July 4, 2013

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი ის იქნება, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ძალიან აქტიური მონაწილეობა სურს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებსა და პრემიერ-მინისტრის პერსკონფერენციაზე "ინტერპრესნიუსს" შთაბეჭდილებების გაზიარება საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსსა და ექსპერტთა კლუბის წევრს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს სთხოვა.

- ბატონო ალექსანდრე, პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მედიას მეხუთედ შეხვდა. პრესკონფერენციაზე პრემიერს მრავალ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა, მაგრამ ვიდრე რომელიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხების განხილვაზე გადავალთ, თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პრემიერის ბრიფინგზე გაკეთებულმა განცხადებებმა?

 
- ქვეყანაში იმდინარე პრიოცესებზე მეც დაახლოებით ისეთივე შეფასება მაქვს, როგორიც - პრემიერ-მინისტრს. მეტიც, უკანასკნელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ის გახლავთ ადამიანი, რომელსაც მართლა უნდა ქვეყანაში დემოკრატია და, შესაბამისად, სხვაგვარ შეფასებებს ვერ გააკეთებდა. მე მისი შეფასებები ზოგადად მომეწონა. მიმაჩნია, რო ღრმად და სწორად მოაზროვნე ადამიანია. 
მინდა, გამოვეხმაურო მის რამოდენიმე გამონათქვამს. მერიის მაღალჩინოსნების დაკავებებთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ მათი დაკავების დრო ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი არ იყო. 
მე ასევე ძალიან მომეწონა მისი განცხადებები უზენაეს სასამართლოსთან და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არჩევნებთან დაკავშირებით. მან გააკრიტიკა თავისი თანაგუნდელები ამ არჩევნების კრიტიკული შეფასებების გამო. მან ასევე განაცხადა, რომ მოსამართლეების საქმეებში ჩარევას არ აპირებს. გავა დრო, მოხდება როტაცია და საბჭო შეიცვლება. ამ თემაზე მისი ორივე გამონათქვამი პირადად მე ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, ივანიშვილი მართლაც ქმნის ქვეყანაში პლატფორმას იმისთვის, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს დემოკრატიული წყობილება დაფუძნდეს. ის მოსამართლეთა კონფერენციას აქებს არა იმიტომ, რომ მოსამართლეთა არჩევნების შედეგებით კმაყოფილია, არამედ იმიტომ, რომ მოსამართლეებმა კონფერენციის ჩატარება სახელმწიფოს წნეხის გარეშე მოახერხეს. მას მოსწონს პროცესი და არა - მისი შედეგი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ამ პროცესს აქებს. თუმცა, შედეგით უკმაყოფილოა. ჩემი აზრით, ეს ჭეშმარიტი დემოკრატის პოზიციაა. 

- დაახლოებით ასეთი კონტექსტი ხომ არ იყო, ყველაფერი დალაგდება, დაიწმინდაბა, მაგრამ როგორ, ბატონო ალექსანდრე?- არა მგონია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ამგვარ აზრს შეიცავდა. ჩემი აზრით, იგი აცხადებს, რომ ხელისუფლება არ ჩქარობს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო განცხადება, რომ ხელისუფლება წლის ბოლომდე 100 ბიზნესის დაფინანსებას შეძლებს. საუბარია ეკონომიკაში ასეული მილიონის თანხების ჩადებაზე. მე მეჩვენება, რომ ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლა მას ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობისათვის ხელებს გაუხსნის. ახლა მას კანონი უკრძალავს ინვესტიციების განხორცილებას, ხოლო როცა იქნება სამოქალაქო სექტრში, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს რეალური ეკონომიკის განვითარებაში. 

