საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა მიმართულებით უნდა იაროს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას მტკიცედ ადგას.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმას ბიძინა ივანიშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მივესალმები, რომ საქართველოს უკვე მესამედ ეწვია ჩრდილოატლანტიკური საბჭო. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობა წარმატებულად და ინტენსიურად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტის დროს შესაძლებლობა გვექნება, საფუძვლიანად გაეცნოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და გამართოთ ნაყოფიერი შეხვედრები.
თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ნატო-ში ინტეგრაცია - ეს არ არის რომელიმე მთავრობის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის არჩევანი. ჩვენს ხალხს მშვენივრად ესმის, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაცია ის ერთადერთი გზაა, რომელიც თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში შეგვიწყობს ხელს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის, რასაც ალიანსი და ალიანსის წევრი ქვეყნები იჩენენ.
მისივე თქმით, საქართველოს თავის მხრივ, თანმიმდევრულად და პირნათლად შეაქვს თავისი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განტკიცების საქმეში
"ჩვენი სამხედროები მოკავშირეების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში. საქართველო 1600- კაციანი შემადგენლობით ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის სამხედრო კონტიგენტის უმსხვილესი კონტრიბუტორია და ჩვენ 2014 წლის შემდეგაც არ შევწყვეტთ ამ მხარდაჭერას და ჩვენს წვლილს შევიტანთ ავღანური ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში. მოგეხსენებათ, საქართველოში ხორციელდება დემოკრატიული რეფორმები, რაზედაც მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები გახლდათ უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვინაიდან ეს იყო ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით გადაცემის პირველი შემთხვევა. ჩვენ მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად, მაღალია უმუშევრობის დონე, ხორციელდება მრავალი რეფორმა სხვადასხვა სფეროში და ეს მუდმივი და ხანგრძლივი პროცესია.
ამასთან, მოგეხსენებათ, რომ საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს, რაც სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას. 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას კვლავ არ ასრულებს რუსეთის მხარე. ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია, ჩვენს წინაშე გლობალიზებული და სწრაფად განვითარებადი მსოფლიოს მრავალი გამოწვევა დგას. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინაშე, მაგრამ უმთავრესი მაინც ის არის, რომ ამ ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა მიმართულებით უნდა იაროს. იგი განუხრელად და მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ამმხრივ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქართველი ხალხი ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებების და ერთგულია. სწორედ ამაზე დგას ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა. სწორედ ეს არის მყარი ფუნდამენტი იმისა, რასაც ნატო-სკენ მიმავალ გზაზე ჩვენი წარმატება დაეფუძნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნინო ჩიჩუა
No comments:
Post a Comment