აცხოვრებდნენ ქვეყანას მთელი 9 წლის განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, დადგინდეს, თუ ვინ ხელმძღვანელობდა იმ კრიმინალურ სისტემას, რომელიც მეფობდა საქართველოში და რომლის პირობებშიც შესაძლებელი იყო შემდეგი: ამგვარად ეწამებინათ ადამიანები და გარე-გარე ეძახათ, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიის შუქურა", - განაცხადა წულუკიანმა. 

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ "მისი მმართველობის დროს შსს-ში სადისტები და მოძალადეები შეიპარნენ", მინისტრი აცხადებს, რომ "დამნაშავეების ღვინის ქურდებად წარმოჩენა დაუშვებელია". 

ნათია რთველიაშვილი
„პირWელი“

No comments:

Post a Comment