June 17, 2013

საქართველოს 24 000 მოქალაქე პარალელურად უცხო ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს

საქართველოს 24 000 მოქალაქე პარალელურად უცხო ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საარჩევნო სიების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს და მონაცემთა ბაზის ანალიზს ახორციელებს. 

"ისეთი 24 000 პირი გამოვლინდა, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობის ფლობის პარალელურად სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც შეიძინეს, ამის შესახებ კი საქართველოს სახელმწიფოსათვის არ უცნობებიათ.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეს ფაქტი მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს სახელმწიფო ცდილობს, საქართველოს მოქალაქეები შეინარჩუნოს და მათი ინტერესები დაიცვას. შესაბამისად, სერვისების განვითარების სააგენტომ სპეციალური განცხადებით მიმართა ყველა ასეთ პირს, განურჩევლად თანამდებობისა თუ სტატუსისა, რომ საქმის წარმოებაში ჩაერთონ და სააგენტოს ორმაგი მოქალაქეობის მიღების სურვილით მიმართონ. ამის შემდეგ მოხდება მათთვის მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის შეფასება, დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეგზავნება და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მათ საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს. აქვე გაცნობებთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს, ამავე დროს, ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობაც, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართოს", - განმარტავენ უწყებაში. 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფიზიკური პირის რეკომენდაცია, ორი ფოტოსურათი და დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისათვის მოქმედებს კანონით დადგენილი სამთვიანი ვადა. 

"პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, შეუძლიათ, შესაბამისი განაცხადი შეავსონ ონლაინ-რეჟიმში ვებგვერდზე www.house.gov.ge ან დაუკავშირდნენ სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 2 405 405", - აღნიშნულია განცხადებაში.




ინგა მურუსიძე
„პირWელი“

No comments:

Post a Comment