July 27, 2013

მოქმედი „ნაციონალი“ ყოფილმა „ნაციონალმა“ ჩაანაცვლა

თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 24-ით ერთის წინააღმდეგ ხმა ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას მისცეს. შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა გულიკო ზუმბაძე. მისი განცხადებით, ირაკლი შიხიაშვილი შს სამინისტროს კადრია. საკრებულოს წევრებმა აირჩიეს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ეს პოსტი 25 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, გიორგი მუსხელიშვილმა დაიკავა.

რაც შეეხება საკრებულოს აწ უკვე ყოფილ თვამჯდომარეს ზაალ სამადაშვილს, მისი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს და ამ გადაწყვეტილებას მხარი 25 დეპუტატმა დაუჭირა.ზაალ სამადაშვილი საკრებულოს 2010 წლიდან თავმჯდომარეობდა. იგი ისნის მაჟორიტარი დეპუტატია.

თბილისის საკრებულოს პლენარული სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის გარეშე ჩატარდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მამუკა ახვლედიანის განცხადებით უმჯობესი იქნებოდა ეს საკადრო გადაწყვეტილებები მომხდარიყო კონსულტაციების შემდეგ: „ვინაიდან ეს არ მოხდა, ახალ უმრავლესობას სრულ შესაძლებლობას აძლევენ ის საკადრო ცვლილებები განახორციელონ, რაც მათ სურთ. მომავალში პლენარულ სხდომებზე მონაწილეობას მივიღებთ და ახალ უმრავლესობასთან ერთად განვიხილავთ დედაქალაქისათვის პრობლემატურ საკითხებს“, - განაცხადა მამუკა ახველდიანმა. 

აღსანიშნავია, რომ სხდომას მისი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ნატოს სამეკავშირეო ოფისი – საქართველოს ხელმძღვანელი – უილიამ ლაჰიუ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 
თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ზაალ სამადაშვილის გადარჩევის საკითხს ეხმიანება. როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ახალი უმრავლესობის ადგილას, მეტ კონსულტაციას გაივლიდა.

„ახალ უმრავლესობას ლეგიტიმური უფლება აქვს, ახალი თავმჯდომარე აირჩიოს, ახლებურად დააკომპლექტონ. მე ასე არ მოვიქცვეოდი მათ ადგილზე. უფრო მეტ კონსულტაციას გავმართავდი და უფრო მრავალმხივ ურთიერთობებს შევთავაზებდი უმცირესობას, თუმცა ეს მათი პრეროგატივა, მათი პოლიტიკური არჩევანია. მე ამ პროცესებში არ ვერევი, რადგან მერია და მერი ცალკე არჩეული ორგანოა. უბრალოდ, ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას - როგორც დალაგდება, გადანაწილდება, დაკომპლექტდება, იმ კონფიგურაციის საკრებულოსთან ვითანამშრომლებ, რადგან ეს სჭირდება თბილისს და თბილისელებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საკრებულოს სხდომა ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების ფონზე მინდინარეობდა. „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ ის მიზეზები განმარტა თუ რატომ არ დაუჭირა მხარი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას. როგორც ზუმბაძე განმარტავს, ირაკლი შიხიაშვილი არასდროს არ მალავდა რომ მას შსს-ს ზურგი ჰქონდა.

„ირაკლი შიხიაშვილი არ მალავდა, რომ მას ჰქონდა ზურგი შსს-ში, ამაზე ყველა საუბრობდა და ისინი ვინც წარმოვადგენდით ყოფილ ოპოზიციას, ჩვენთვის ეს უყო მიუღებელი და მე გამიჩნდა განცდა, რომ ვცხოვრობდი წინა რეჟიმში და მე ვინმე ძალით მახვევდა თავს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას. ჩემში ამან გამოიწვია პროტესტი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხმამაღლა მხოლოდ მე ვთქვი ამის შესახებ და სხვებმა არჩიეს გაჩუმება და სხვები უარყოფენ იმას რაც სახეზე გვქონდა.

საკრებულოში შეიქმნა ის ვითარება, რომ მხოლოდ ირაკლი შიხიაშვილი იყო უპირობო კანდიდატურა, ის თავად აცხადებდა, რომ მას მხარდაჭერა ჰქონდა კოალიციაში და ძალოვან სტრუქტურებს განსაკუთრებით ხაზს უსვამდა. ამ დროს, კოალიციის ცნობილი სახეები და ლიდერები აცხადებდნენ, რომ შიხიაშვილი არ იყო მათი კანდიდატურა, ამიტომ, ბუნებრივია რომ მისი კანდიდატურა ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

მისივე განცხადებით, შიხიაშვილის მუშაობის მეთოდები და ოპონენტებთან ურთიერთობები მისთვის მიუღებელია და „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებს ახსენებს.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ინტერფრაქციულ რეჟიმში მერიის სამსახურებთან და გამგებლებთან, პოზიცია, რომელსაც შიხიაშვილი აფიქსირებდა, მიდგომებთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად სპეცსამსახურის მიდგომა, როგორც ამას ახორციელებდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპონენტების მიმართ“, - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.

