June 6, 2013

სოლომონ პავლიაშვილი ხელისუფლებას ახალი საპრივატიზაციო სტრატეგიის შემუშავებას სთავაზობს

რა შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს კერძო საკუთრების ხელყოფა, კიდევ ემუქრება თუ არა საფრთხე და როგორია საქართველოში საკუთრებითი ურთიერთობების ტრანსფორმაცია და პერსპექტივები "სახელმწიფო განსაკუთრებული სახის მესაკუთრეა, რადგან პოლიტიკური ორგანიზაციაა. სახელმწიფოს ბიუროკრატიულ აპარატს
სტიმულირების, კერძოსგან განსხვავებით, სხვა სისტემა აქვს, რის გამოც მოგების გადიდებაზე სახელმწიფო საწარმოების მოტივაცია შეიძლება, ხელოვნურად შესუსტდეს. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ საბიუჯეტო სახსრები, პოლიტიკური ლობირებით, ან კორუფციული გარიგებით, ეკონომიკურად გაუმართლებელი მიზნებისათვის დაიხარჯოს. სახელმწიფოს შეუძლია, ისეთი კანონების მიღება, რომლებიც სახელმწიფო საწარმოების პრივილეგირებულ მდგომარეობას უზრუნველყოფს. ამიტომ, სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიტიკოსებს სახელმწიფო საწარმოების მოგებაში ლეგალური მონაწილეობის უფლებაარ უნდა ჰქონდეთ. საერთოდ, სახელმწიფოში ეფექტური ანტიკორუფციული სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს".

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მთავარი, რამაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ძირი გამოუთხარა, საკუთრების უფლების ხელყოფა იყო. შესაძლოა, არც უამისობაა, რამეთუ ცნობილია, რომ საკუთრება, ნებისმიერი საზოგადოების პირობებში, სამეურნეო სისტემის საფუძველია - ჯერ კიდევ ერთ-ერთ უძველეს საკანონმდებლო ძეგლში, ბაბილონის მეფე ჰამურაბის კანონები მკაცრად იცავდა კერძო საკუთრებას და ქონების ნებისმიერი ხელყოფა სიკვდილით ისჯებოდა. დემოკრიტე კი ამბობდა, კერძო საკუთრება არსებობისათვის ბუნებრივი ბრძოლის აუცილებელი პირობააო... კიდევ ემუქრება თუ არა საფრთხე და როგორია საქართველოში საკუთრებითი ურთიერთობების ტრანსფორმაცია და პერსპექტივები? - "ქართული სიტყვა" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სოლომონ პავლიაშვილს ესაუბრა:

- მე-20 საუკუნის ეკონომიკურ თეორიაში, ნეოკლასიკური მიმდინარეობის გაბატონებასთან ერთად, სხვა, მათ შორის, კეინსური და ინსტიტუციური მიმდინარეო-ბაც გავრცელდა. მართალია, თანამედროვე დასავლური ეკონომიკა, ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის, საკუთრების ფუძემდებლურ მნიშვნელობას აღიარებს, მაგრამ მისი როლის ერთგვარი გაუფასურება მაინც შეიმჩნევა - საკუთრება მხოლოდ საკუთრების უფლების თვალსაზრისით, ანუ როგორც იურიდიული კატეგორია განიხილება და არა - როგორც ეკონომიკური ურთიერთობა... გაბატონებული მიმდინარეობები, განსაკუთრებით, ნეოლიბერალიზმი, აღიარებენ საკუთრების განმსაზღვრელ მნიშვნელობას კონკურენციის, თავისუფალი ფასწარმოქმნისა და მეწარმეობის, ეკონომიკური პასუხისმგებლობის, ეფექტიანობის დამკვიდრებისათვის, მაგრამ სოციალური საკითხების გადაწყვეტისათვის მთავარ მნიშვნელობას მაინც არაპირდაპირი მართვის ხასიათსა და ხარისხს ანიჭებენ.

დასამალი არც ისაა, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფო საკუთრებას ერთპიროვნულ მმართველობამდე, ადამიანის უფლებების დარღვევამდე, ახალი იდეების რეალიზაციის შეზღუდვამდე მივყავართ.

