June 9, 2013

"შევთხვოთ უფალს, რომ გაამწესო სულნი მათნი, სადაცა წმნიდანნი და მართალნი განისვენებენ"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს განცხადებით, "ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - ჩვენი ვაჟკაცები ცოცხალნი არიან".


ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ამ წუთებში ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამოქალაქო პანაშვიდი აღევლინება.

"ძნელია, დღეს ვთქვათ სანუგეშო სიტყვები ასეთი ტრაგედიის წინაშე. დღეს გლოვობს მთელი საქართველო, დღეს დასტირის მთელი საქართველო ჩვენს ვაჟკაცებს. ვერავინ ვერ ახსნის განგებას ღვთისას, ნებას ღვთისას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ ჩვენი ვაჟკაცები, ჩვენი შვილები ცოცხალნი არიან, იმათი სულები დღეს დაგვტრიალებენ ჩვენ და თხოულობენ ჩვენგან ჩვენს ლოცვებს. მე მესმის რამდენად მძიმეა ეს ოჯახისთვის. არანაკლებად მძიმეა ეს საქართველოსათვის, ჩვენი სამშობლოსთვის, პირადად ჩემთვის, ჩვენი ეკლესიისთვის. ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის სახელით მიიღეთ თანაგრძნობა და შევთხვოთ უფალს, რომ გაამწესო სულნი მათნი, სადაცა წმნიდანნი და მართალნი განისვენებენ", - ბრძანა უწმინდესმა.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული 7 ქართველი ჯარისკაცი - I კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, I კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი, I კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, კაპრალი გიორგი ადამოვი, კაპრალი ბორის ცუგოშვილი და კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე - სამშობლოში დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს.


ნინო ჩიჩუა
„პირWელი“

No comments:

Post a Comment