უშიშროების საბჭოს სხდომის მუშაობაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის მიუღებლობის სავარაუდო მიზეზებსა და მოსამართლეთა კონფერენციის შედეგებზე, "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა
- ბატონო რამაზ, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა უკვე მეორედ თქვა უარი პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს პრეზიდენტისვე თავმჯდომარეობით გამართული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე, რომლის წევრიც თავადაც არის. თქვენი აზრით, რისი დემონსტრირება სურს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს უშიშროების საბჭოში მონაწილეობის მიუღებლობით?
- სავარაუდოა, რომ რაღაც იმდაგვარი რამ ხდება, რასაც პარლამენტარები ხშირად მიმართავენ. მაგალითად, პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობენ კენჭისყრაში ან საერთოდ ტოვებენ დარბაზს და ეს პოლიტიკურ აქციად არის მიჩნეული. თუკი დისტანცირება, ბოიკოტირება პოლიტიკური აქციაა პარლამენტის შემთხვევაში, მე მგონი, სხვა შემთხვევებშიც შეიძლება პოლიტიკური შინაარსი ჩავდოთ ასეთ ნაბიჯში.
შესაძლოა, ამ ბოიკოტის მიზეზი არის ის, რომ უშიშროების სხდომის თავმჯდომარე არის პრეზიდენტი, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივანი - პრეზიდენტის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი წევრი, ფაქტობრივად ეს ორგანო კონტროლირდება "ნაცმოძრაობის" მიერ. ამ შემთხვევაში მისადმი ივანიშვილის დამოკიდებულება ზოგადად გასაგებია. გარდა ყველაფერ ამისა, ალბათ ეს დამოკიდებულება თავს არ გამოავლენდა, რომ არ იყოს კიდევ ერთი ფაქტორი - ეს ორგანო პრაქტიკულად უმოქმედო იყო და ასეთივე უმოქმედობას განაგრძობს ახლაც. ანუ, არაეფექტურ მოქმედებას.
ზუსტად ასეთი ფორმულირება მისცა საბჭოს მუშაობას შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ. საკითხები, რისთვისაც იმართება უშიშროების საბჭოს სხდომები ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 8 თვიანი პასიურობის ფონზე, უშიშროების საბჭოს არც კომპეტენციაში და არც გადაწყვეტის სფეროში არანაირად არ შედის. რა უნდა ემსჯელა უშიშროების საბჭოს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების თავდაცვის თაობაზე? ეს ხომ ნატო-ს პრეროგატივაა და მასში შესაძლოა, მონაწილეობა რეკომენდაციების დონეზე ჩვენს თავდაცვის სამინისტროს შეიძლება მიეღო.
მეორე მხრივ, ვიდრე ჯერ კვლევა-ძიება არ დასრულებულა, თუ ვინ დაამზადა და განათავსა ინტერნეტში მუქარის შემცველი ვიდეომასალა, რაზე უნდა ემსჯელა ამ საკითხზე უშიშროების საბჭოს, გაუგებარია. ძიების შედეგებზე მსჯელობა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ როცა გამოძიება დასრულებული არ არის, მსჯელობა გაუგებარია. ასე რომ, რისთვის შეიკრიბა ამ შემთხვევაშიაც უშიშროების საბჭო, რომელსაც ჯარისკაცების დაღუპვასთან დაკავშირებით რეაქციაც არ ჰქონია, უშიშროების საბჭოს დღის წესრიგიდანაც გაუგებარი იყო.
გამოდის, რომ სხდომის ჩატარებაში რაღაც სხვა, პოლიტიკურ შინაარს დებს პრეზიდენტი. შესაძლოა, იმის დემონსტრირება სურდა, რომ ქვეყანაში კოჰაბიტაცია ხდება, მისი ინიციატორი და ავტორი არის თვითონ და ამ დეკორაციაში თავად სურს როლები გადაუნაწილოს ყველას და მათ შორის პრემიერსაც. უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიუღებლობით, პრემიერმა თქვა, რომ სააკაშვილის სპექტაკლში მონაწილეობას არ იღებს. ჩემი აზრით, ამაში გაუგებარი არაფერი არ უნდა იყოს.