საკუთრების უფლების ინსტიტუციური კონცეფცია ეკონომიკურ შედეგებზე საკუთრების ზემოქმედების კონკრეტული გზებისა და მექანიზმების, აგრეთვე, თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის - პრივატიზაციის სრულად გაცნობიერების საშუალებას იძლევა. საერთოდ, ინსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება ისაა, რომ უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს საკუთრების უფლებასა და ტრანსაქციულ ხარჯებს.

- ბატონო სოლომონ, მოდით, განვმარტოთ, მაინც რას ნიშნავს საკუთრება და შესაბამისად, საკუთრების უფლება?

- საკუთრება გულისხმობს რესურსების ფლობაზე, გამოყენებასა და განკარგვაზე მესაკუთრის უფლებას. ტრანსაქციული ხარჯები კი, შეთანხმების დადებისა და განხორციელების პროცესში წარმოქმნილი დანახარჯია, რომელსაც მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები გასწევენ. საკუთრების უფლების სპეციფიკაციას ქვეყნის კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომელიც აფიქსირებს მესაკუთრის ქონების ფლობის, გამოყენებისა და განკარგვის უფლებებს.

საკუთრების უფლების გამოყენების მრავალფეროვნება საკუთრების სატრასტო მართვის, ლიზინგის, ფრანჩაიზინგისა და კომერციული საქმიანობის სხვა თანამედროვე ფორმების დამკვიდრებით იზრდება. ამასთან, საკუთრების უფლება ბაზრის ფუნქციონირების საფუძველია. თავის მხრივ, ბაზარი, როგორც ინსტიტუტი, ნორმების მთელ კომპლექსს ემყარება, რომელსაც სუბიექტები ხელშეკრულებების დადებისა და გაცვლის განხორციელებისას იყენებენ. ეს ნორმები, რომლებსაც ბაზრის კონსტიტუციასაც უწოდებენ, ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს მოიცავენ, როგორებიცაა: უტილიტარიზმი, მიზნობრიობა, გახსნილობა, რაციონალურობა, ნდობა, მოლოდინი, თავისუფლება, ლეგალიზმი, ტრადიციები. ამ ნორმებს დირექტიული და იმპერატიული ხასიათი არ აქვთ, მაგრამ ეკონომიკური აგენტებისათვის საკუთრების განსაზღვრული უფლებების არსებობა უფრო მისაღები და სასარგებლოა, ვიდრე - მათი უქონლობა.

- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება, ვთქვათ, რომ კერძო საკუთრება დედამიწის მამოძრავებელია?

- რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში, ცნობილი ავსტრიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი ცივილიზაციის მთავარმამოძრავებელ ძალად სწორედ კერძო საკუთრებას მიიჩნევდა.

კერძო საკუთრებაზე უფლების ყველაზე უფრო ლიბერალური ფორმა დასავლეთის წამყვან ქვეყნებში ჩამოყალიბდა...

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში საკუთრების ორი ძირითადი ფორმა - კერძო და სახელმწიფო საკუთრება ფუნქციონირებს. კერძო საკუთრება, თავის მხრივ, ინდივიდუალურ და კორპორაციულ საკუთრებას მოიცავს. კერძო საკუთრების ინდივიდუალური ფორმებია - ხელოსნობის, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროების მცირე ფირმები, რომელთა მესაკუთრეც ერთი, ან რამდენიმე პირია. ეკონომიკის ეს ნაწილი ძალიან დინამიურია - მართალია, მილიონობით მცირე ფირმა კოტრდება და მუშაობას წყვეტს, მაგრამ მათ ნაცვლად ახალი ფირმები ყალიბდებიან.

რაც შეეხება კორპორაციულ საკუთრებას, ის არის ყველგან, სადაც ტექნოლოგიური თავისებურება საშუალო და მსხვილი საწარმოების ჩამოყალიბებას და საამისოდ საჭირო კაპიტალის მოძიებას გულისხმობს. კორპორაციული საწარმოები სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, ამხანაგობების, კოოპერატივების, არაკომერციული ორგანიზაციების - ფონდები, გაერთიანებები - სახით არსებობენ.

