June 25, 2013

პროკურატურა - პრეზიდენტის მიერ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალება კანონის დარღვევით განხორციელდა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალება და მათი ვადამდე-პირობით გათავისუფლება განხორციელდა ტენდენციურად, კანონის მოთხოვნათა და დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევით, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, სადაც გირგვლიანის საქმეზე ახალი ხელისუფლების პირობებში მიმდინარე გამოძიების შედეგები პროკურორმა ირაკლი ტყეშელაშვილმა წარმოადგინა. 

მისი ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, რომლისთვისაც დანაშაულის ჩადენის დღიდან, ზუსტად იყო ცნობილი მომხდარი დანაშაულის უკლებლივ ყველა დეტალი, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის თამარ (თაკო) მერაბიშვილი-სალაყაიას, აგრეთვე, სხვა მასთან დაახლოებული პირების (დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის და სხვათა), მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით, უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება. 
"მერაბიშვილმა შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას, რამაც პრაქტიკულად ზუსტი ასახვა ჰპოვა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში, როდესაც მართლმსაჯულების უმაღლესმა ევროპულმა ინსტანციამ, დაადგინა, - ვციტირებთ: "სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები შსს, პროკურატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, შიდა სასამართლოები, საქართველოს პრეზიდენტი და ა.შ _ ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება", - განაცხადა პროკურორმა. 


ინტერპრესნიუსი

No comments:

Post a Comment