ციხიდან გათავისუფლებული პატიმრები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფულის კეთების სქემაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მათ მიერ გაწეული სამსახურისთვის არც ერთი თეთრი არ აუღიათ.
როგორც გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილი პატიმარი ჯაბა ზაგაშვილი ყვება, მას პატიმრობის ვადა 31 მაისს ამოეწურა და გათავისუფლდა, ხოლო 2009 წლის ნოემბრის თვიდან ციხეში მუშაობდა.
"#1 საპყრობილეში რომ ვიყავი, იქ 40 კაცი ვმუშაობდით, უფრო დიდ დაწესებულებებში, როგორც ვიცი უფრო მეტი პატიმარია დასაქმებული. გლდანის ციხეში კი 200-მდე პატიმარი მუშაობს. მუშაობა დილიდან გვიან ღამემდეა. პატიმრობის შესახებ კოდექსში მითითებულია, რომ ამ შრომაში დეპარტამენტმა თანხა უნდა გადაიხადოს და პატიმარს ხელფასი უნდა ჰქონდეს. ბანკში ყველას გაქვს ანგარიში გახსნილი, სადაც ოჯახის წევრები გვირიცხავდნენ თანხებს, ამათაც ხელფასი ამ ანგარიშზე უნდა გადმოერიცხათ. ამ თანხის სრულად მოხმარების უფლება საპატიმროდან გათავისუფლების მერე გვაქვს, მაგრამ გამოვედი და გავარკვიე, რომ ერთი თეთრიც არ ჩაურიცხავთ, ამ დროს ციხეში სამ წელიწად-ნახევარი ვიმუშავე",- აცხადებს ჯაბა ზაგაშვილი და აღნიშნავს, რომ მისი სამუშაო პატიმრებისთვის სასადილოდან საკნებში საჭმლის შეტანა იყო.
იგივეს ამბობს ყოფილი პატიმარი რომან ბრუტიანი, რომელიც ჯაბა ზაგაშვილთან ერთად იხდიდა სასჯელს. ბრუტიანი აცხადებს, რომ ის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ციხეში და მასაც არ ჩარიცხვია გამომუშავებული თანხა.
"როგორც ჩანს გვამუშავეს და ის ფული ვიღაცამ "მოტეხა", აბა სხვა რა ვიფიქროთ, გამოგვიყენეს, გვამუშავეს",- განაცხადა რომან ბრუტიანმა.
გათავისუფლებულმა პატიმრებმა დახმარების თხოვნით ორგანიზაცია "პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძეს მიმართეს. აღნიშნულ ფაქტს კაკაბაძეც ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოსაკვლევია, თუ სად წავიდა ეს ფული.
"პატიმრებისგან ვიცი, რომ ეს ხდება წლების განმავლობაში და წარმოიდგინეთ, რამხელა ფულთან გვაქვს საქმე?! გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ იყო ეს "ვიღაც". ასევე უნდა გაირკვეს, რა ოდენობის თანხაა ამ კუთხით მითვისებული",- აღნიშნა კაკაბაძემ.
TIMER.GE
No comments:
Post a Comment