- სააკაშვილმა განაცხადა - "უშიშროების საბჭო არის ფორმატი, სადაც ყველანი უნდა დავდგეთ პიროვნულ ემოციებზე მაღლა."ივანიშვილი პიროვნულ ემოციებზე მაღლა ვერ დადგა, თუ რისი თქმა უნდოდა პრეზიდენტს ამ განცხადებით? - "ნაცმოძრაობა" სულ ცდილობს პიროვნულ ემოციებში ჩასვლას. სხვათა შორის, დასავლეთიც ხშირად აკეთებს ასეთ ინტერპრეტაციას. აი, პიროვნული ინტერპრეტაცია გვერდზე გადადეთ, დასხედით და კოჰაბიტაცია მოახდინეთ. 8 თვე სად იყო პიროვნული ემოციები? თუ ამ 8 თვის განმავლობაში ქვეყანას არაფერი არ უჭირდა? თუ კოჰაბიტაციის თემა იყო იმისთვის საჭირო, რომ უშიშროების საბჭო სხდომა მოეწვიათ და მას საქმიანი სახე ჰქონოდა. ასეთი ნაბიჯი 8 თვის განმავლობაში პრეზიდენტს არ გადაუდგამს. სამაგიეროდ, დიდი დაფინანსების მქონე უშიშროების საბჭო პრეზიდენტმა ამუშავა ივანიშვილის წინააღმდეგ პროპაგანდაზე.
- უშიშროების საბჭოს სხდომაში მოანაწილეობა-არმონაწილეობაზე ივანიშვილის განცხადებას გაუგებრობის ელფერი დაჰკრავდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ საერთოდ არ აპირებს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობას, მაგრამ ამის შესახებ მკაფიოდ პრაქტიკულადაც არაფერი არ უთქვამს. თქვენი აზრით რატომ? - ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევარია, ვუყურებთ ადამიანს, რომლის სახეც იქამდე საერთოდ არ ვიცოდით. ვიცოდით მარტო სახელი და საქმე. ამ წელიწადნახევრის დასაწყისში უდავო იყო, რომ პრემიერის პლუსს პოლიტიკური რიტორიკა არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ვნახეთ, რომ საკმაოდ ეფექტურად აითვისა საჯარო გამოსვლების რიტორიკა, მიტინგებზე მისი გამოსვლები პრაქტიკულად უშეცდომო იყო და ეფექტური გახლდათ.
არსებობს კიდევ ინტერვიუების რიტორიკა, რომელიც, როგორც ჩანს, მას კიდევ ასათვისებელი აქვს. ამიტომაცაა, რომ მას ძალიან ხშირად უხდება რომელიმე ინტერვიუს შემდეგ ძველ ნათქვამთან დაბრუნება და მისი არგუმენტირება ან უარყოფა. ჩემი აზრით, იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მან თქვა, რომ "არ მაინტერესებს", მაგრამ გაუგებარი დარჩა, თუ არ აინტერესებს, მაშინ ძიებას რატომ მისცა ბიძგი, რატომ მსჯელობს ამ თემაზე და ასე შემდეგ.
გამოვლინდა, რომ ინტერესი კი აქვს, მაგრამ მის განცხადებას ზუსტი ფორმულირება აკლდა. ჩემი აზრით, მას არ აინტერესებს აქტუალურ თემებზე უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობის აზრი. უშიშროების საბჭოს სხვა წევრებთან მას კონტაქტი აქვს და იმავე საკითხების მიმართ ინტერესიც აქვს და ინფორმირებულიც არის.
- რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას უშიშროების საბჭოს შემდეგი სხდომის მუშაობაში? თუ არ მიიღებს, რატომ ამის შესახებ არ თქვა?- ეგეც რიტორიკის ნაწილია, რა უნდა ითქვას და რა არ უნდა ითქვას. როგორც ჩანს, მას ჯერ იმდენად მკაფიოდ არ ჩამოყალიბებია პოზიცია, რომ გამოკვეთოს პრინციპული ფორმულა, თუ რატომ არ მიიღებს მონაწილეობას. მას ეს რომ გაეკეთებინა, არგუმენტაციაც უნდა მოეყოლებინა და დაახლოებით იგივე თემებს უნდა შეხებოდა, ეს კი საკმაოდ გრძელი საუბრის თემაა. მეორე მხრივ, შესაძლოა, იგი სპეციალურად არიდებს თავს ასეთ არგუმენტაციას, ვინაიდან, ამ ტიპის მოვლენებს გამადიდებელი შუშით უყურებენ დასავლელი პარტნიორები და თვლიან, რომ ეს ივანიშვილის მხრიდან კოჰაბიტაციის ღალატი იქნებოდა. აშკარაა, რომ ივანიშვილს ამ თემაზე გახსნილი ტექსტით საუბარი არ უნდა უცხოური აუდიტორიის არსებობის გამო.
