რატომ არ აქვს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ვიზიტები - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობაა. თავად პრემიერმა კი ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე ოპონენტების ამ შეფასებას "სიცრუის ტირაჟირება" უწოდა - "ევროინტეგრაციის მიმართულებით სწორად და გამართულად მივდივართ და ოპონენტების კრიტიკა აქაც გაუგებარია".
"წარუმატებლობაზე ლაპაკი შეიძლება გაზვიადებულიც იყოს, მაგრამ ის, რომ მოლოდინი არსებობდა და დღეს გაურკვევლობაა, ფაქტია. აშშ, გარდა იმისა, რომ ჩვენი მსოფლიოში მთავარი პარტნიორი და ჩვენი მთავარი მფარველია, შტატებთან ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია გვაქვს გაფორმებული, არაბუნებრივია, რომ ვაშინგტონში პრემიერის ოფიციალური ვიზიტი არ შედგა. რა არის ამის მიზეზი, ვერ გეტყვით და არ მგონია, რომ საქართველოში ბევრმა იცოდეს, ვაშინგტონსა და თბილისს შორის რეალური ურთიერთობა რა დონეზეა," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე.
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის პირველი პირი მუდმივად ვიზიტებს მართავს, გასული წლის არჩევნების შემდეგ პრემიერის ვიზიტების ჩამონათვალი ძალიან მწირია: ნოემბერში პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, ევროპარლამენტში შედგა, შემდეგ იყო აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, დავოსი და ბოლოს - სტრასბურგი.
მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრემიერს ქვეყნის შიგნით გაცილებით მეტი სამუშაო აქვს ჩასატარებელი და ის შაბათ-კვირასაც კი არ ისვენებს, ამიტომაც საგარეო ვიზიტები ვერ მოხერხდა.
"პრემიერს უამრავი შეხვედრა აქვს და ქვეყანაში მისი ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები დადიან უცხოეთში; ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ვიზიტია განხორციელებული და მომავალშიც დაგეგმილი. ასე რომ, საგარეო კუთხით ჩავარდნაზე საუბარი ზედმეტია. არ ვიცი, აშშ-ში ვიზიტი როდის შედგება. ბოლო პრესკონფერენციაზეც დაისვა კითხვა, რატომ გადაიდო აშშ-ში ვიზიტი და მან თქვა, რომ როდესაც ორივე მხარე შეთანხმდება და მიზანშეწონილად ჩათვლიან ოფიციალურ შეხვედრას, როდესაც ეს ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, ვიზიტის დაგეგმვაც მაშინ მოხდება," - აღნიშნავს პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი.
მისი თქმით, ერთი ოფიციალური ვიზიტი 24-25 ივნისს ისრაელში შედგება. პრემიერს მიწვევა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან აქვს.
თუმცა, როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, მთავარი შეკითხვა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ჩნდება.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილი პირველ ოფიციალურ ვიზიტს აშშ-ში გეგმავდა, აცხადებდა, რომ ოფიციალური მიწვევაც არსებობდა, თუმცა 8 თვის გასვლის შემდეგაც ეს ვიზიტი არ შემდგარა.
სოსო ცინცაძის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ს გარდა ივანიშვილს ვიზიტი არ ჰქონია არც ერთ დიდ ევროპულ დედაქალაქში: "ივანიშვილის ვიზიტი არ ჰქონია საფრანგეთში, რომლის მოქალაქე თავადაა, არც ბერლინში, იტალიასა და ლონდონში, არც ერთ გრანდ სახელმწიფოში. ეს კითხვებს ბადებს და ეს კენჭი საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოსტანშია ნასროლი. საგარეო უწყებას საზოგადოებისთვის უნდა აეხსნა ის ობიექტური მიზეზები, რის გამოც ჯერჯერობით ნაადრევი გახდა ვიზიტები მთავარ ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-ში. ეტყობა, დიპლომატიური არხები დალაგებული არ არის. თუ ივანიშვილი ვაშინგტონში ჩავა, ის აუცილებლად ობამას უნდა შეხვდეს. ოფიციალური ვიზიტის შემთხვევაში ერთი ქვეყნის პირველი პირი მეორე ქვეყნის პირველ პირს უნდა შეხვდეს. ამიტომ მგონია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ივანიშვილი ოფიციალურად პირველი პირი გახდება, ვაშინგტონში ჩავა და ობამას შეხვდება."
მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტები რეალურ პირველ პირს შეხვედრიან, თანაც, არჩევნების შემდეგ, როდესაც ივანიშვილი აცხადებდა, რომ მისი პირველი ვიზიტი ვაშინგტონში შედგებოდა, საგარეო ეწყებას უნდა სცოდნოდა, ივანიშვილს მიიღებდნენ თუ არა პირველი პირის რანგში და წინასწარი შეთანხმების გარეშე საჯაროდ ეს არ უნდა გაცხადებულიყო.
