საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, "რუსეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების პოზიცია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს საფრთხეს უქმნის".
დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ზალკალიანმა ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს ჰქონდათ მცდელობა ფორმატისა და იმ მოდალობების შეცვლისა, რომელიც კონსესუსის საფუძველზეა შექმნილი.
"მათი ეს ქმედება ორკესტრირებული იყო რუსეთის ფედერაციის წარმომადგნლების მხრიდან. ჩვენ მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ სწორედ ეს მცდელობები, რომლებიც მიმართულია კონსესუსის საფუძველზე ჩამოყალიბებული ფორმატის შეცვლისკენ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჟენევის მოლაპარაკებებს და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სოხუმის, ცხინვალისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ. ჩვენი დამოკიდებულება მეტად კონსტრუქციული იყო. თანათავმჯდომარეები იძულებულები შეიქმნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაწილეებისთვის მიეთითებინათ, რომ აღედგინათ ჩვეულებრივი ფორმატი, შემდეგ კი იძულებულები გახდნენ, შეხვედრა ჩაეშალათ", - განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან, მან თანათავმჯდომარეებს მტკიცე პოზიციის გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შემდეგ რაუნდზე, რომელიც 15-16 ოქტომბერსაა დაგეგმილი, გაირკვევა, რომელი წარმომადგენლები მიიღებენ მასში მონაწილეობას.
დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს სრული ინფორმაცია მიაწოდა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თანათავმჯდომარეებმა სრული მხარდაჭერა გამოცხადეს ქართულ მხარეს და მათ ერთობლივად მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ, მოქალაქეთა თავისუფალი გადადგილების უფლებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემისკენ, ასევე მათ მოუწოდეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ადგილზე ერთობლივი ვიზიტების განხორციელებისკენ.
ნინო ჩიჩუა
No comments:
Post a Comment