- უკვე დაანონსდა, რომ უშიშროების საბჭო მომავალ კვირასაც შედგება. თქვენი აზრით, პრემიერი მიიღებს მასში მონაწილეობას თუ არა? - იმ ვერსიით, რომელიც მოგახსენეთ და, რომლითაც მე ვუყურებ ამ პროცესს, ამ ვერსიიდან გამომდინარე, წესით არ უნდა მივიდეს. მეორეს მხრივ, ამ პროცესში მისი მონაწილეობა შესაძლოა, ძალიან მწვავე ურთიერთობის საფუძველი გახდეს. ასეთი გამწვავების სურვლიც მას წესით არ უნდა ჰქონდეს. ოქტომბრამდე რაღა დარჩა და რა დროს ვითარების გამწვავებაა. ჩემი აზრით, ივანიშვილი მაინც ეცდება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა უშიშროების საბჭოს მუშაობაში. მე მაინც მგონია, რომ ქვეყნისთვის აჯობებს, რომ ამ ორი ფიგურის დაჯახების პრეცედენტი არ შეიქმნას.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომების ჩატარებით გაუჩნდა იმის დემონსტრირების საშუალება, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ფიგურაა. მანამდე პრეზიდენტი თავად ერიდებოდა საჯაროდ პრემიერთან შეხვედრას, ამისთვის საზღავრგარეთ არაერთხელ წასულა, ავღანეთშიც მისი ვიზიტი ამას ემსახურებოდა. ასევე რჩება შთაბეჭდილება, რომ უშიშროების სხდომის ჩატარებაში პიარის მომენტი სჭარბობს... - ჩემი აზრით, რაც უშიშროების სხდომების ჩატარებას ეხება, მთლიანად პიარის ელემენტია, ვინაიდან მას სხვა ქმედითი კომპონენტები არ გააჩნია. ამ დღეებში ითქვა, რომ უშიშროების საბჭოს ფუნქცია ანალიტიკური მასალის მომზადებაა. აპარატის შენახვა იმისთვის არის საჭირო, რომ ამ აპარატმა იმუშაოს. მაგრამ, ამ აპარატის მიერ მომზადებული ანალიზი თუ არ გადავიდა აღმასრულებელ სტრუქტურებში, მაშინ გაუგებარია, ეს ანალიზიც რა საჭიროა. ისიც გასარკვევია, თუ რას იძლევა უშიშროების საბჭო დღევანდელ რეჟიმსა და მოცემულ პირობებში.
პრეზიდენტმა საბჭოს ფუნქცია უპოვა და არც გახადა იგი ქმედითი. მას ასე საკითხი არ დაუყენებია. მაგრამ იგი არსებულ ვითარებაში ზის როგორც სიტუაციის მმართველი. დიახ, მისი ეს ქცევა პიარია და რა თქმა უნდა, ორმაგი პიარი. ერთი მხრივ, უპირველეს ყოვლისა უცხოელებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, პიარი საკუთარი თავისა და საკუთარი მხარდამჭერებისათვის.
- მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს შვიდი მოსამართლე წევრი აირჩია. დამკვირებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსამართლეებზე აშკარად არ იმოქმედა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწოდებებმა, გაეკეთებინათ დამოუკიდებელი და საკუთარი სინდისის შესაბამისი არჩევანი. თუ არჩეულებს და არჩევნებში მონაწილე მოსამართლეების კომენტარებს არ ჩავთვლით, დამკვირებელთა უმრავლესობის მტკიცებით, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბების მცდელობა ჩავარდა. თქვენ როგორ შეაფასებდით მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის შედეგებს და რა ვითარება მივიღეთ მართმსაჯულების სისტემაში?- სამწუხაროდ, მე მაინც მგონია, რომ ჩემი სპეციალობის უგულვებელყოფა არა მარტო საქართველოშია პრობლემა. ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, ეს უფრო თვალშისაცემია. კერძოდ, რატომღაც პოლიტიკოსთა უმრავლესობას ჰგონია, რომ თუკი ადამიანებს მისცემ დამოუკიდებელი არჩევანის საშუალებას, ცხოვრება კარგად აეწყობა და მხოლოდ ამაშია პრობლემა. მაგრამ პრობლემა იმაშიცაა და ამაზე კლასიკური ექსპერემენტების შედეგებიც მიუთითებენ, რომ შესაძლოა, ადამიანებს არჩევანის უფლება კი მისცე, მაგრამ თუ მათ არჩევანის გასაკეთებლად შესაბამისი კომპეტენცია არა აქვთ, ისინი სისტემას დაანგრევენ. ადამიანს არჩევანის გაკეთებისას ან კომპეტენცია უნდა ჰქონდეს, ან მოტივაცია.
ჩვენ მოსამართლეებს მივეცით გადაწყევტილების თავისუფლად გაკეთების უფლება, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ვისაც ამ საკითხებზე მუშაობა ევალებოდა არ გაანალიზა, რამდენად მოტივირებულები იქნებოდნენ მოსამართლეები, რომ იდეალურთან მიახლოვებული სასამართლო სისტემისათვის ჩაეყარათ საფუძველი. როგორც ჩანს, მათი უმრავლესობა მოტივირებული იყო იმაზე, რომ დაფარულიყო მათი ადრინდელი ნამოქმედარი, რისი გარანტიაც იქნებოდა იუსტიციის საბჭოში ოდიოზური მოსამართლეების არჩევა. ამიტომაც მივიღეთ ისეთი იუსტიციის საბჭო, როგორიც მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
No comments:
Post a Comment