სახელმწიფო საკუთრება განვითარებულ ქვეყნებში შედარებით მოკრძალებულადაა წარმოდგენილი და ძირითადად იმ დარგებში, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დაბალი რენტაბელობით, ან ინვესტიციების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ უკუგებით ხასიათდებიან - სარკინიგზო ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომუნალური მეურნეობა, განათლების სფერო, სამხედრო დანიშნულების წარმოება. მე-20 საუკუნის დასასრულს, განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო საწარმოების წილი, მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში, დაახლოებით, 5-7% იყო და ეს მაშინ, როცა განვითარებად და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში11-15%-ის ფარგლებში მერყეობდა.

სახელმწიფო საკუთრების დროს, საწარმოები ან მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაშია, ან სახელმწიფო ფლობს აქციების საკონტროლო პაკეტს - იურიდიულად, ქონების მესაკუთრეცენტრალური, ან რეგიონული ორგანოებია - ქალაქების, თემების, სოფლების საკუთრება მიჩნეულია მუნიციპალურ საკუთრებად, რომელიც თავისი არსით ძალიან ახლოსაა სახელმწიფო საკუთრებასთან.

სახელმწიფო საკუთრებაზე საუბრისას გასათვალისწინებელია თავად სახელმწიფოს თავისებურებანი. სახელმწიფო განსაკუთრებული სახის მესაკუთრეა, რადგან პოლიტიკური ორგანიზაციაა. სახელმწიფოს ბიუროკრატიულ აპარატს სტიმულირების, კერძოსგან განსხვავებით, სხვა სისტემა აქვს, რის გამოც მოგების გადიდებაზე სახელმწიფო საწარმოების მოტივაცია შეიძლება, ხელოვნურად შესუსტდეს. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ საბიუჯეტო სახსრები, პოლიტიკური ლობირებით, ან კორუფციული გარიგებით, ეკონომიკურად გაუმართლებელი მიზნებისათვის დაიხარჯოს. სახელმწიფოს შეუძლია, ისეთი კანონების მიღება, რომლებიც სახელმწიფო საწარმოების პრივილეგირებულ მდგომარეობას უზრუნველყოფს. ამიტომ, სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიტიკოსებს სახელმწიფო საწარმოების მოგებაში ლეგალური მონაწილეობის უფლებაარ უნდა ჰქონდეთ. საერთოდ, სახელმწიფოში ეფექტური ანტიკორუფციული სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს.

საერთოდ, სახელმწიფო სექტორი, კერძოსთან შედარებით, დაბალეფექტურია და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სახელმწიფო ხშირად ვალდებულია, განახორციელოს გრძელვადიანი და კაპიტალტევადი ინვესტიციები, აწარმოოს საზოგადოებრივი დოვლათი, მათ შორის, განათლების, ჯანმრთელობის, ეკოლოგიის, თავდაცვის და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში, რისთვისაც მოგების მაქსიმიზაცია პრიორიტეტი არაა. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკაში წარმოების ეფექტიანობის შედარებით მაღალი დონის მიღწევა კერძო სექტორის განუვითარებლობის პირობებში შეუძლებელია.

მეორე ფაქტორი დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიისა და ბაზრის სიდიდესთან. შესაბამისად, მცირე ქვეყნისათვის კერძო სექტორის განვითარება განსაკუთრებით პრიორიტეტულია.

მესამე ფაქტორი სახელმწიფო საწარმოების დარგობრივ სტრუქტურას გულისხმობს - გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო საწარმოები ისეთ დარგებში, რომლებიც მიწოდების მაღალი ელასტიურობით, მცირე საწარმოების სიმრავლითა და ინოვაციების დიდი მასშტაბებით ხასიათდებიან, არახელსაყრელად ფუნქციონირებენ.

- მაშასადამე, საკუთრების ყველა ფორმას თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აქვს, არა?

- რა თქმა უნდა და იმის თქმა, რომელი უნდა ავირჩიოთ - სახელმწიფო თუ კერძო საკუთრება, მიზანშეუწონელია, თუმცა მსოფლიო გამოცდილება იმასაც ადასტურებს, რომ უპირატესობა მაინც კერძო საკუთრებას ენიჭება, რადგან ის ადამიანის თავისუფლებისა და აქედან გამომდინარე, მისი განვითარების საფუძველია.

