June 2, 2013

მეთიუ ბრაიზა: ვაშინგტონისთვის არ შემინიშნავს შიში იმის გამო, რომ საქართველო წავაგეთ რუსეთთან

პოლონურმა გაზეთმა "გაზეტა ვიბორჩა" გამოქვეყნა ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ დიპლომატთან მეთიუ ბრაიზასთან, რომელიც პრეზიდენტ ბუშის დროს უშუალოდ იყო დაკავებული მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებით...

- ღირს თუ არა დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხთან მიბრუნება?


- ეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამიტომ გასაგებია, რომ ქართველებს სურთ კიდევ ერთხელ განიხილონ ეს საკითხი. 

- პრემიერმა ივანიშვილმა არაერთხელ დაადანაშაულა სააკაშვილი პროვოკაციაში. თქვენ, როგორც მოწმე იმ მოვლენებისა, როგორ აფასებთ პრეზიდენტის მაშინდელ ქმედებას, სააკაშვილმა გადადგა პირველი ნაბიჯი?

- არა. მე სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული ვიქნები იმაში, რომ რუსეთმა მოახდინა სააკაშვილის პროვოცირება,. მათი მხრიდან მოხდა პირველი გასროლა, ოსებმა რუსებისგან მიიღეს ბრძანება, რომ ესროლათ. საქართველომ უპასუხა და ძალიან შორსაც წავიდა, მოსკოვსაც ეს უნდოდა. ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა. 
სააკაშვილის შეცდომა ის იყო, რომ მან ყური არ დაუგდო მეგობრებს, რომლებიც მას ეუბნებოდნენ: "თუ თქვენ თვლით, რომ რუსებს საქართველოში შემოჭრა აქვთ განზრახული, დადექით თავდაცვით პოზიციებზე, რადგან თუ საქმე მართლაც შემოჭრამდე მივა, თქვენ მათ ვერ შეაჩერებთ. ხოლო თუ თქვენ პროვოკაციაზე უპასუხებთ, მაშინ ისინი იტყვიან, რომ თქვენ დაიწყეთ და ჩვენ არ გვექნება ისეთი პოლიტიკური გავლენა, როგორიც მათ ექნებათ". სწორედ ასე მოხდა ყველაფერი. 

- კი, მაგრამ , რატომ არ იღო ყურად სააკაშვილმა მისი უმნიშნელოვანესი მოკავშირის რჩევა? სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი 2008 წელს თბილისში იყო, პრეზიდენტი ბუში კი აპრილში ორჯერ ელაპარაკა სააკაშვილს... 

- მან გადაწყვიტა, რომ არჩევანი არ ჰქონდა. მან ჩათვალა, რომ პროვოკაციას თუ პასუხის გარეშე დატოვებდა და ქართულ მიწებს არ დაიცავდა, საქართველოს ისტორიაში შევიდოდა როგორც მშიშარა, ან როგორც პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი მისია ვერ შეასრულა. მე, აგრეთვე, ვთვლი, რომ მისი გარემოცვა მას არასწორ რჩევებს აძლევდა. 

- დღეს, ობამას ადმინისტრაცია ისეთსავე ყურადღებას არ უთმობს ამიერკავკასიის ქვეყნებს, როგორი ყურადღებაც ბუშის ადმინისტრაციის დროს ეთმობოდა? 

- მე გაოცებული ვარ ჩვენი ახლანდელი პოლიტიკით კავკსიაში - ესაა უკანდახევის ტაქტიკა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ გავამწვავოთ. ამიტომაც გადაწყდა, რომ ყველაზე მარტივია ყველა ცოდვა სააკაშვილს ავკიდოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს გიგანტური შეცდომაა, არა მარტო იმიტომ, რომ კავკასია მართლაც მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ, რომ ეს რუსეთისთვის არაორაზროვანი სიგნალია: თქვენ შეგიძლიათ შეიჭრათ სხვა ქვეყნებშიც, მოახდინოთ პროვოკაციები, თქვენ ამის გამო პასუხს არ აგებთ. 

- ახალი მთავრობა ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას, თუმცა რუსეთის ჯარი ახლაც დისლოცირებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, მოსკოვმა კი აღიარა ამ რესპუბლიკების დამოუკიდბლობა, რომლებიც საქართველოს ნაწილები არიან.

- თბილისის პოზიცია ნათელია: როგორც პრემიერი ივანიშვილი, ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელია, ვიდრე რუსეთი, ფაქტიურად, ქართული ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს. ამის მიუხედავად, აუციელებელია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, რადგანაც არ არსებობს არანაირი საფუძველი ამ ტიპის თანამშრომლობის ბლოკირებისთვის. 

