სოფელ დიცში რუსი სამხედროების გააქტიურების სავარაუდო მიზნებზე, აგრეთვე, თუ რატომ ხარჯავს პრეზიდენტი პუტინი რუსეთის სამხედრო წარმოებასა და სამხედრო სფეროზე დიდ თანხებს და, საერთოდ, რა ხდება რუსეთში, "ინტერპრესნიუსი" რუს სამხედრო ექსპერტს, ალექსანდრე გოლცს ესაუბრა.
- ბატონო ალექსანდრე, საქართველოში არ ცხრება ხმაური იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში არიან დისლოცირებული, გორის რაიონის სოფელ დიცში სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი 300 მეტრით გადმოწიეს და მავთულხლართები გააბეს. რუსულ-ქართული დიალოგის ფონზე, მომხდარს თბილისში პროვოკაციად და ქართული მხარის კონფლიქტში ჩათრევის მცდელობად აფასებენ. თქვენი აზრით, რა ხდება?
- ვარაუდების სპექტრი შესაძლოა, საკმაოდ ფართო იყოს - დაწყებული იქიდან, რომ
მომხდარი ადგილობრივი სამხედრო მაღალჩინოსანს უკავშირდება, რომელიც ლოკალურ პრობლემას აგვარებდა, დამთავრებული იმით, რომ მომხდარი შესაძლოა, საკმაოდ მკაფიო მესიჯი იყოს ოფიციალური თბილისისთვის.
- რა მკაფიო მესიჯის მატარებელი შეიძლება იყოს სამხედროების ქმედება გორის რაიონის სოფელ დიცში?
- საქმე იმაშია, რომ საგარეო პოლიტიკაში რუსეთის ნაბიჯები ყოველთვის რაციონალური როდია. ვითარებაში, როცა ჩვენ რეალურად არ ვიცით მომხდარის არც მოტივები და არც მიზეზები, ამ თემაზე საუბარი ყავაზე მკითხაობას ჰგავს. ამიტომ, ვიდრე მომხდარის მოტივები ჯერ სრულად არ ვიცით, მე თავს შევიკავებდი იმაზე საუბრისაგან, რომ ამ ინციდენტით რუსეთმა საქართველოს ახალ ხელისუფლებას რაიმე სახის მკაფიო მესიჯი გაუგზავნა.
- არსებულ ვითარებაში როგორია რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პერსპექტივა?
- რამდენადაც მესმის, ამ მხრივ გარკვეული პოზიტიური ძვრები ხდება. ყოველ შემთხვევაში განცხადებებისა და სიტყვების დონეზე მაინც. მაგრამ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობენ საბაზისო, გადაუწყვეტელი პრობლემები, რომლებიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უკავშირდება. ამ საკითხში არც ერთი მხარე არანაირ ვითარებაში არ შეცვლის თავის პოზიციას. ამიტომ, ორ ქვეყანას შორის გარკვეულწილად ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგრამ საბაზო, ძირითადი პრობლემა გადაუწყვეტელი დარჩება.
- პრეზიდენტი პუტინი საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო წარმოების დაფინანსებას, გადაიარაღების საკითხებს და საერთოდ, სამხედრო სფეროს დაფინანსებას. თქვენი აზრით, რისთვის ემზადება რუსეთი? ნუთუ დაპირისპირებისათვის, მაგარამ ვისთან?
- მეტ-ნაკლებად გასაგებია, რომ სამხედრო ძალის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვან და განმსაზღვრელ როლს ასრულებს რუსეთის საგარეო პოლიტიკაში. რუსეთისთვის, უფრო სწორად, რუსეთის ხელმძღვანელებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, დარჩეს ბირთვული იარაღის მქონე უდიდეს ქვეყნად, ამ თემაზე ჰქონდეს კონფლიქტი აშშ-სთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის საკითხზე და სამხედრო საკითხებზე აწარმოოს გაუთავებელი მოლაპარაკებები ვაშინგტონთან. რუსეთის ლიდერთა აზრით, ეს მსოფლიოში რუსეთის ავტორიტეტს ზრდის.
ამ საკითხის მეორე მხარე გახლავთ ის, რომ რუსეთი ავღანეთიდან დასავლეთის ჯარების გაყვანაში ქვეყნისთვის საფრთხეს ხედავს. ამიტომ რუსეთი ავღანეთიდან მოსალოდნელი საფრთხის მოგერიებისათვის ემზადება. სწორედ ამისთვის იქმნება დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ფარგლებში ოპერატიული რეაგირების ძალები, საჰაერო-სადესანტო ჯარებში ყალიბდება 23 ბატალიონი, რომელიც საკონტრაქტო პრინციპით დაკომპლექტებულია. ეს თითქმის 2,5 დივიზია გახლავთ, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს წარმატებით გაართვას თავი ნებისმიერ ლოკალურ კონფლიქტს.
- თქვენი აზრით, რა ხდება რუსეთის შიდა პოლიტიკაში? რას შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის თანამედროვე პოლიტიკური სისტემის არქიტექტორის სურკოვის გადადგომა, რუსეთის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის რექტორის სერგეი გურიევის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგომა, რაც მან უარი თქვა ნაციონალური ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში საქმიანობაზე. და კიდევ, რატომ ტოვებენ ქვეყანას რუსი ბიზნესმენები და გააქვთ თავისი კაპიტალი საზღვარგარეთ?- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არანაირი რევოლუცია არ ყოფილა, სახეზე გვაქვს მოსალოდნელ რევოლუციაზე ხელისუფლების მკაფიო რეაქცია. ხელისუფლება 2011 წლის დეკემბრის მოვლენების გამო შეშინებულია და ერთი მეორეზე იღებს კანონებს, რომლითაც პრაქტიკულად ზღუდავს რუსეთის მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებებს. მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, კერძოდ, მუხლები კანონში საზღავარგარეთის აგენტების შესახებ, იმდენად ფართე ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ პრაქტიკულად ორიენტირებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს შეეხოს.
- თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ინტერნეტსივრცეში ისეთი რუსული ფილმების გამოჩენა, როგორიცაა მაგალითად "რუსეთის ისტორია. მე-20 საუკუნე", ფილმები ლენინზე, სტალინზე, ტროცკიზე, ოქტომბრის გადატრიალებაზე, თუ როგორი წარმატებული იყო რუსეთის ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ მეორე და როგორ ებრძოდა ვაშინგტოსა და დასავლეთს; როგორ მოაწყეს მსოფლიოს საფინანსო ორგანიზაციებმა, ვაშინგტონმა და ებრაელებმა რუსეთში სამი რევოლუცია და გაძარცვეს რუსეთი რევოლუციების საშუალებით. აშკარაა, რომ ამგვარი ფილმების გადაღება ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე არ მოხდებოდა და რას შეიძლება ნიშნავდეს ყოველივე ეს?- გითხრათ სიმართლე, ასეთი ფილმების შესახებ არაფერი ვიცი. არც არავისგან არ მსმენია.
- გითხრათ სიმართლე, მათ მე ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი. 25-30 წუთიანი 80-მდე ფილმია გადაღებული. მათში ხაზგასმით ხდება იმის კონსტატირება, რომ რუსეთი მსოფლიო მძარცველებისგან სტალინმა გადაარჩინა, რომ დღეს ნიკოლოზ მეორის როლს პრეზიდენტი პუტინი ასრულებს. . . - თუ ქვეენ სწორად გადმოეცით ამ ფილმების აზრი, სავსებით ცხადია, რომ რუსეთის ხელისუფლება და ისინი, ვინც მას ემსახურება, ყოველნაირად ცდილობენ დააბრუნონ საზოგადოებაში ყველანაირი ქსენოფობიური კომპლექსები. მათი მიზანია, ხალხს შთააგონონ, რომ მთელი მსოფლიო რუსეთს ებრძვის. ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში რეალურად არსებობს, სწორედაც რომ ამის გამოა და რუსეთი დღეს ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის მდგომარეობაშია.
- სანამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ამ ვითარებამ? ნუთუ ისევ დასავლეთთან გლობალურ დაპირისპირებამდე?- არა, არა, არანაირი გლობალური დაპირისპირება არ შეიძლება იყოს. ეს იმის გამოა გამორიცხული, რომ რუსეთს დასავლეთთან დასაპირისპირებლად საკმარისი რესურსები არ აქვს. პუტინის რეჟიმი იმიტომაც არის გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე, რომ მას საბჭოთა რეჟიმისგან განსხვავებით ყოფნის იმის ჭკუა, რომ გაუნაწილოს მოსახლეობას ნავთობისა და გაზის რენტა.
მეცნიერები ბევრს კამათობენ იმაზე, თუ რამდენი იყო საბჭოთა კავშირის სამხედრო ბიუჯეტი. ამის დადგენა იმის გამო ჭირს, რომ პრაქტიკულად მთელი წარმოება თავდაცვაზე მუშაობდა. ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირში სამხედრო წარმოებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 40-დან -80% მიდიოდა. საბოლოოდ, საბჭოთა კავშირი სწორედ ამან დაანგრია.
მიუხედავად იმისა, რომ შექმნილია შთაბეჭდილება, კრემლი სამხედრო სფეროზე ბევრ ფინანსებს ხარჯავს, პუტინი ყველა ღონეს ხმარობს საიმისოდ, რომ სამხედრო სფეროსათვის განკუთვნილმა ხარჯებმა 3%-ს არ გადააჭარბოს. ეს რეჟიმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხელისუფლებამ რომ სამხედრო სფეროს ხარჯები გაზარდოს, მაშინ მას სოციალური პროგრამების შემცირება მოუწევს. ცხადია, რომ პუტინი ამას არ დაუშვებს, ვინაიდან იცის, რომ ასეთ ვითარებაში 2011 წლის დეკემბრის მოვლენების განმეორების ალბათობა გაიზრდება. ამიტომ, რუსეთსა და დასავლეთს შორის გლობალური დაპირისპირება შეუძლებელია. რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება კარიკატურულია და ვირტუალურ ხასიათს ატარებს.
- იმიტაციის მიზანი რაღაა?- მიზანი რამოდენიმეა. 1. პუტინი დარწმუნებულია, რომ ყველა ფერადი რევოლუციები რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სპეცსამსახურების შეთქმულების შედეგია. ამიტომ, ჩემი აზრით, მისი მთავარი ამოცანაა, მათ, ვისაც რუსეთის წინააღმდეგ აქვს გეგმები, ძველი და კეთილი საქმით, ბირთვული ქობინების გადათვლით გაართოს და ჰაერწასინააღმდეგო შეიარაღებაზე, ასევე ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების გადახედვის სრულიად უაზრო დისკუსიებში ჩაბმა და 80-იანი წლების დღის წესრიგში დაბრუნებაა.
მეორე მხრივ, ქცევის ამგვარი წესი პუტინის ირგვლივ მოსახლეობის მობილიზაციის ფორმაცაა. იგი მოსახლეობას ერთმნიშვნელოვან სცემს პასუხს კითხვაზე, თუ ვის ირგვლივ უნდა დაირაზმოს რუსეთის მოსახლეობა.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
No comments:
Post a Comment