ზუმბაძის ბრალდებებს პასუხს არ სცემს, თუმცა, მცირეოდენ კომენტარს აკეთებს შიხიაშვილი.

„ორი დღეა ამ სისულელეს ვისმენ. პასუხი იმიტომ არ მაქვს, რომ სისულელეზე პასუხი არ არსებობს“, - აღნიშნა შიხიაშვილმა.

გულიკო ზუმბაძე „ქართუ ბანკის“ გაკოტრების იმ სქმემაზე საუბრობს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, შიხიაშვილიც მონაწილეობდა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მან მთაწმინდის გამგებელ კახა მელიასგან შეიტყო. მისი თქმით, ამის შემდეგ მან ის დაკითხვის ოქმიც ნახა, სადაც შიხიაშვილი ამ სქემაში მონაწილეობას აღიარებს.

„შიხიაშვილს არ ეყო ვაჟკაცობა თავიდანვე სიმართლე ეთქვა და პირიქით „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში მისი მონაწილეობა უარყო. ამასთან, არსებობს სერიოზული კითხვები. ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო წამოჭრილი ეს საკითხი, ბუნებრივია, მეც და სხვებიც უნდა დავინტერესებულიყავით რასთან გვქონდა საქმე.

ინტერნეტში გავრცელდა მისი დაკითხის ოქმი, სადაც ის ადასტურებს, რომ ნამდვილად მინაწილეობდა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების სქემაში. შეიძლება ის ზეგავლენის ქვეშ იყო, მაგრამ ეს ვაჟკაცურად უნდა ეთქვა თავიდანვე. ამ ყველაფრის მერე მან ჩაატარა ბრიფინგი და უარყო რაიმე ტიპის მონაწილეობა „ქართუ ბანკის“ გაკოტრებასთან დაკავშირებით. ეს შეფუთული ნაბიჯი იყო მისი, როგორც საკრებულოს კანდიდატის მხრიდან“, - აცხადებს გულიკო ზუმბაძე.

აღსანიშნავია, რომ შიხიაშვილის დაკითხვის ოქმი ინტერნეტით გავრცელდა. ის აღიარებს, რომ მონაწილეობდა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში. ამის შესახებ შიხიაშვილმა ჩვენება შსს-ს 2012 წლის 3 დეკემბერს მისცა. ჩვენებაში შიხიაშვილი წერს, რომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების დავალება მას იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა მისცა, რომლის მიზანი „ქართული ოცნების“ დაფინანსების წყაროს გადაკეტვა იყო.

ამავე ჩვენების მიხედვით, შიხიაშვილმა მისი კუთვნილი კომპანია შპს „ეკრანის“ საშუალებით, რომელიც რეალურად სხვა პირზე იყო გაფორმებული „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში უნდა მიეღო მონაწილეობა და ბანკის წინაშე არსებული დავალიანება არ უნდა დაეფარა. ამ დავალების განსახორციელებლად სპეციალური სქემა შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც შიხიაშვილის კომპანიას უნდა ეღიარებინა, რომ „ქართუ ბანკიდან“ სესხის გამოტანამდე ჰქონდა საბიუჯეტო დავალიანება, რომელიც მოგვიანებით აღმოაჩინა და ამის შესახებ დეკლარაცია შემოსავლების სამსახურს ჩააბარა.

ამ სქემის თანახმად „ქართუ ბანკი“ ვეღარ მიიღებდა გაცემულ კრედიტს. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად კი გაფორმდა, რომ შპს „ეკრანს“ საურავების ჩათვლით, ბიუჯეტის 4 მილიონიანი დავალიანება ჰქონდა. დავალიანების გამო კომპანია ეკონომიკის ბალანსზე გადავიდოდა, რის შემდეგაც შიხიაშვილის მეგობრის სახელზე დაფუძნებულ ახალ შპს „კოლოს“ გადაეცემოდა.

საკრებულოს წევრი კახა კუკავა აცხადებს, რომ შიხიაშვილის კანდიდატურა შეთანხმებულია მმართველ პარტიასთან.

„ქართულ ოცნების“ შემადგენლობაში შედის ირაკლი ღარიბაშვილიც. ალბათ, ინფორმირებული იქნება ამ საკითხზე. უბრალოდ რესპუბლიკელები მიზანმიმართულად აქცენტს აკეთებენ ირაკლი ღარიბაშვილზე. შიხიაშვილი არის „ქართული ოცნების“ კანდიდატი. რესპუბლიკელები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ შს მინისტრს და იყენებენ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს. რესპუბლიკელები „თავისუფალი დემოკრატები“ და ნაციონალური მოძრაობა გეგმავენ სასახლის გადატრიალებას და ივანიშვილის ჩანაცვლებას. ეს შეიძლება ხვალ და ზეგ არ მოხდეს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს თემა აქტუალური გახდება“, - აცხადებს კახა კუკავა.


თამთა ქარჩავა
For.ge

No comments:

Post a Comment