- საქართველოში სიტუაცია მაინც გაურკვეველია. კოალიცია "ქართულ ოცნებას" ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ის პოლიტიკური შურისძიებით მოქმედებს, სააკაშვილის მომხრეების მიმართ ხდება ბრალდებების წაყენება. ასეთი ხმები განსაკუთრებით ევროკავშირიდან ისმის. 

- "ქართული ოცნების" გამარჯვება ყველასთვის მოულოდნელი იყო. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თვითონ კოალიციაც მზად იყო ამისთვის. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ საქართველო ვითარდება უფრო ჯანსაღი მიმართულებით. მე ვაშინგტონისთვის არ შემინიშნავს შიში იმის გამო, რომ საქართველო წავაგეთ რუსეთთან. თბილისსაც, როგორც ადრე, ძალიან სურს, რომ მომავალში გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ვაშინგტონმა კმაყოფილება გამოთქვა ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემასთან დაკავშირებით. აშშ-ში ბევრს მოსწონს სააკაშვილი, მაგრამ მათ უფრო მეტად დემოკრატია მოსწონთ. 

- რა არის აშშ-ისა და ევროპის მიდგომებში ასეთი განსხვავების მიზეზი?

- სააკაშვილს ბრიუსელში არ ჰყავს ნამდვილი მეგობრები, რომლებსაც შეეძლებათ შეაფასონ ის, რაც სააკაშვილმა თავისი ქვეყნისთვის გააკეთა. მე მახსოვს საუბარი ედუარდ შევარდნაძესთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უიმედო იყო სიტუაცია, როდესაც საქართველო ყურებამდე იყო ჩაფლული "გაზპრომის" ვალებში და, შესაბამისად, ბოლომდე მასზე იყო დამოკიდებული. არ არსებობდა არავითარი მოქმედი საგადასახადო სისტემა, ბიუჯეტი, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანებოდა. ეს სააკაშვილმა და მასთან ერთად მოსულმა ხალხმა შეცვალეს საქართველო. მიუხედავად რუსეთთან ომისა, რითაც სააკაშვილმა თავი ხაფანგში გამოიმწყვდია, ბევრს ახსოვს მისი დამსახურებები. 

- დავუბრუნდეთ 2008 წლის ომს. პოლონეთში აქამდე კამათობენ იმასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და აგრეთვე, ლიტვის, უკრაინის, ესტონეთის პრეზიდენტებისა და ლატვიის პრემიერის ვიზიტი საქართველოში. პოლონეთის პრეზიდენტმა უკიდურესად ემოციური სიტყვა წარმოსთქვა. მან მართლა შეაჩერა რუსული ტანკები?

- ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის ვიზიტი იყო, ოღონდ არა ტანკებთან დაკავშირებით. ტანკები ამ დროს უკვე შეჩერებული იყო და ისტორიული წყაროები დაადასტურებენ, რომ ქართველები ამასთან დაკავშირებით უნდა უმადლოდნენ პრეზიდენტ ბუშის მწვავე გამოსვლას. მიუხედავად ამისა, იმ დღეების განმავლობაში ჩვენ გვეშინოდა, რომ პუტინი შეძლებდა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის დარწმუნებას და ტანკები დაიძვრებოდნენ თბილისისკენ, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებმა თავიანთი ვიზიტით თბილისში გაგზავნეს სიგნალი: "თქვენ წინ ვეღარ წახვალთ!"
მე ზუსტად იმ მომენტში ჩავფრინდი თბილისში, როდესაც რუსულმა ჯარმა ქართული თავდაცვა გაარღვია. მე უნდა დამემშვიდებინა სააკაშვილი და მომემზადებინა ის სამშვიდობო ქმედებისთვის. მაშინ პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუსეთს მოელაპარაკა საშინელ გარიგებაზე, რომელიც ფაქტიურად რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ლეგალიზებას ახდენდა. (პარიზი მაშინ ევროკავშირს თავმჯდომარეობდა). 
სააკაშვილი ვერ იტანდა ამ დოკუმენტს. მე არასოდეს დამავიწყდება მისი რეაქცია, როდესაც მე მის კაბინეტში შევედი. ის გაცოფებული იყო. ჩვენ გვეშინოდა, რომ მას საერთოდ უარი ეთქვა ამ შეთანხმებაზე. ის ცდილობდა, სარკოზის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში შესწორებები შესულიყო. ამან მართლაც შეაჩერა ომი. 

No comments:

Post a Comment