June 6, 2013

დავით ბერძენიშვილი: ბურჯანაძის, კუკავასა და ბაღათურიას პარტიები კვალიფიციური სუბიექტები არ არიან

პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებით კოალიციის შეთავაზება პარტიათა მდგომარეობას ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამის შესახებ "მაესტროს" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უმთავრესი კრიტერიუმია, რომ  ყველა კვალიფიციური სუბიექტი, რომელიც დღეს გარკვეულ დაფინანსებას იღებს, გაცილებით უკეთ დაფინანსდეს. 

"საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გარკვეული შედეგის მქონე პარტიებს, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე 4%-ი, ხოლო თვითმმართველობის არჩევნებზე  3%-ი  და მეტი აიღო, იღებს დაფინანსებას. დღეს, დაფინანსებას, კოალიციის ექვსი პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" იღებენ. გარდა ამისა, პროცესში ჩართულნი არიან არასაპარლამენტო პარტიებიც და საკანონმდებლო ინიციატივაში მათი წინადადებები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. საბიუჯეტო დაფინანსება, თითოეული პარტიისთვის თუ ბლოკისთვის,  წელიწადში 150 ათასია.  მათი წინადადებაა, რომ  ეს თანხა 300 ათასამდე გაიზარდოს. ჩვენ ეს გავიზიარეთ და სამუშაო ვერსიაში შევიტანეთ". - განაცხადა ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავასა და ჯონდი ბაღათურიას პარტიებს,ბერძენიშვილის თქმით,  ისინი კვალიფიციური სუბიექტები არ არიან და სუბიექტის კვალიფიციურობას მხოლოდ კანონი განსაზღვრავს. 
"ის, რომ კახა კუკავამ შუალედური არჩევნების დროს ნაძალადევში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდანტს მოუგო, არ ნიშნავს, რომ მისი პარტია მეორე პარტიაა. არსებობს კვლევები და მათი მიხედვით, "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" პროცენტი კახა კუკავას პარტიის პროცენტს აღემატება". - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 


timer.ge

No comments:

Post a Comment