July 4, 2013

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო არჩევნების წინ უკანონო შემოწირულობის სახით, ბიუჯეტიდან 5 240 880 ლარი მიიღო"

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ უკანონო შემოწირულობის სახით, ბიუჯეტიდან 5 240 880 ლარი მიიღო.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის  მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა.


"გაცნობებთ, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოავლინა, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", კანონის გვერდის ავლით, პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა დასაქმების პროგრამისთვის გამოყოფიული საბიუჯეტო სახსრები და მიიღო უკანონო შემოწირულობა 5 240 880 ლარი. კერძოდ, 2012 წელს სოციალური მომსახურეობის სააგენტომ საქართველოს მთავრობის დასაქმების პროგრამის ფარგლებში განახორციელა შრომითი ხელშეკრულებების დადება 21 827 პირთან, რომლებმაც წინასაარჩევნო სააგიტაციო სამუშაოები განახორციელეს პარტიის სასარგებლოდ. აქვე დადგინდა, რომ დასაკონტრაქტებელ პირთა სია შედგენილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული აქტივისა და მხარდამჭერებისაგან, რომლებიც ინფორმირებულიც კი არ იყვნენ დასაქმების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ. აღნიშნული ცხადჰყოფს, რომ რიგი სახელმწიფო უწყებების მიერ უგულვებელყოფილი იქნა დასაქმების პროგრამის მიერ დასახული მიზნები და საბიუჯეტო სახსრები მიმართული იქნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ. შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო უკანონო შემოწირულობა 5 240 880 ლარის ოდენობით. პარლამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის ამნისტიის აქტის შესაბამისად, მოკლებული ვართ საქმის ადმინისტრაციული წარმოების უფლებას, შესაბამისად, ანგარიშს შემდგომი გამოძიებისთვის საქართველოს მთავარ პროკრატურას ვუგზავნით", - განაცხადა აზნაურაშვილმა. 




ნათია რუხაძე
„პირWელი“

No comments:

Post a Comment