დასავლეთის ქვეყნებში, მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე, სახელმწიფო სექტორის წილი მატერიალურ ეროვნულ სიმდიდრეში, საკმაოდ მაღალი იყო და 30-50%-ის ფარგლებში მერყეობდა, მომდევნო წლებში კი, შემცირდა... სახელმწიფო სექტორი, ლობირების მაღალი შესაძლებლობის გამო, ძლიერია. საყურადღებოა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 2000 წელს, მრეწველობის დარგში, სახელმწიფო წილის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდნენ: საფრანგეთი (25%), იტალია (15%), დიდი ბრიტანეთი (9%), გერმანია (14,3%) და მაშინ, როცა დაბალი მაჩვენებელი იყო ბენილუქსის ქვეყნებსა და ირლანდიაში - 2-4%-ის ფარგლებში. ამავე დროს, საინტერესოა პორტუგალიისა და საბერძნეთის მაგალითი, სადაც სახელმწიფო სექტორი მე-20 70-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში, ძალიან სწრაფად იზრდებოდა: 1979-1982 წლებში, სახელმწიფო საწარმოების წილი პორტუგალიის მთლიან შიდა პროდუქტში 21-დან 24%-მდე, ერთობლივ ინვესტიციებში კი, 29-დან 38%-მდე გაიზარდა. საბერძნეთისთვის ანალოგიური მაჩვენებლები 10,8-დან 14%-მდე და 15-დან 30%-მდე გაიზარდა, რაც იმით აიხსნება, რომ ეს ქვეყნები, ინდუსტრიული განვითარების დონით, დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს ჩამორჩებოდნენ.

მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებში, დასავლეთის ქვეყნებში სახელმწიფო საკუთრების სფეროში, შემობრუნება აღინიშნა - სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის ახალი ძლიერი ტალღა დაიწყო. ამ პროცესმა მთლიან შიდა პროდუქტში სახელმწიფო საკუთრების წილის, დაახლოებით, 11%-მდე შემცირება გამოიწვია. ამ ქვეყნებში შემდგომი პრივატიზაციის პოტენციალი ძირითადად ამოწურულია.

- ამ მხრივ საქართველოში რა მდგომარეობაა?

- საქართველოში სახელმწიფო სექტორის ხვედრითი წილი 20-23%-მდე მერყეობს, შესაბამისად, კერძო სექტორის ხვედრითი წილი 77-80%-ია.
საქართველოში პრივატიზაცია უაღრესად რთულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში განხორციელდა. რეფორმების პირველ ეტაპზე ურთულესი, უპრეცედენტო პრობლემის გადაწყვეტა გვიხდებოდა.

- რას გულისხმობთ?

- ერთის მხრივ, ისეთი სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია უნდა მოგვეხდინა, რომელიც არასოდეს ყოფილა კერძო საკუთრებაში, მეორეს მხრივ კი, პრივატიზებული ქონება უნდა გადაგვეცა ისეთი სუბიექტებისათვის, რომლებიც არასოდეს ყოფილან კერძო მესაკუთრენი და რომლებსაც კერძო მეწარმეობის გამოცდილება თუ ჩვევები არ ჰქონდათ. ამიტომაც, დაშვებულ იქნა სტრატეგიული და მეთოდოლოგიური შეცდომები - რეფორმას კომპლექსური, თანმიმდევრულიხასიათი არ ჰქონდა.

- ამ პროცესზე დეტალურად საუბარი შეგიძლიათ?

- კი ბატონო, ვისაუბროთ... საწარმოთა განსახელმწიფოებრივება, მათი სამეურნეო მნიშვნელობისა და ღირებულების მიუხედავად, სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და ინსტიტუციონალური კრიზისის პირობებში, ძირეული სოციალური და პოლიტიკური რეფორმების პარალელურად მიმდინარეობდა. საერთოდ, დამოუკიდებელ საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმები, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე, ყველა იმ სქემასა და შეცდომას იმეორებს, რომელიც პოსტკომუნისტურ ქვეყნებში გატარებული რეფორმების პირველი თაობისთვისაა დამახასიათებელი. საქართველოში ე.წ. შოკური თერაპია პოლონური სცენარის რუსული ვერსიით ისე დაიწყო, რომ ქვეყანას ამისთვის საჭირო ინსტიტუტები არ ჰქონდა.

