June 25, 2013

უახლოეს დღეებში გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში კიდევ რამდენიმე პირი მიეცემა

უახლოეს დღეებში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში კიდევ რამდენიმე პირი მიეცემა. 

ამის შესახებ თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა "მე-9 არხის" ეთერში განაცხადა. 

"საზოგადოებამ 4 პირი უკვე იცის, რომლებიც ამ საქმის გამო თავის დროზე მსჯავრდებულები იქნენ. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ წარდგენილი ბრალდება იმასაც გულისხმობს, რომ ისინი სასამართლოში არასრულფასოვანი ბრალდებით იქნენ წარდგენილები. სავარაუდოდ, ჩვენ ამ კვირაშივე ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებით კიდევ რამდენიმე პირს მივცემთ პასუხისგებაში. მომავალ პერსპექტივებზე კიდე ჯერ არ ვისაუბრებ", - განაცხადა მწარიაშვილმა. 

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილმა დანაშაული პირადი მოტივებით ჩაიდინა. 


"დანაშაული მერაბიშვილმა სამწუხაროდ, პირადი მოტივებით ჩაიდინა. პირად მოტივებში გამოძიება გულისხმობს იმასა, რომ "შარდენ ბარში" მომხდარი ინციდენტი გარკვეულწილად მის მეუღლესაც უკავშირდებოდა. ამ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფიგურანტი მისი მეუღლე იყო და ასევე შსს-ს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი დათა ახალაია. შესაბამისად, მისი მეუღლისა და დათა ახალაიას საქმიდან დისტანცირების მიზნით, ვინაიდან წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ამ სუფრას დაუკავშირდებოდა, მერაბიშვილმა იმისთვის, რომ ეს კავშირები ჩაეხსნა, მთელი რიგი მოქმედებები განახორციელა, რათა გამოძიების ვერსია შეეცვალა და წარმოედგინათ იმდაგვარად, როგორადაც ეს 2006 წელს წარმოდგინდა და დადგა კიდეც იმ 4 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი", - განაცხადა მწარიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილს დღეს ბრალი სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაუმძიმდა. 

ნათია რუხაძე
„პირWელი“

No comments:

Post a Comment