June 13, 2013

გაერო-ს გენერალურ ასამბლეის 67-ე სესიაზე დღეს დევნილების შესახებ საქართველოს რეზოლუციას უყრიან კენჭს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე დღეს "აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი/საქართველო დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციას უყრიან კენჭს.

რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირთა საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობას.
იგი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ძალისხმევა გაააქტიურონ. ამასთან, რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს ავალდებულებს, დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად მოახსენოს. გენერალური მდივნის შემდეგი მოხსენება ამ საკითხზე მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

ცნობისთვის, გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო (მხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში) და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას თავდაპირველად მხოლოდ 14 მხარდამჭერი ჰყავდა, ხუთი წლის განმავლობაში კი მათი რიცხვი 60-მდე გაიზარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ პოზიტიური დინამიკა წელსაც შენარჩუნდება, თუმცა აცხადებს, რომ გაერო-ში ელჩის არყოლა იმ დროს, როდესაც რეზოლუციაზე მხარდაჭერის მოპოვებისთვის სხვადასხვა ქვეყნებთან ბევრი მუშაობა საჭირო, გარკვეულწილად, შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.

"რეზოლუციის პროექტი წმინდა ჰუმანიტარული ხასიათისაა. დოკუმენტში პოლიტიკური ხასიათის საკითხებს ვერ ნახავთ. მასში საერთოდ არ არის ნახსენები რუსეთი. ის გმობს ძალადობრივი გზით დემოგრაფიული ცვლილებების განხორციელებას და ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების მნიშვნელობას. ამ ტიპის პირველი რეზოლუცია 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომამდე მიიღეს. მას შემდეგ, რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან ინტენსიური მუშაობის საგანი ამ მხარდაჭერის მოპოვება იყო და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ რეზოლუციის ჰუმანიტარული ხასიათისა და მიზნების გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დაუჭერს მას მხარს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

საქართველოს წარმატებას უსურვებს დღევანდელ კენჭისყრაზე ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაერო-სთან კახა ლომაია, რომელიც არ იზიარებს მინისტრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ელჩის არყოფნა შემაფერხებელი ფაქტორია და აცხადებს, რომ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ რეზოლუციაზე მხარდაჭერის მოსაპოვებლად დიდი სამუშაო გასწია.

"საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას წარმატებას ვუსურვებ დღევანდელ კენჭისყრაზე, ვინაიდან ეს საქართველოს წარმატება იქნება. მათ ძალიან ბევრი იმუშავეს ჩვენი რეზოლუციისადმი მხარდაჭერის გასაზრდელად. წარმომადგენლობას ბოლო სამი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობს ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი დიპლომატი ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელიც, მისიის სხვა დიპლომატებთან ერთად, რეზოლუციაზე მუშაობის სპეციფიკას კარგად იცნობს. ამდენად, მუდმივი წარმომადგენლის არყოფნა ხელშემშლელ ფაქტორად ვერ ჩაითვლება", - განუცხადა "პირWელს" ლომაიამ.

ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს შემდეგმა ქვეყნებმა: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კომოროსი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, დომინიკის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გამბია, საქართველო, გერმანია, გრენადა, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიბანი, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალავი, მალდივი, მალტა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონაკო, Mონტენეგრო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სანტა ლუჩია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სან მარინო, სიერა ლეონი, სლოვაკეთი, სლოვენია, სომალი, სამხრეთ სუდანი, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ. ასევე, საყურადღებოა, რომ რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის იყვნენ ვანუატუ და ტუვალუ, რომელთაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდათ აღიარებული. 

რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა სომხეთმა, კუბამ, დომენიკის სახალხო რესპუბლიკამ, ლაოსმა, მიანმარმა, ნაურუმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სერბეთმა, შრი ლანკამ, სუდანმა, სირიამ, ვენესუელამ, ვიეტნამმა და ზიმბაბვემ.
  
გაერო-ს წევრი 197 სახელმწიფოდან ბევრმა თავი შეიკავა, სხვები კი კენჭისყრაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ.



ნინო ჩიჩუა  
„პირWელი“

No comments:

Post a Comment