July 4, 2013

"სააკაშვილი ძალიან დააბნია იმის შიშმა, რომ "ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავს ეროვნული გმირის სტატუსით ვერ შეხვდება"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის განცხადებით, "მიხეილ სააკაშვილი ძალიან დააბნია იმის შიშმა, რომ "ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავს ეროვნული გმირის სტატუსით ვერ შეხვდება".

ამის შესახებ მიროტაძემ დღეს "Front News"-ის პრესკლუბში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის რამდენჯერმე შეცვლის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. 


"საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. მიმაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი გამოვლენა იმისა, თუ როგორ უპასუხიმგებლოდ უდგება საქართველოს პრეზიდენტი ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნებია. მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან დააბნია იმის შიშმა, რომ "ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავს ვერ შეხვდება ეროვნული გმირის სტატუსით. გარდა ამისა, ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ მას ძალიან უნდოდა ვილნიუსის ძალიან მნიშვნელოვან სამიტზე პრეზიდენტის რანგში წარმდგარიყო და არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მას კიდევ ერთხელ გაეჟღერებინა საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები. თქვენ გახსოვთ, სტრასბურგში გამოსვლის დროს, ის საკუთარ ხალხსა და საკუთარი ხალხის არჩევანზე ძალიან ცუდ კონტექსტში საუბრობდა. მე მომეჩვენა, რომ ის არ იყო საქართველოს პრეზიდენტი. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა შეეძლოს, როგორც ღირსეულად მოსვლა, ისე ღირსეულად წასვლა", - აცხადებს მიროტაძე.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში კანონის ჩარჩოებიდან და პოლიტიკური სივრციდან არ გავიდნენ.

"ვისურვებდი, რომ ეს 4 თვე ყოფილიყოს მშვიდი და არ ყოფილიყოს პროვოკაციები, თუმცა არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ‘’ნაციონალური მოძრაობა" ამ 4 თვეს არ გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. რამდენად წარმატებული იქნება ეს მათთვის, ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ ალბათობა მაღალია. მოვუწოდებდი, რომ კანონის ჩარჩოებიდან და პოლიტიკური სივრციდან არ გავიდნენ", - განაცხადა მიროტაძემ და დასძინა, რომ "ახალი არჩვენებით შევარდნაძე-სააკაშვილის ერთობილივი დიდი ეტაპი მთავრდება".

"ეს უნდა დასრულდეს და საქართველოს უნდა მიეცეს შანსი, რომ ჩვენ ახალი ქვეყნის მშენებლობა დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ", - დასძინა დეპუტატმა. 

ნათია რუხაძე
„პირWელი“

No comments:

Post a Comment