- პრემიერის პოლიტიკიდან წასვლის თემა ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც მან ამ საკითხზე თავისი მოსაზრება ესტონურ გაზეთს განუცხადა. ამ თემაზე კომენტარები პრესკონფერენციაზეც გააკეთა. თქვენი ვერსიით, რატომ დაიწყო საუბარი პრემიერმა მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? - პოლიტიკიდან მისი სავარაუდო წასვლის თაობაზე მან მაშინვე განაცხად, როცა პოლიტიკაში ფეხი შედგა და ჩაერთო საარჩევნო კომპანიაში. მან თავიდანვე თქვა, რომ პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებს, რომ შექმნის შეუქცევად გარემოს იმისათვის, რომ საქართველოში ძალადობა არ განმეორდეს, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვოს. ასე რომ, ივანიშვილი თავისი განცხადების ერთგული რჩება და თავისივე სიტყვები უკან არ მიაქვს. 
აშკარაა, რომ ივანიშვილი ძალაუფლების ცდუნებით დამტკბარი არ არის. მეჩვენება, რომ ეს არის ძალიან კარგი, ტიპური და ნორმალური სამოქალაქო პოზიციაა. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც ხომ უნდა გვქონდეს ჩვენ მაგალითი იმისა, რომ თუ როგორ მიდის ადამიანი საკუთარი ნებით პოლიტიკიდან და არა იმიტომ, რომ მას აგდებენ, კლავენ ანაც ვადა ეწურება. 

- ძნელია იმის თქმა, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში რა პროცესები განვითარდება პოლიტიკაში, მაგრამ ჯერ გაურკვეველი რჩება, სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების შემდეგ რომელი იდეოლოგიისა თუ მიმართულების პოლიტიკური და ინტერესჯგუფების გაძლიერებას აპირებს პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, მაგრამ ამ თემაზე თქვენი ვარაუდი როგორი შეიძლება იყოს? - მეჩვენება, რომ ამ თვალსაზრისით, ივანიშვილმა თავის აზრი დააფიქსირა. მხედველობაში მაქვს ის, რომ იგი მივიდა "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ყრილობაზე და თქვა, რომ "ქართული ოცნება" გაწევრიანდება ევროპელი სოციალ-დემოკრატების გაერთიანებაში. ჩემი აზრით, ივანიშვილი ფიქრობს იმაზე, რომ საქართველო იყოს ისეთი სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, დაცული იქნება მისი სოციალური სტატუსი და მხარდაჭერილი იქნება კერძო ინიციატივა. ბოლოს და ბოლოს, ეს ქართული პოლიტიკის ტრადიციაშია, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობა "სოციალ-დემოკრატიული" შემთხვევით არ ყოფილა. 

- ზოგადად, ევროპული სოციალ-დემოკრატიაც ლიბერალიზმს ეფუძნება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ იგი მეტად არის ორიენტირებული მოქალაქეთა სოციალურ დაცვაზე. . . - ჩემი აზრით, ივანიშვილს საქართველოში ისეთივე დემოკრატიის აშენება უნდა, როგორიც არის შვედეთში ანაც სკანდინავიის ქვეყნებში. როგორც ისტორიამ გვაჩვენა, ევროპული სოციალ-დემოკრატია მსოფლიოში სახელმწიფო მოწყობის ყველაზე სამართლიანი მოდელია. 

- პრემიერმა განაცხადა - "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ რუსეთზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების იმაში დარწმუნება, რომ საქართველოში ცხოვრება უკეთესია". მისი ეს განცხადება პრაქტიკულად მნიშვნელოვანწილად ემთხვევა ამ საკითხში რუსი პოლიტიკოსების მოსაზრებას. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე? - მეჩვენება, რომ საქმე გვაქვს არა ილუზიებთან და ოცნებების თამაშთან, არამედ მწარე და სამწუხარო რეალობასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი სწორად აანალიზებს სიტუაციას. სანამ არ მიხვდა ჩრდილოეთ ირლანდიის რესპუბლიკა, რომ მისთვის ეკონომიკურად უფრო მნიშვნელოვანია ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ყოფნა, მანამდე, 1916 წლიდან მოყოლებული 2005 თუ 2006 წლამდე გრძელდებოდა ოლსტერში საგანგებო მდგომარეობა. თუ მოსახლეობა არ დაარწმუნე შენს სისწორეში, შენ სასარგებლოდ არავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იმუშავებს. სეპარატისტული და ცენტრიდანული განწყობები მაინც იქნება, მაგრამ მთავარია, რომ მოსახლეობის უმრავლესობაში არ იყოს გაბატონებული. ბორკილებდადებული ხალხის სახელმწიფოში შემოყვანა შეუძლებელია. 

