June 10, 2013

ერთი დღის ორი ამბავი და ერთი “შემოქმედი”

"9 ივნისს საოცრად დაემთხვა მეორე, დიდი ხნის წინ გამოცხადებული მოვლენა: მოსამართლეთა მე-10, რიგგარეშე კონფერენცია – დიდი ხნის წინ გამოცხადებული და დაანონსებული შეკრება, რომელსაც სააკაშვილის და ადეიშვილის ხელში გაბახებული და გაუბედურებული სასამართლოს რეფორმის გზაზე თითქოსდა გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა.

კარგად ვიცი, როგორ მოწამლეს და მოსპეს ზემოთხსენებულმა პოლიტიკოსებად ცნობილმა კრიმინალებმა სასამართლო და სამართალი, როგორ აქციეს პროკურორები – ყოვლისშემძლე უზნეო პროკურატორებად, მოსამართლეები – აგარაკებით და ნაჩუქარი სახლებით, მაღალი ხელფასებით და პრემიებით მოსყიდულ სულგაყიდულ მონებად, ხოლო ადვოკატების გარკვეული ნაწილი – საპროცესო გარიგებების მომრიგებელ მაკლერებად. ისიც მესმის, რომ სასამართლოს, რომელიც აშკარა დანაშაულს ჩადიოდა და ხელს აფარებდა, რომელიც ბრალდებულს მხოლოდ 0.04%-ში ამართლებდა, ერთი კონფერენცია კი არა, ავგიას თავლის მსგავსად, ნიაღვარი თუ გამორეცხავს უწმინდურობისაგან. და მაინც უნდა გამოვტყდე, მჯეროდა, რომ მოსამართლეთა ნახევარს მაინც ექნებოდა იმის გამბედაობა, რომ სააკაშვილის უზნეო სასამართლო სისტემის უტიფარი დემაგოგებისათვის – კუბლაშვილისა და მეიშვილისათვის ახლა მაინც გაებედათ და პირში ეთქვათ, რომ მათი დიქტატით, და არავის დიქტატით (!), ცხოვრება აღარ სურთ, რომ კანონს სურთ ემსახურონ და არა – კანონდამრღვევ პოლიტიკანებს, რომ სამართალია უზენაესი და არა უზენაესი სასამართლოს მიშასლაქია თავმჯდომარე, რომელიც მილიონერად ქცევის სურვილით ნაციონალური მოძრაობის ყურმოჭრილ მონად იქცა.
მწარე იმედგაცრუება განვიცადე!
აი, რა განაცხადა კონფერენციაზე დამკვირვებლად დამსწრე პარლამენტარმა, თავადაც იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა:
,,… ამ შემთხვევაში გამოიკვეთა მოსამართლეთა ორი ფრთა. მე, როგორც დამკვირვებელი, ვაკვირდები და ვხედავ, რომ ერთია პროგრესული ფრთა, რომელიც გამოდის, საუბრობს, ეთიკას იცავს, კანონებს ეყრდნობა და მეორე ფრთა, რომელიც ხმას არ იღებს და მხოლოდ ტაშს უკრავს. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. კენჭისყრებმა აჩვენა, რომ სადღაც 90 მოსამართლე განწყობილია იმისთვის, რომ მოსამართლის ღირსება დაიცვას და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას საფუძველი ჩაუყაროს. ეყოფა თუ არა 90 მოსამართლის ხმა და ნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, მე ამის პროგნოზირება გამიჭირდება…”
დავუშვათ, ძნელია ადამიანს, რომელიც შენი კორპორაციის უზენაესი პირია და ერთპიროვნულად წლების განმავლობაში განაგებდა უზენაეს საბჭოსაც და იუსტიციის საბჭოსაც, და რომელსაც ერთადერთს და განუმეორებელს შეეძლო, დაესახელებინე კარიერული ზრდისთვის, თუ ეს გზა და ჟანგბადიც გადაეკეტა – მართლაც ძნელია ამ ადამიანს ხელი დაადო და სისტემის მოსპობაში ბრალი ხმამაღლა და ყველას თვალწინ დასდო! მაგრამ ის მაინც ხომ შეიძლებოდა, რომ მისთვის, ან მისი ბურჯი დამქაშებისათვის კითხვა დაგესვათ? რამე კონკრეტული საკითხი ისე დაგეყენებინათ, რომ მათ თავიანთი ბინძური მაქინაციების ძველებურად გაგრძელების შანსი შეზღუდოდათ?
აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას არა მარტო თავად არ სურდა კითხვების დასმა, არამე აქტიურად განწყობილ კოლეგებსაც არ მისცეს კითხვის დასმის საშუალება!
როცა ერთეული გამბედავი მოსამართლეები (ნათია წკეპლაძე, ბესიკ სისვაძე…) რაიმე საკითხზე სასამართლო სისტემის უზურპატორებთან დაპირისპირებას ლამობდნენ, მორჩილი უმრავლესობა მათ ხელს კი არ უწყობდა, ყოველნაირად უშლიდა – უდროობის მომიზეზებით, რეგლამენტის ხელუხლებლობის მომიზეზებით, თუ „სადილზე დროულად გასვლის“ (!!!) მარაზმატული სურვილის დაფიქსირებით!
საშინელება იყო გუშინდელი კონფერენცია! უსამართლობის და უპრინციპობის აპოთეოზი!
და სიტყვები? გამოსვლები? ესაა ჩვენი მოსამართლეთა კორპუსი? მოსამართლეს სიტყვა მაინც ხომ უნდა უჭრიდეს (ნამუსზე რომ უმრავლესობა მწყრალად იყო, აშკარაა :( )
მოსამართლეთა კონფერენციებზე გამომსვლელთა უმრავლესობის სიტყვებს რომ ვუსმენდი, კედლებზე ბრეჟნევის სურათს ვეძებდი და სულ იმის მოლოდინი მქონდა, რომ მალე საბჭოთა კავშირის ჰიმნსაც დაუკრავდნენ…
3 წუთი რომ გაქვს რეგლამენტი და 5 წუთი რომ რაღაც ზოგადსაკაცობრიო ფრაზებს ისვრი და იმას ჰპირდები კოლეგებს, რომ პრემიებისთვის და ხელფასების გასაზრდელად ბრძოლაში დახარჯავ მთელს შენს ენერგიას და ენთროპიას!.."

