June 18, 2013

ლევან ალაფიშვილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ ალაფიშვილმა გაზეთ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.

"კონსტიტუციის ის მოდელი, რომელიც შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, ვერ შევა ძალაში, თუკი მოქმედი პრეზიდენტი ვადაზე ადრე გადადგება. თუ ასე მოხდა, "ქართულ ოცნებას" მოუწევს, საპრეზიდენტო კანდიდატი შეცვალოს და მოქმედმა პრემიერმა თავისი კანდიდატურა წამოაყენოს. მხოლოდ ეს იქნება გადარჩენის ერთადერთი გზა, რომ კოალიცია არ დაიშალოს, რადგან გიორგი მარგველაშვილისადმი პატივისცემის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ის 45 დღეში ძალების მობილიზებას ვერ შეძლებს. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში პრეზიდენტს ზუსტად ის უფლებამოსილებები ექნება, რაც მოქმედ პირველ პირს აქვს", - განაცხადა ალაფიშვილმა.


მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, ვადაზე ადრე გადადგომა ოპტიმალური გამოსავალი იქნება.

"ამ შემთხვევაში მას ექნება საშუალება, შელახული იმიჯი ნულს ზემოთ ოდნავ ასწიოს. სასაუბრო ექნება უცხოელებთანაც და მისი მომავალი პოლიტიკური კარიერისთვისაც ყველაზე კარგი გზა იქნება. სააკაშვილის ვადამდე ადრე გადადგომა "ნაციონალურ მოძრაობას" საშუალებას მისცემს, საკუთარი თავის ადაპტირება მოახდინოს. საუბარი მაქვს მომავალი რამდენიმე წლის პერსპექტივაზე, თორემ მომავალ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს წარმატების შანსი არა აქვს", - აღნიშნა ალაფიშვილმა.   

ექსპერტის თქმით, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობა და არჩვნების შედეგები, მაღალი ალბათობით, დამოკიდებული იქნება მეორე ტურზე. ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად თავის თავს წამოაყენებს, მაშინ მან მოქალაქეობის საკითხი აუცილებლად უნდა მოაგვაროს.

"მოქალაქეობის საკითხი ბევრ თემაში ძალიან ხელისშემშლელი ფაქტორია. მაგალითისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონმდებლობით საიდუმლო ინფორმაციებზე წვდომა არ აქვს. რეალურად, თუ დღევანდელი მოდელი დარჩა და გვეყოლება უცხო ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტი, მაშინ აბსოლუტურად ყველაფერი თავიდან უნდა დაიწეროს", - განაცხადა ალაფიშვილმა. 



ინგა მურუსიძე
„პირWელი“

No comments:

Post a Comment