პოლიტიკური გადანაწილება იწყება. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სწორია თუ არასწორი, გვჭირდება თუ არ გვჭირდება, საქართველოში ახალი რეალობა დადგა და ცვლილებების სიო ქვეყანაში პოლიტიკურ ქარიშხლად გადაიქცევა თუ არა ქართველი ელექტორატის გადასაწყვეტია.
როგორია დღევანდელი დღის პოლიტიკური ლანდშაფტი და როგორია დე ფაქტო მდგომარეობა. ამ კითხვაზე პასუხი, ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაეცემა. რა სტარტეგიულ იდეებს განავითარებენ მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატები და სად გაივლის წითელი ხაზები პოლიტიკური პოლემიკის დროს?
ესაა ის ძირითადი კითხვები, რომლებზე პასუხსაც ოქტომბერში მივიღებთ. მანამდე კი ყველაზე უმადურ საქმეს მოვკიდოთ ხელი და პროგნოზები გამოვთქვათ. ვცადოთ და დავკავდეთ ამ "კეთილშობილური" საქმით. რა საარჩევნო პლატფორმაზე დადგებიან და რა სტატეგიას აირჩევენ საპრეზიდენტო არჩევნების ძირითადი მონაწილეები? ესაა ძირითადი კითხვა წინასაარჩევნო პროცესის გარიჟრაჟზე. მივყვეთ თანმიმდევრობით და აღვწეროთ უკვე წარდგენილი ან სავარაუდო კანდიდატების საპოლემიკო მიმართულებები:
კანდიდატი #1 - შალვა ნათელაშვილი - მონაწილეობაზე ორიენტირებული კამპანია
ბატონი შალვა ისევ გააგრძელებს შეთქმულებებზე საუბარს, ეცდება ყველა მოწინააღმდეგე კანდიდატი შესაფერისი ხატოვანი გამონათქვამებით შეამკოს. ისევ გააგრძელებს რიტორიკას - ერთხელ მანდეთ და ნახეთ რა ვქნაო. პოლიტიკური პოლემიკის წითელი ხაზი ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიმართულებით გაივლის. შესაბამისად უნდა ველოდოთ მარგველაშვილის მიმართ ახალ ხატოვან შეფასებებს, ისეთებს როგორებიცაა "მარგველაშვილი კონკიაა, ბიძინა კი ფერია", "მარგველაშვილი ბურატინოა, ბიძინა კი პაპა კარლო". იქნება მოწოდებები, რომ ყველაფერი ხალხს მივცეთ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ქონებაც და აქტიური მოწოდება ექნება დავაბრუნოთ პინგვინები ანტარქტიდაზე.
კანდიდატი #2 - გიორგი მარგველაშვილი - აუტოკამპანია.
ბიძინა ივანიშვილმა ბევრისთვის საკამათო, თუმცა ყველაზე მოულოდნელი და ეფექტური გადაწყვეტილება მიიღო, როცა პრეზიდენტობის კანდიდატად ფილოსოფოსი მარგველაშვილი დაასახელა. როგორც ჩანს, პლასტენილობის პრეტენზიის მქონე მარგველაშვილი გამორჩეულად უხიფათო და სტერილური ვარიანტია ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის. ის ჯერჯერობით ყველაზე სუფთა და ყველაზე ნაკლები პრობლემების მქონე კანდიდატია. მარგველაშვილი ახალი სახეა ქართულ პოლიტიკაში და რამოდენიმე გაურკვეველი განცხადება რომ არ გაეკეთებინა განათლების მინისტრად ყოფნის დროს, იდეალური კანდიდატი იქნებოდა ხალხისთვისაც და ბიძინა ივანიშვილისთვისაც. მარგველაშვილის წითელი ხაზი პრემიერის ქვეშევრდომობასა და ახალ სახეს შორის გადის. მისი ძირითადი პოლიტიკური და ფილოსოფიური კონკურენტი, საკუთარი თავი - გიორგი მარგველაშვილი იქნება. მარგველაშვილმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის არ არის მხოლოდ ივანიშვილის არჩევანი და პოლიტიკური მარგინალიზაციას ყოველმხრივ უნდა აარიდოს თავი.
კანდიდატი #3 - ნინო ბურჯანაძე - მეორე ტურზე ორიენტირებული კამპანია
ეს საპრეზიდენტო არჩევნები "ნაციონალებისა" და ბურჯანაძეს პოლემიკით დაგვამახსოვრდება. ძირითადი პოლიტიკური დაპირისპირება სწორედ მათ შორის გაიმართება. "ნაციონალების" მთავარი ბრალდება ბურჯანაძის მიმართ იქნება შემდეგი - მას პუტინისთვის აქვს ხელი ჩამორთმეული. ბურჯანაძე კი, განხორციელებული უსამართლობებისთვის, "ნაციონალების" დასჯას მოითხოვს. ორჯერ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ყველაზე ავტორიტეტული კანდიდატია. ამას ადასტურებს როგორც "ნაციონალების" რიტორიკა (კითხვა - აბა, ბურჯანაძე გინდათ?), ასევე ბიძინა ივანიშვილიც (ნინო ბურჯანაძე - სასურველი ოპოზიცია). გასამდება თუ არა ბურჯანაძის სურვილი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაივლის იგი დანაღმულ საარჩევნო და პოლიტიკურ ველზე ისე, რომ რაც შეიძლება, ცოტა ნაღმი ააფეთქოს.
კანდიდატი #4 - "ნაციონალების კანდიდატი" - მეორე ადგილზე ორიენტირებული კამპანია
ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ იქნება "ნაციონალების" კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. მოლოდინში ვართ "ნაციონალების" შიდა პარტიული პრაიმერით. სავარაუდო კანდიდატები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, დავით ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე და ბევრი სხვაც. რამდენი წევრიცაა პარტიაში, იმდენი კანდიდატის შესაძლებლობა არსებობს. "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის მსურველი შესაძლოა, სულაც ციხიდან ატარებდეს თავის კამპანიას. რაც გააძალიერებს კიდეც მას. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში დასავლეთმოყვარეს ქურქში იქნება გახვეული და ეცდება ეს თემა ისე დაიექსკლუზიოს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემთხვევით ან შეცდომით აღმოსავლეთის ან ქვეყნის ნებისმიერი სხვა მხარისკენ რომ გაექცეს თვალი, შეიძლება, პარტიიდან გარიცხონ კიდეც.
ბუნებრივია, რომ კანდიდატთა რაოდენობა გაიზრდება. პრეზიდენტობის მსურველთა სიას კიდევ ბევრი საინტერესო პერსონა შეემატება. რომელთაც სხვადასხვა დილემა აქვთ გადასჭრელი. ზოგს დასამტკიცებელი აქვს ბოლო სამი წელი საქართველოში ცხოვრობდა თუ არა. ზოგმა უნდა გადაწყვიტოს წავიდეს ეკლესიაში თუ ლექსების მხატვრული კითხვა გააგრძელოს. ზოგს კი საკუთარი გვარის სიყვარული აფიქრებინებს პრეზიდენტობას. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი კონკურენტული საარჩევნო გარემო საქართველოში არ ყოფილა. მთავარია, არჩევნებამდე მშვიდობით მივაღწიოთ.
shalva sad gaichite to :D
ReplyDelete