"ეს კონფერენცია – სასამართლოს რეფორმირების დასაწყისი კი არა – სრული ბრეჟნევშჩინა იყო!
რამდენიმე ადამიანის გარდა, აბსოლუტური უმრავლესობის მიზანი იყო სადმე შეყუჟულიყო, კადრში არ მოხვედრილიყო, პირზე ბოქლომი დაედო და არავითარ შემთხვევაში არ შეწინააღმდეგებოდა სხდომის წამყვანის – კოტე კუბლაშვილის რაფინირებულ დიქტატს, არატრანსპარენტულობას და დემაგოგიას.
ყველა იმ მოსამართლეს მინდა მივმართო, ვინც ნაცმოძრაობის მიერ წლობით ჩაკეტილი გალიის გახსნის შემდეგაც მაინც შიგ დარჩენა და ხელიდან საკენკის კენკვა არჩია თავისი აზრის დაფიქსირებას და მონიჭებული თავისუფლებით სარგებლობას:
“Рожденный ползать – летать не может!” :(
სამართალმა დღეს პური კი არა, ჟანგა ჭამა!
საბოლოოდ კი ყველა კანდიდატურა იმ ნაცმოძმორჩილმა უმრავლესობამ გაიყვანა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, კუბლაშვილის ერთგული დარჩა და პირველივე ტურში 2/3-ით აირჩია კუბლაშვილის მოადგილე და მარჯვენა ხელი – ზაზა მეიშვილი. ასე რომ ეს 7 და კუბლაშვილი უკვე აბსოლუტური უმრავლესობაა, რადგან საბჭოში სულ 14 წევრი უნდა იყოს! ჩათვალეთ, რომ სწორედ ისევ კუბლაშვილი, ან თუ მას აღარ შეუძლია – მეიშვილი გახდება საბჭოს თავ-რე! რაც შეეხება დარჩენილ 6 წევრს, იქედანაც 2 წევრი მთელი პარლამენტის 2/3-ით უნდა აირჩეს, რაც არარეალურია, ასე რომ მხოლოდ 4 წევრი შეიძლება აირჩეს ამჟამად (ისეთი, რომელსაც უმრავლესობის ხმები ეყოფა) და ეს იქნება 8:4 შეფარდება, რაც იუსტიციის საბჭოს ლამის ისეთივე მკვრადშობილად აქცევს, როგორც იყო. ახლა საკითხი მხოლოდ ასე დგას – ვისი ერთგული იქნება კუბლაშვილი – სააკაშვილის და ნაცმოძრაობის, თუ – ივანიშვილის და ოცნების. და მე ასეთი იუსტიციის საბჭო ნებისმიერ შემთხვევაში არ მიმაჩნია მისაღებად! თანაც რატომღაც მგონია, რომ კუბლაშვილი ისევ ნაცმოძრაობის ერთგული დარჩება, რომელსაც მასზე უდავოდ კომპრომატები ექნება!
საქმეში ჩახედული ზოგი ადამიანის აზრით, ამ წუთისათვის მაინც (ვიდრე პარლამენტს საბჭოში არამოსამართლე წევრები არ აურჩევია) იუსტიციის საბჭოს ეს შემადგელობა წინაზე უარესიც კია!
ჩემი აზრით, სასამართლო ხარვეზების დამდგენი საპარლამენტო კომისია უნდა ამუშავდეს, და ყველა “ჩემიები” უნდა დისციპლინარული წესით მოიშორონ თავიდან. არ შეიძლება მოსამართლედ უვადოდ ნიშნავდე ადამიანს ვისაც გირგვლიანების ოჯახის ამოწყვეტაში აქვს ხელი გასვრილი და ათას ეგეთ საქმეებში – ათობით იმ მოსამართლეს, ვინც დღეს მონობის ქრესტომათია იყო!"

 SolomonTernaleli
solomonternaleli.wordpress.com
სტატია სრულად: http://goo.gl/QrJWd

No comments:

Post a Comment