საქართველოში ინსტიტუციური რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საკუთრების განსახელმწიფოებრივება იყო, რასაც კერძო საკუთრების ინსტიტუტის დამკვიდრება, მეწარმეობის განვითარება, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობა, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბება ახლდა.

მართალია, საქართველოში მიმდინარე პრივატიზაცია თავისებურებებით ხასიათდება, მაგრამ ძირითადი ტენდენციები მაინც ისეთივეა, როგორიც - ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში... საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში კერძო სექტორის ხვედრითი წილი ყოველწლიურად იზრდებოდა, სახელმწიფო სექტორის წილი კი, მცირდებოდა. შესაბამისად, ანალოგიური მდგომარეობა იყო დასაქმებულთა რაოდენობის ხვედრითი წილის მიხედვითაც: 

პრივატიზაციის პირველ ეტაპზე, 1990-1996 წლებში, ძირითადად მცირე, მასობრივი პრივატიზაცია განხორციელდა, მომდევნო, მეორე ეტაპზე კი, - დიდი პრივატიზაცია, რომელიც მსხვილი საწარმოების პრივატიზაციას გულისხმობდა.

პრივატიზაციის პირველ ეტაპზე, ანუ მასობრივი პრივატიზაციისას უდიდესი როლი შეასრულა საპრივატიზაციო ბარათების სისტემის გამოყენებამ - სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის პრივატიზაცია სწორედ საპრივატიზაციო ბარათებით, ანუ ვაუჩერებით გახდა შესაძლებელი. მასობრივი პრივატიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი სპეციალიზებულმა საბარათო საინვესტიციო ფონდებმაც შეიტანეს.

ფართო შესაძლებლობები და შეღავათები მიეცათ შრომით კოლექტივებს, რათა თავიანთი საწარმოს მომავალი მესაკუთრე, ან მესაკუთრეთა ჯგუფი აერჩიათ, რომელსაც უფლება ჰქონდა, აქციათა საკონტროლო პაკეტი, კონკურენციის გარეშე შეეძინა. ამასთან, საფასურის 30%-ის დაფარვა ხდებოდა საპრივატიზაციო ბარათებით, ფულით დასაფარი ნაწილის დაფარვა _ 30%-იანი ფასდაკლებითა და განვადებით, ვაუჩერების პერიოდის დამთავრებამდე, ანუ 1996 წლის 1 ივლისამდე. ამ მექანიზმმა გაამართლა - იგი გამოიყენა 600-მდე საწარმომ, აქედან 100-მდე საწარმოს აქციათა პაკეტები კი, სრულად იქნა გამოსყიდული. შედეგად, მხოლოდ პირდაპირი წესით აქციათა პაკეტების შესყიდვის გზით მსხვილი მესაკუთრე 64 ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი გახდა. მათ საკუთრებაში გადავიდა 50 მლნ დოლარზე მეტი ნომინალური ღირებულების 40 მილიონამდე აქცია. საწარმოს მუშაკებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე კი, - უფასო და 20%-ით ფასდაკლებული აქცია.

აქციების გაცემის შედეგად, 200 ათასზე მეტმა ადამიანმა, საერთო ჯამში, 16 მილიონ დოლარამდე ნომინალური ღირებულების 11,5 მილიონამდე აქცია მიიღო, მათ შორის, უფასოდ - 11 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 8 მილიონამდე აქცია.

- ბატონო სოლომონ, იზიარებთ მოსაზრებას, რომ პრივატიზაციის ასეთი გზა არამატერიალური წარმოების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს - მასწავლებლებს, ექიმებს, კულტურის მუშაკებს, ასევე, პენსიონერებს, სამხედრო მოსამსახურეებს, სტუდენტებს განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს და არასწორ ქონებრივ დიფერენციაციას იწვევს?

