June 18, 2013

იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები: არასაპარლამენტო ოპოზიციის საპარლამენტო ვნებები

"გააჩნია, ვინ იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე მე-2 და რამდენ ხმას აიღებს "ოცნების" კანდიდატი", - ამბობენ ექსპერტები

პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ბოლო დროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე აქტიურად ალაპარაკდა. პირველად ეს თემა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ წამოწია. შემდეგ მას პარტია "თეთრებიც" აჰყვა და ბოლოს, სულ რამდენიმე დღის წინ, რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად რეფერენდუმის მოთხოვნით ცესკოს განცხადებით პარტია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე სოსო მანჯავიძემ მიმართა.

რიგგარეშე არჩევნების მსურველთა მთავარი არგუმენტი ისაა, რომ დღევანდელი პარლამენტი საზოგადოების განწყობას ვერ ასახავს და "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორითაც ის წარმოდგენილია პარლამენტში.
როგორც პოლიტოლოგები ვარაუდობენ, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები აჩვენებს, რამდენად შესაძლებელია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოხდეს და, მაგალითად, თუკი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დიდი პროცენტით მოიგებს, ამან შესაძლოა, მმართველ ძალას უფრო მეტის იმედი გაუჩინოს.
"მთელ კვირასთან" საუბრისას ყველა პოლიტოლოგი ასევე ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე არახელსაყრელი "ნაციონალური მოძრაობისთვისაა", რადგანაც ეს პარტია ყველაზე ოპტიმისტური შედეგის გათვალისწინებითაც კი ვერანაირად ვერ მოახერხებს იმ 43%-ის მიღებას, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების მართვის პირობებში შეძლეს და თან, ბოლო კვლევებით, პარტიის რეიტინგი მხოლოდ 10% დაფიქსირდა.
ექსპერტთა ნაწილი თანხმდება იმაშიც, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაინცდამაინც არც მმართველ პარტიას აძლევს ხელს და ამის ერთერთი მიზეზი ისაა, რომ კოალიციის ერთიანობის ერთ-ერთი შემანარჩუნებელი სწორედ ძლიერი ოპონენტი - "ნაციონალური მოძრაობაა".
ერთადერთი, მხოლოდ პარლამენტს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალები იმედოვნებენ, რომ ვადამდელი არჩევნებით იქნებ მანდატების მიღება შეძლონ და ამიტომაც ბოლო დროს ამ მიმართულებით მხოლოდ ისინი აქტიურობენ.
"დღეს მმართველი პოლიტიკური ძალის რეალური ალტერნატივა "ნაციონალური მოძრაობა" არ არის და მათი გარკვეული ნაწილი, ვინც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არ არიან, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში არჩევანს პარლამენტს მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ ძალებზე შეაჩერებს.
"თანაც, ვიცით, რომ გარეთ დარჩენილი პარტიების დიდი, სოლიდური, ნაწილი უპირატესად პრორუსულად განწყობილები არიან და ეს მათ შანსებს ზრდის, იმიტომ, რომ საზოგადოებაში პრორუსულად განწყობა უფრო და უფრო იკიდებს ფეხს," - აცხადებს პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.
მისივე თქმით, კოალიცია "ქართული ოცნება" ერთიანი სხეული, ერთი ინტერესებით გაერთიანებული პოლიტიკური ძალა არ არის და თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ეჭვი ეპარება, რომ მმართველი კოალიცია არჩევნებზე დღეს არსებული შემადგენლობით წარდგება.
"ეჭვი მეპარება, მმართველი კოალიცია დღეს არსებული შემადგენლობით გავიდეს, რადგან ის "ნაციონალური მოძრაობის" დასამარცხებლად ერთი ადამიანის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი სტრუქტურაა. როდესაც არ იქნება ანტისაზოგადოებრივად განწყობილი პოლიტიკური კონკურენტი - "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნების" კოალიციის ერთიანობის აუცილებლობაც აღარ იქნება. ასეთ სიტუაციაში კოალიციაში შემავალი ბევრ პარტიას უზარმაზარი ალბათობა აქვს, რომ პარლამენტს მიღმა დარჩეს. ამიტომაც მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს ვადამდელი არჩევნები არაფერში სჭირდებათ", - განმარტავს ლაგაზიძე.
ფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხელს აძლევს იმათ, ვინც დღეს ამ თემაზე აქტიურობენ, ანუ არასაპარლამენტო ოპოზიციას, მაგრამ მეტ-ნაკლებად ასევე "ქართულ ოცნებასაც". მმართველ ძალას იმიტომ, რომ დღევანდელი პარლამენტი ქვეყანაში ძალთა გადანაწილების რეალურ სურათს არ ასახავს - პარლამენტში 43%-ით შესულ "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებაში 43%-იანი მხარდაჭერა არ აქვს. ამიტომაც "ქართული ოცნებისათვის" ხელსაყრელი იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც ოპონენტს ისეთი მძაფრი ბრძოლის სურვილი და უნარი არ ექნება, როგორიც დღეს ყოფილ სახელისუფლებო პარტიას აქვს.
რამაზ საყვარელიძე: "კვლევები გვიჩვენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 10%-ის ფარგლებშია, "ქართულ ოცნებას" კი რეიტინგი ისევ შენარჩუნებული აქვს. რამდენად მყარია ეს პოზიცია, არ ვიცით, მაგრამ დღეს სახელისუფლებო ძალას უფრო მყარი პოზიცია უჭირავს. რიგგარეშე არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" დღეს რაც აქვს იმაზე მეტი ხმაც რომ ვერ აიღოს, "ნაციონალებს" მაინც დაშლიან და მათ მონოლითურობას დაარღვევენ და ამდენად მასთან ურთიერთობა "ოცნებისთვის" უფრო იოლი იქნება."
პოლიტოლოგის თვალსაზრისით, "ქართული ოცნების" დაშლის თემა იქამდე არ დადგება, სანამ რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე ხმები არ გაიყოფა და ასევე, სანამ საზოგადოება მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული არ იქნება. ჯერჯერობით კი ასეთი რამ ჰორიზონტზე არ ჩანს.
"კოალიცია ალბათ ნელ-ნელა დაიშლება, მაგრამ არა ახლა. მათი ერთიანობის მთავარი მიზეზი ივანიშვილის ავტორიტეტია. მისი პიროვნული წონის დამსახურებაა კოალიციის პარტიების პარლამენტში შესვლა. გარდა ამისა, ზოგადი პოზიციები საერთო აქვთ, რაც იგივე "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ერთიანობას გულისხმობს, ასევე დემოკრატიის და გეოპოლიტიკური ორიენტაციის მიმართ ერთიან პოზიციებს.
"რაც უფრო მეტი ახალი თემის განხილვა დაიწყება, მაგალითად, ისეთის, როგორიც განათლების კანონპროექტია, კონკრეტულ საკითხებზე წყალგამყოფებიც გაჩნდება. მეორე მომენტიცაა - კოალიცია დაიშლება მაშინ, როდესაც მოსახლეობა მის მიმართ კრიტიკული გახდება. გაიხსენეთ, შევარდნაძეს რეფორმატორების გუნდი - სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძე მაშინ გამოეყო, როდესაც საზოგადოების უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. როდესაც კონკრეტული პარტიისათვის წამგებიანი იქნება კოალიციაში ყოფნა, ჩნდება დაშლის თემა," - განმარტავს საყვარელიძე.
რამდენად შესაძლებელია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს? - საყვარელიძე აცხადებს, რომ გააჩნია, რამდენად აქტიური იქნებიან თავის მოთხოვნაში არასაპარლამენტო ოპოზიცია და საზოგადოება და ასევე მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ისიც, რამდენი პროცენტით გაიმარჯვებს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი.
"საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ყურება აღარ სურს, არის იმის ძლიერი მუხტი, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თემა დღის წესრიგში დააყენოს. ასევე, თუკი მარგველაშვილი მაღალი პროცენტით გაიმარჯვებს, შესაძლოა, სახელისუფლებო ძალა აჰყვეს არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას.
"ეს თემა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და რთულია, დღევანდელი მომენტიდან განსაზღვრო, თუ რომელი ფაქტორი ამოტივტივდება იმ პერიოდისთვის, როდესაც ამ თემაზე საუბარი გახდება საჭირო. საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი "ქართულ ოცნებას" მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენის პოლიტიკური ნება არ ექნება," - ამბობს საყვარელიძე.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება ნაკლებად სავარაუდოა. ერთი, რომ ეს მმართველ ძალას ხელს არ აძლევს და მეორეც - არც ქვეყანას აწყობს ამ პრეცედენტის დაშვება, რადგანაც მომავალშიც მუდმივად იარსებებს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა იმ ძალებისგან, რომლებიც არჩევნებში დამარცხდებიან.
