"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტს მოუწოდებს, ხალხის უსახლკაროდ დატოვება და ქუჩაში გამოყრა არ დაუშვას.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც "სააღსრულებლო წარმოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.
ბურჯანაძის თქმით, პარლამენტმა შეაჩერა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც აღსრულების პროცესის პირველ თებერვლამდე გადავადებას ითვალისწინებდა.
"პრაქტიკულად ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე კვლავ იმედის გარეშე დარჩა. მათ წინაშე რეალურია საფრთხე, უსახლკაროდ დარჩნენ და შეუერთდნენ იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან. ეს ცვლილებები არ იყო პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა, თუმცა ეს იყო შესაძლებლობა, რომ ადამიანებს ამ 6 თვის განმავლობაში მოეხდინათ რესურსების მობილიზება და უსახლკაროდ არ დარჩენილიყვნენ. იმის ნაცვლად, რომ ეს კანონი პარლამენტს რამდენიმე დღის წინ მიეღო, ცვლილებების ბედი დღეს საერთოდ გაუგებარია", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, "ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკის გამო დაზარალდნენ".
"ამ ადამიანების უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნა წინა ხელისუფლების პასუხიმგებლობაა და ეს ხელისუფლება ვალდებულია, შექმნილი ვითარება გამოასწოროს, მით უფრო, რომ წინასაარჩევნოდ მათი ერთ-ერთი დაპირება სწორედ ეს იყო. დღეს ვხედავთ, რომ ეს და სხვა წინასაარჩევნო დაპირებებიც არ სრულდება. პარლამენტი სააკაშვილის რეჟიმთან კოჰაბიტაციით არის გართული და ეს კანონპროექტი ჰაერში გამოკიდებული რჩება. ამასთან, გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია – აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის ერთი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა შეეჩერებინა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, გასაგებია, რომ საბანკო სექტორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ბანკების მიერ გაცემული მაღალპროცენტიანი სესხებია. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ის იქნებოდა, რომ ბანკებს სესხები "ნორმალურ" პროცენტში გაეცათ.
"ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სწორი ფორმულირება მოძებნოს, მიიღოს კანონი, რათა შეჩერდეს ადამიანების ქუჩაში გამოყრა. ხელისუფლებას ეს ვალდებულება აქვს და იმედი მაქვს, ის ამას შეასრულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და ძალიან მარტივად გადავწყვეტთ ამ პრობლემას წართმეული ქონების უკან დაბრუნებით", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნათია რთველიაშვილი
No comments:
Post a Comment