საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, "ის ძალა, რომელმაც სადისტების სქელი კასტა შექმნა, ხელს იშვერს პოლიტიკური გუნდისკენ, რომელმაც საქართველო გადაარჩინა".
ამის შესახებ ფოფხაძემ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"კარგად მესმის, რომ ჩვენი ძალოვნების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გვექნება. ცოტა ხნის წინ მე და ზაზა პაპუაშვილი ციხეში ვიყავით, ძალიან ბევრი განცხადება შემოდის კომიტეტის სახელზე იმ პატიმრების მხრიდან, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად თვლიან. ჩვენ გავეცანით ამ საქმეებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამათი გადასიჯნვა ისევ იმ პროკურორებს ევალებათ, რომლებთან მიმართებაშიც პრეტენზიები არის. მე კარგად მესმის, რომ მოსახლეობაში მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის მიმართ უნდობლობა გაიზრდება ამ ფონზე. დღეს ჩვენ გონორით გველაპარაკება პოლიტიკური ძალა, რომელმაც ეს ვიდეოკადრები შექმნა და გვეკითხება, რომ რატომ იმალებოდა, რატომ დროზე არ გამოჩნდა. ეს ხომ შექმნა იმ სისტემამ და იმ დროს ერთი ასეთი გონორით გაკეთებული განცხადებაც კი არ ყოფილა. თქვენ ხომ იმ რეალობაში, როდესაც ეს ვიდეოკადრები და სადისტური რეჟიმი იქმნებოდა, ერთი განცხადებაც რომ გაგეკეთებინათ მართლა გმირები გახდებოდით. თქვენ შეგეძლოთ, რომ ეს ერთხელ მაინც გაგეპროტესტებინათ და მაშინ თქვენი გონორით საუბარს მე აბსოლუტურად ნორმალურად მივიღებდი და შეიძლება ტაშიც კი დამეკრა. დღეს რეალობა ასეთია, რომ თქვენ ხელს იშვერთ იმ პოლიტიკური გუნდის მიმართ, რომელმაც ეს სადიზმი დაამთავრა. პირველ ოქტომბერს ეს რომ არ დამთავრებულიყო, ჩვენ ყველანი და ჩვენი ოჯახის წევრები იმ დღეში იქნებოდნენ, რა დღეშიც ის პატიმრები იყვნენ. თქვენ შეიძლება, პირადად ბრალი ვერ დაგდოთ, მაგრამ ის ხალხი, რომლებსაც სადიზმი ცხოვრების წესად ჰქონდათ გადაქცეული, ამისთვის ემზადებოდნენ. მართლა არსებობდა სიები და მართლა იყო განზრახვა იმისა, რომ ოპოზიციის დამარცხების შემთხვევაში, პირველ ოქტომბერს დაწყებულიყო ფართომასშტაბიანი რეპრესიები. ჩვენთვის პირველი ოქტომბერი მარტო არჩევნები არ იყო, ეს იყო ყოფნა-არყოფნა. თქვენს მიმართ არანაირი ძალადობა არ არის და თუ იქნება მე პირველი გადაგეფარებით და არ დავუშვებთ, რომ დავბრუნდეთ "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის პირობებში", - განაცხადა ფოფხაძემ და დასძინა, რომ "ის ძალა, რომელმაც სადისტების სქელი კასტა შექმნა ხელს იშვერს პოლიტიკური ძალისკენ, რომელმაც საქართველო გადაარჩინა".
ნათია რუხაძე
No comments:
Post a Comment