July 8, 2013

"ჩვენი კითხვების ადრესატი, რაც თანხების გაფლანგვას ეხება, არა აზერბაიჯანული მხარე, არამედ წინა მმართველობაა"

"მარაბდა-კარწახის რკინიგზის" ხელმძღვანელის ირაკლი წულაიას განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები გაკეთა. 

პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს წულაია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 


"პრეზიდენტმა ისაუბრა, თითქოს მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობას სერიოზული ფინანსური შეფერხებები აქვს და ქართულ მხარეს აზერბაიჯანულ მხარესთან კითხვები აქვს. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები. ჩვენი კითხვების ადრესატი, რაც თანხების გაფლანგვას ეხება, არა აზერბაიჯანული მხარე, არამედ წინა მმართველობაა. აზერბაიჯანულ მხარესთან კი ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს", - განაცხადა წულაიამ. 

მისივე თქმით, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები იმის თაობაზე, რომ რკინიგზაზე სამუშაოების ტემპი შენელებულია. 

"2012 წლამდე 4 სამუშაო ფრონტი იყო გახსნილი, ახლა არის 12. მიმდინარე წლის მაის-ივნისის მდგომარეობით, 21 მლნ ლარის სამუშაოებია შესრულებული, რაც მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებლია", - განაცხადა წულაიამ. 

მისივე თქმით, პრეზიდენტი ადგილზე არასამუშაო დღეს საგანგებოდ ჩავიდა. 

"სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ იქ სამუშაოები არ დახვდებოდა, მაგრამ გაწბილებული დარჩა და კომენტარი კოჯრის ტყეში ჩაწერა. რაც შეეხება მუშების ხელფასებს, იქ მხოლოდ ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ხელფასი არ აუღია, სხვა ყველა დასაქმებული კმაყოფილია. დღემდე მუშებს 400 ლარზე მეტი არ ჰქონდათ, ახლა კი მათი ანაზღუარება 800 ლარს შეადგენს", - აღნიშნა წულაიამ. 

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობით აპირებდა თავისი პრეზიდენტობის ვადის დასრულებას, "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს აბსურდია. 

"მთელი მისი პრეზიდენტობის დროს სამუშაოების მხოლოდ 28%-ია შესრულებული. ახლა კი აცხადებს, რომ თურმე, რამდენიმე თვეში გეგმავდა პროექტის დასრულებას. რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი ექსპლუატაციაში 2014 წლის ბოლოს შევა", - განაცხადა წულაიამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას სურდა თავისი პრეზიდენტობა ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზის გახსნით დაესრულებინა. 

"ამ პროექტს აქვს ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსთვის და ჩვენ, სამწუხაროდ, დავკარგეთ ძალიან ბევრი დრო. ახლა რაც ვნახეთ არის ის, რომ იმის გამო, რომ უცებ ბევრი გაურკვეველი საკითხი წარმოიქმნა აზერბაიჯანულ მხარესთან, სერიოზული შეფერხებებია დაფინანსებაში. პრაქტიკულად იმის მაგივრად, რომ ეს დამთავრებულიყო წელს და მე ვვარაუდობდი, რომ ჩემი პრეზიდენტობა დამემთავრებინა იმით, რომ საზეიმოდ გავხსნიდი ამ დიდ რკინიგზას, რომელიც საქართველოს შეართებდა ევროპასთან და რომელიც რეალურად ჩინეთი-ლონდონის რკინიგზაა, მაგრამ საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ამის ნაცვლად გვიხდება ლაპარაკი იმაზე, რომ ეს რკინიგზა ვერ დამთავრდება ვერც წელს და როგორც ახლა დავრწმუნდი, სამწუხაროდ, ვერც მომავალ წელს. სამწუხაროდ, დასჭირდება კიდევ 2 წელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ნათია რთველიაშვილი
„პირWელი“

No comments:

Post a Comment