ნიკა ჩიტაძე: "ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა და რიგგარეშე არჩევნები, სავარაუდოდ, არ იქნება. ეს "ქართულ ოცნებას" არ აწყობს. ისინი პარლამენტში უმრავლესობას ისედაც ფლობენ. თანაც, იმ ადამიანების ნაწილი, რომლებმაც ხმა "ქართულ ოცნებას" მისცეს, დაპირებების არშესრულების გამო იმედგაცრუებულია. ამიტომაც დღევანდელ მმართველ ძალას არ აქვს გარანტია, რომ ხელახალი არჩევანის პირობებში მილიონ 200 ათას ხმას მიიღებს.
"რაც დრო გადის, მათი რეიტინგის დაცემა კიდევ უფრო მოსალოდნელია. დღეს რეფორმების ვერგატარების გამო თავს იმით იმართლებენ, რომ პრეზიდენტად სააკაშვილია. თუკი პრეზიდენტად მათივე კანდიდატი, მარგველაშვილი მოვიდა, მით უმეტეს კოალიციის მიმართ მეტი მოთხოვნა იქნება.
"დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, პრემიერ-მინისტრს დევნილებმა ბათუმში გზა გადაუკეტეს. ამ ფონზე, კოალიციას ვადამდელი არჩევნები ხელს არ აძლევს.
"არჩევნები არც "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს, იმიტომ, რომ ისინი სოლიდური შემადგენლობით არიან პარლამენტში წარმოდგენილნი. ერთადერთი არასაპარლამენტო ოპოზიციას აქვს პერსპექტივა, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაცრუებული იმედების ფონზე 5%-იანი ბარიერი გადალახონ. "დემოკრატიულ მოძრაობასა" და "ქრისტიან-დემოკრატებს" აქვთ იმედი.
"ბურჯანაძე, ისევე როგორც "ქართული ოცნება", პრორუსული ორიენტაციისაა და "ოცნებისაგან" იმედგაცრუებულები ხმას ბურჯანაძეს მისცემენ. ამიტომაც ამ მიმართულებით მათი მოთხოვნა არსებობს, მაგრამ არჩევნების მოლოდინი არ არსებობს."
ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ალბათობა მომავალ წელს იქნება და ეს დიდწილად დამოკიდებულია, თუ ვინ და რამდენი პროცენტით გავა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ადგილზე: "მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება და ეს არჩევნები შეიძლება სამომავლოდ ახალი პოლიტიკური რეალობის საფუძველიც კი გახდეს."
ხათუნა ლაგაზიძე: "საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვინ გავა მეორე ადგილზე და მეორე ადგილზე გასული კანდიდატი პროცენტულად რამდენად იქნება დაახლოებული პირველ და მესამე ადგილზე გასული კანდიდატებთან.
"თუკი მეორე ადგილზე გასული კანდიდატი არა "ნაციონალური მოძრაობიდან" ფაქტობრივად პირველ ადგილზე გასულს დაეწია და დანარჩენები დიდი მანძილით ჩამოიტოვა, ამ შემთხვევაში ქვეყანაში ის "მეორე" წონად ძალად გაფორმდება. ამ შემთხვევაში, იმისთვის, რომ პარლამენტმა საზოგადოების რეალური განწყობა ასახოს, ეს შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევების დანიშვნის დამატებითი არგუმენტაცია გახდეს.
"მეორე მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი მოღვაწეობა მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მზად არიან საკუთარი პოლიტიკური პოზიციების შენარჩუნებისთვის. ამ თვალსაზრისით შეიძლება კარგიც იყოს, საზოგადოებამ მათ მიმართ განწყობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დააფიქსიროს.
"ბევრი არგუმენტია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის სასარგებლოდ, მაგრამ მე არ ვემხრობი. შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თემა ძალიან სერიოზული პოლიტიკური მანიპულაციების საფუძვლად იქცეს, ხვალ და ზეგ ვინმე სხვას, პარლამენტში მისთვის არასასურველ ძალთა გადანაწილების პირობებში, გაუჩნდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის სურვილი."
ლაგაზიძის ინფორმაციით, იდეის დონეზე განიხილება, რომ პარლამენტმა დეპუტატების გამოწვევის ინსტიტუტი შემოიღოს. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაში არის ასეთი ფორმა - დაპირებების შეუსრულებლობის და ა.შ. შემთხვევაში, ამომრჩეველს საშუალება აქვს, ვადამდე გაიწვიოს არჩეული მაჟორიტარი. ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ეს ჩვენს პირობებში სახიფათოა, რადგან ხელისუფლებას ყოველთვის ექნება ცდუნება, ამომრჩეველს მისთვის არასასურველი დეპუტატი გააწვევინოს და ეს დეპუტატების დაშანტაჟების საგანი გახდეს და თუ ეს მექანიზმი შემოიღეს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი აღარ იქნება.

ეკა ბასილაია
resonancedaily.com

No comments:

Post a Comment