- დიახ, ვიზიარებ. ამიტომ, მოსახლეობის ღარიბი ფენის სოციალური დაცვისა და მასობრივი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის მიზნით, პრივატიზებული სახელმწიფო ქონების გარკვეული ნაწილი მოსახლეობას უფასოდ, საპრივატიზაციო ბარათების - ვაუჩერების სახით გადაეცა. აღნიშნული კამპანია 1995 წლის მარტში დაიწყო. მოსახლეობის რაოდენობა, მაშინდელი აღწერით, 5,098,736 ადამიანს შეადგენდა, დარიგებულ იქნა 4,264,541 საპრივატიზაციო ბარათი (83,64%), რომელთაგან დასაქონლებული იყო 3,910,000 საპრივატიზაციო ბარათი, ანუ დარიგებულის 92%.

ტენდერებში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ უცხოელი ინვესტორები და სპეციალიზებულ საბარათო აუქციონებზე გამოტანილი ქონების 20% სწორედ მათ - ამერიკელებმა, ინგლისელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა, ჰოლანდიელებმა, შვეიცარიელებმა, რუსმა და სხვა უცხოელებმა შეიძინეს.

2002 წლის მდგომარეობით, საქართველოში სულ პრივატიზებული იყო 17,8 ათასზე მეტი ობიექტი, მათ შორის - 1,36 ათასამდე საშუალო და მსხვილი საწარმოების ბაზაზე დაფუძნებულ აქციონერულ საზოგადოებათა სახით. ცალკეული სფეროების მიხედვით, პრივატიზაციის შედეგები ასეთი იყო: მრეწველობა - 630 ობიექტი, სოფლის მეურნეობა და სურსათი - 1256, მშენებლობა - 549, ვაჭრობა - 5564, საყოფაცხოვრებო მომსახურება - 7305, ენერგეტიკა - 211, ჯანდაცვა - 696, სოციალური სფერო - 793, ტრანსპორტი - 376...
ქვეყანაში იმხანად არსებული სერიოზული სირთულეების მიუხედავად, არასახელმწიფო საწარმოებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 75% მოდიოდა, ექსპორტზე - 60%, იმპორტზე კი - 70%. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოში პრივატიზაციის პროცესის შედეგად კერძო სექტორმა ქვეყნის ეკონომიკაში გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა.

ამასთან, ბუნებრივია, რომ ცალკეულ დარგებსა და რეგიონებში პრივატიზაცია განსხვავებული ტემპით მიმდინარეობდა. 1993-1997 წლებში საქართველოში ძირითადად მასობრივი, მცირე საწარმოების პრივატიზაცია მოხდა. ამ პროცესმა პიკს 1995-1996 წლებში მიაღწია. შესაბამისად, პრივატიზებულ იქნა 4699 და 2238 მცირე საწარმო. მცირე საწარმოების პრივატიზაცია მკვეთრად 2000 წლის შემდეგ შემცირდა, რადგან ეს პროცესი თავისი შესაძლებლობების ამოწურვის სტადიაზე იყო. საერთო ჯამში, 1993-2002 წლებში, პრივატიზებულ იქნა 16759 საწარმო, მათ შორის - 15 988 მცირე, 771 კი - მსხვილი და საშუალო.

კაპიტალური შემოსავლები პრივატიზაციიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი 1995 წელს იყო - 58,2 მლნ ლარი, 1996 წელს - 164,2 მლნ ლარი, 1999 წელს - 73,3 მლნ ლარი, 2000 წელს - 54,1 მლნ ლარი.

წლების მიხედვით კი, პრივატიზაციის დინამიკა ასეთია: 1993 წელი - 1322 ობიექტი, 1994 წელი - 1370 ობიქტი, 1995 წელი - 3975 ობიექტი, 1996 წელი - 2,390 ობიექტი, 1997 წელი - 1568 ობიექტი, 1998 წელი - 1972 ობიექტი, 1999 წელი - 1492 ობიექტი, 2000 წელი - 1009 ობიექტი, 2001 წელი - 661 ობიექტი, 2002 წელი - 655 ობიექტი.

აქტიური პრივატიზაციის პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ძირითადი ნაწილის პრივატიზება 2003-2011 წლებში განხორციელდა.

- პრივატიზაციის დინამიკა დარგების მიხედვითაც საინტერესოა...

