სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დათა ახალაია სამართლებრივ პასუხისგებაში მთელი რიგი მუხლებით მიეცემა.
ამის შესახებ თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, მათ შორის, იმ პირებისაც, რომლებიც გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულ 4 პირს ციხეში კომფორტულ გარემოს უქმნიდნენ.
"დადგება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს უკვე სახეზეა. უბრალოდ პირველი ვანო მერაბიშვილის ბრალი იყო. ამ დღეებში წარედგინება ბრალი სხვა ფიგურანტებსაც და არაერთი პირი მიეცემა პასუხისგებაში. ახალაია ამ დანაშაულთან დაკავშირებით რასაკვირველია, პასუხისგებაში მთელი რიგი მუხელებით მიცემა. შემდეგ მიეცემიან პასუხისგებაში მთელი რიგი პირები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათ ყოფნასთან დაკავშირებით ფიგურირებდნენ და ჩადიოდნენ მთელ რიგ კანონდარღვევებს, რათა ამ ოთხი პირისთვის კომფორტული გარემო შეექმნათ და მათ არ ეგრძნოთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ასე ეპიზოდებად მიჰყვება სხვადასხვა ეტაპზე მოქმედი თანამდებობის პირები", - განაცხადა მწარიაშვილმა.
ამასთან, თბილისის პროკურორის თქმით, მაშინ საქმიდან ამოიღეს მოწმე ზაალ ქურციკიშვილის ჩვენება.
“მაისურაძე, ბუხაიძე დაიკითხნენ და კიდევ არაერთგზის დაიკითხებიან. გარკვეული ეჭვები მეც მაქვს მათ ჩვენებებთან დაკავშირებით. ზაალ ქურციკაშვილი არის სრულიად ახალი მოწმე, რომელიც ჩვენ ამ გამოძიების პირობებში დავკითხეთ. ეს მოწმე მანამაც არსებობდა და ცნობილი იყო მისი არსებობა. დაკითხული იყო მანამდეც, მაგრამ საქმეში მისი ჩევნება სხვადასხვა ვითარების გამო არ აღმოჩნდა. ანუ ეს იყო მოწმე, რომლიც ამ დანაშაულს სუფრასთან აკავშირებდა, რომელიც პრინციპში იძლეოდა ჩვენებას, რომ ეს დანაშაული მოხდა იმიტომ, რომ გირგვლიანს სუფრასთან გარკვეული დაპირისპირება მოუვიდა, ამიტომ ეს მოწმე მოსაცილებელი იყო და იმ დროინდელმა გამოძიებამ მოიცილა კიდეც", - განაცხადა მწარიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილს დღეს ბრალი სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაუმძიმდა.
ნათია რუხაძე
No comments:
Post a Comment