"საზოგადოება იყო მოლოდინში და საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, განმარტოს, რატომ არ შედგა ეს ვიზიტი. საპარლამენტო უმცირესობა მუდმივად ლაპარაკობს იმაზე, რომ ივანიშვილს ხელს არავინ ართმევს, არავინ ეპატიჟება, ვერსად ვერ ჩადის. ეს, რასაკვირველია, ზღაპრებია. აშშ-ში ახალი ელჩი გვყავს და რატომღაც დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონში ვიზიტი შემოდგომაზე შედგება. თუკი არ შედგა, სულ სხვა პასეანსი გვექნება. სააკაშვილის ხშირი ვიზიტები არაფერს ცვლის. მისი ვიზიტები ჩვეულებრივი დიპლომატიური ეტიკეტია," - დასძენს ცინცაძე.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ პრემიერისთვის საგარეო პოლიტიკა აქტუალური არ არის და ამ მიმართულებით გარკვეული კრიტიკის გამოთქმა შეიძლება.
"სააკაშვილის ვიზიტები, შეიძლება ითქვას, ინერციული ვიზიტებია. ის არანაირ ვალდებულებებს არ იღებს, არანაირ დაპირებებს არ იძლევა. არ მსმენია, რომ რაიმე სერიოზულ საკითხებზე ჰქონოდეს საუბრები. ივანიშვილისთვის კი დღეს ეს შეუძლებელია..." - ამბობს გოგოლაშვილი და ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასაც აკრიტიკებს.
"საგარეო მიმართულებით გარკვეული კრიტიკის გამოთქმა შეიძლება, ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერის მხრიდან საგარეო პოლიტიკა ისეთი აქტიური არ არის. ეს შეიძლება პირველ რიგში იმით აიხსნას, რომ ინსტიტუციურად პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოში პირველი ფიგურა არ არის. შესაძლოა, მას არაპირველი პირის რანგით არ სურს ვიზიტების განხორციელება და საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდებოდეს. შესაძლოა, ის ბარიერი, რომ პირველი პირი არ არის, არ აძლევს საშუალებას, ვიზიტებისას წარმოშობილ სხვადასხვა სახის დაპირებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
"გარდა ამისა, არავინ ამჟღავნებს, თუ რა სიგნალები მოდის დასავლეთის დედაქალაქებიდან. მგონია, რომ დასავლეთში ახალ მთავრობას აკვირდებიან, რაღაც ბოლომდე გარკვეული არ აქვთ და მაინცდამაინც ენთუზიაზმს არ ამჟღავნებენ, რომ პრემიერი მიიწვიონ. ნუ დაგვავიწყდება, რომ იყო გარკვეული შენიშვნები, თუნდაც პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებთან დაკავშირებით და ელოდებიან რეაგირებას, ელოდებიან, რამდენად არის საქართველო დასავლეთისთვის მოსასმენად მზად."
როგორც გოგოლაშვილი განმარტავს, მართალია, რომ როდესაც ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად მოვიდა, მან საჯაროდ განაცხადა აშშ-ში ვიზიტის მზაობასთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ მისი მხრიდან სიტუაცია სხვანაირად იყო დანახული.
"ივანიშვილს ეგონა, რომ როგორც კი პრემიერად მოვიდოდა, პრეზიდენტი გადადგებოდა. მოუწოდებდა კიდეც პრეზიდენტს, რაც მალე გადადგები, ჯობიაო. იმედი ჰქონდა, მთელი ძალაუფლება მას ექნებოდა. რადგან ეს ასე არ მოხდა, მისი გეგმებიც შეიცვალა. ამიტომაც არ სურს ალბათ, მეორე პირის პოზიციით წავიდეს ვაშინგტონში," - დასძენს გოგოლაშვილი.
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სახელისუფლებო ბერკეტებს ბოლომდე ვერ ფლობს, საგარეო პოლიტიკური გუნდი ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული და არც საგარეო პოლიტიკის კონცეფცია არსებობს. საგარეო პოლიტიკა ინერციით მიდის და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პრემიერს ვიზიტები არ აქვს.
მისი თქმით, ვიზიტების არარსებობის მეორე ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ თავად ივანიშვილი საგარეო პოლიტიკაში ჩახედული არ არის და ყურადღებას უფრო ქვეყნის შიგნით ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს აქცევს.
კორნელი კაკაჩია: "საგარეო პოლიტიკა ახალი ხელისუფლებისთვის თითქოს მეორეხარისხოვანი გახდა. ასევე არის ფაქტორი, რომ აშშ-სა და დასავლეთში საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ ერთიანი ხედვა არ არსებობს და არც ხელისუფლება იკლავს თავს საგარეო კუთხით. დოკუმენტი, რომელიც ხედვის დონეზე დაალაგებს საგარეო პოლიტიკას, რა იქნება ახალი და განსხვავებული, არ ჩანს. თუ საგარეო პოლიტიკა ასე მიუშვეს, შესაძლოა, ამას სავალალო შედეგები მოჰყვეს. აქტიურობა აუცილებელია. თუ სერიოზული ჩავარდნა მოხდა, მის ამოქაჩვას წლები დასჭირდება."
ეკა ბასილაია
resonancedaily.com
No comments:
Post a Comment