- შეუძლებელია, პრემიერი არ ფლობდეს ინფორმაციას, რომ რუსეთი აფხაზეთში მცხოვრებ პენსიონერებზე წლიურად 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტს ხარჯავს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში მცხოვრებ 32 ათას პენსიონერს ენგურსგამოღმა მცხოვრებ პენსიონერზე 2,5-ჯერ მეტი პენსია აქვს და ასეთ ვითარებაში ქართულ მხარეს რისი იმედი შეიძლება გქონდეს?- არ მჯერა, რომ აფხაზეთში ასეთი რეალობაა. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში დღეს 32 ათასი პენსიონები არ ცხოვრობს. აფხაზი მოსახლეობა აფხაზეთში ძალიან მცირეა. ვინც პენსიას იღებს, რუსეთის მოქალაქეა და მათ რიცხვში შეყვანილი იქნებიან ადამიანები, ვინც აფხაზეთში რეალურად არ ცხოვრობს. 
არასამთავრობო სექტორიდან, ვინც აფხაზეთში დადის, მათგან მაქვს ინფორმაცია, რომ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილისა და სიკვდილის პირასაა. იქ არ არსებობს ნორმალური სოციალური დაზღვევა, იქ არ არსებობს ნორმალური საბანკო სისტემა, ნორმალური სამოქალქო სექტორი და ნორმალური რესტორანიც კი. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში მალე იწყება ძალიან რთული ეკონომიკური კრიზისი. რუბლის დევალვაცია იწყება, რასაც ზვავისებრი ინფლაცია მოჰყვება. რუსეთში სექტემბრისთვის ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ. 
ჩვენ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში გვაქვს ძალიან ბევრი შანსი, მთავარია, სახელმწიფოს ჰქონდეს ამ მიმართულებებით შემუშავებული არა მოკლევადიანი, არამედ გრძევადიანი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ყოველ ნაბიჯზე არ ცვლიდეს. ყოველ შემთხვევაში, 9 წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რუსეთთან დაპირისპირების დისკურსში წარმოებულ პოლიტიკას საქართველოსთვის სიკეთე არ მოუტანია. 

- პრემიერ-მინისტრი რუსეთთან მიმართებაში ფრთხილ პროგნოზებს აკეთებს, მაგრამ თითქმის ყოველთვის გამოთქვამს იმედს რუსულ-ქართული ურთიერთოებების აუცილებლად გაუმჯობესების შესახებ. უკანასკნელ ბრიფინგზეც მან განცხადა, რომ "აფხაზეთის გავლით რკინიგზა უნდა გაიხსნას", მაგრამ ამ საკითხს რომ შესაძლოა ქართული მხრიდან აფხაზეთში არსებული პოლიტიკური რეალობის აღიარება მოჰყვეს, ამაზე არაფერი უთქვამს. თქვენი აზრით, რას შეიძლება ეფუძნებოდეს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის ოპტიმიზმი? თუ საქმე გვაქვს იმასთან, რომ თბილისი მოსკოვის მიმართ არჩეული ურთიერთობის ტონის თანმიმდევრულობას ინარჩუნებს?- ალბათ ორივე. თავად პუტინი არის დღეს უცნაურ მდგომარეობაში საქართველოსთან მიმართებაში. მას საქართველოსთან მიმართებში მოუწევს საერთაშორისო წნეხის ქვეშ პოზიციის შეცვლა ან დარჩება სრულ იზოლაციაში. პუტინს ძალიან აწყობდა საქართველოს ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი, ვინაიდან არ ელაპარაკებოდა ქართველ პოლიტიკოსებს. ახლა მას, ასე თუ ისე, მოუწევს საქართველოს მთავრობასთან დიალოგი და აშკარად წამგებიან პოზიციაში იქნება. წინა მთავრობისგან განსხვავებით, ივანიშვილი რუსეთთან, სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობას მარტო ხვალინდელი დღით არ საზღვრავს. ის ამ თემაზე ფიქრისას ზეგინდელსა და მასზეგინდელ დღეებზე ფიქრობს. ის ქვეყანას ამზადებს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობისთვის და ეს ურთიერთობა მაშინ შეიცვლება, როდესაც შეიცვლება რუსეთის ადმინისტრაცია. ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ პუტინი შემდეგ საპრეზიდენტო არჩევებში მონაწილობას არ მიიღებს. ამიტომ, ივანიშვილის რუსეთის მიმართ ფრთხილი და პესიმისტურ-ოპტიმისტური პოლიტიკა და განცხადებები აბსოლუტურად სამართლიანი და სწორია. 

- პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მარგველაშვილი საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატია, ალტერნატივა არ ჰყავს და ამ საკითხში იგი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ექსპერტთა ნაწილი მარგველაშვილს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკმაოდ მაღალი კონკურენცია იქნება. თქვენი აზრით, არჩევნებში გამარჯვების რა შანსები აქვთ მარგველაშვილს ან მის სავარაუდო კონკურენტებს?- მარგველაშვილს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში შევხდი და სერიოზულად ველაპარაკე. თუ არსებულ სიტუაციას ჭადრაკის დაფას შევადარებთ, ბატონი მარგველაშვილი არა მარტო თეთრებით თამაშობს, არამედ უკვე ორი პაიკიც აქვს მოგებული. თუ იმ კანდიდატებმა მიიღეს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩენებში, რომლებმაც უკვე განაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და ეს მოცემულობა შენარჩუნდა, მაშინ მარგველაშვილს კონკურენტი არ ეყოლება. მაგრამ, ჩემი აზრით, თუ არჩევნებში მონაწილეობას პაატა ბურჭულაძე მიიღებს, მაშინ უფრო რეალური კონკურენციის საფუძვლები შეიქმნება. ივანიშვილი ბურჭულაძის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიესალმა და მეჩვენება, რომ ეს არის საქართველოში დემოკრატიის კარგი მაგალითი. ბევრი რამ რეალურ კამპანიებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არც მეორე ტურის შესაძლებლობა უნდა გამოვრიცხოთ. მაგრამ მარგველაშვილი თეთრებით თამაშობს და მას ორი პაკი უკვე მოგებულიც აქვს, რაც ჩემთვის ცალსახად ნათელია. 

- პრემიერმა განაცხადა, რომ მისი ძალისხმევით საინვესტიციო ფონდში 10 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა უკვე შეძლო და ამ ფონდში მან 3 მილიარდი ჩადო. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქართულ ეკონომიკაში ივანიშვილის მონაწილეობა უფრო ხელშესახები იქნება?- რასაკვირველია. ამ თემაზე მე გარკვეულწილად უკვე ვისაუბრე, მაგრამ დავამატებდი. ჩემი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკიდან სავარაუდო წასვლის ერთი მიზეზი სწორედ ის იქნება, რომ მას საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში ძალიან აქტიური მონაწილეობის მიღება სურს. იმისთვის, რომ საინვესტიციო ფონდმა ნორმალურად და ტრანსფარენტულად იმუშაოს, აუცილებელია ანტიმონოპოლური კანონმდებლობის სრული მოცულობით ამოქმედება. სხვაგვარად, ჩვენ ისევ ელიტურ და ფაქტობრივად მონოპოლისტურ ბიზნესჯგუფებს მივიღებთ. 

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"

No comments:

Post a Comment