- პრივატიზაცია ყველაზე ინტენსიურად ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროებში მიმდინარეობდა, სადაც მცირე საწარმოების უდიდესი ნაწილი იყო თავმოყრილი. ამ სფეროებში, 1993-1994 წლებში პრივატიზებული იყო 5462 და 7238 საწარმო, სოფლის მეურნეობაში - 897, სოციალურ სფეროში - 697, ჯანდაცვაში - 623, მშენებლობაში - 366, ტრანსპორტზე - 215, მრეწველობაში - 198, ენერგეტიკაში - 100 ობიექტი.

სხვათა შორის, სახელმწიფო ქონების ერთი და იმავე მესაკუთრეთა ფორმირების პირობებში, საქართველომ დაკარგა უზარმაზარი თანხა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ჰაერივით სჭირდებოდა. დღემდე გაუგებარია, თუ რატომ აღმოჩნდნენ ვაჭრობის, საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და საზოგადოებრივი კვების მუშაკები პრივილეგირებულ მდგომარეობაში...

- ბატონო სოლომონ, მიწის პრივატიზაციას დადებითად აფასებთ?

- ეს უდიდესი ისტორიული მიღწევა იყო, რის შედეგადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესი ნაწილი კერძო საკუთრებას წარმოადგენს. კერძო სექტორის საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებიც.
საერთოდ, ეკონომიკური რეფორმის პირველი ეტაპი მიწის პრივატიზებით დაიწყო, რაც მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენდა, რადგან ეს პროცესი ერთდროულად მოიცავდა რთულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და მორალურ-ფსიქოლოგიურ მხარეებს. საწარმოთა პრივატიზებასთან შედარებით, მიწის განსახელმწიფოებრივება უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობდა. სასოფლო-სამეურნეო მიწების 55%1992-98 წლებში სოფლის მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა... 2010 წლის მდგომარეობით, მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში დარეგისტრირებულია 2,5 მილიონი სასოფლო მიწის ნაკვეთი და მათ მფლობელებს უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრების უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატები. დღევანდელი მონაცემებით კი, მეურნეობათა სარგებლობაში მიწა და მისი სტრუქტურა მიწათმფლობელების ფორმების მიხედვით, შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 886,766 ათასი ჰა-დან კერძო საკუთრებაშია 578,3 ათასი ჰა, სახელმწიფოსაგან იჯარით აღებულია 295,9 ათასი ჰა, კერძო პირისაგან კი, - 12,6 ათასი ჰა. შესაბამისად, კერძო საკუთრებაში 65%-ია, იჯარით სახელმწიფოსაგან - 33%, კერძო იჯარით - 2%.

2003 წლის შემდეგ, პრივატიზების სფეროში დაიწყო ახალი, ე.წ.აგრესიული პრივატიზაცია, რომელსაც ხშირად "კაბინეტურ პრივატიზაციასაც" ეძახიან...

ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საბანკო სისტემის სრული პრივატიზაცია, რამაც ხელი შეუწყო თანამედროვე საბანკო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას და მსოფლიო საბანკო სისტემაში მის ინტეგრაციას. განხორციელდა `აგრობანკის", `გაერთიანებული ქართული ბანკის" (`ბინსოცბანკი", `ექსიმბანკი", `ინდუსტრიაბანკი"), `საქართველოს ბანკის" აქციათა პაკეტების სრული პრივატიზაცია.

ენერგეტიკულ სექტორში გატარებულმა რეფორმებმა კი, ქვეყანას საშუალება მისცა, მოეხდინა აღნიშნული დარგის ეფექტიანი პრივატიზაცია. ამ მხრივ აღსანიშნავია `საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის", `აჭარის ენერგო კომპანიის", `კახეთის ენერგო დისტრიბუციის", `ლაჯანურჰესის", `რიონჰესის", `გუმათჰესების კასკადის", `შაორჰესის", `ძევულაჰესის", `აწჰესის" ერთიან პაკეტად პრივატიზაცია, რომელიც შეძენილ იქნა ჩეხური კომპანია `ენერგო პროს" მიერ. მისმა ღირებულებამ 120 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, აღნიშნულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ამ ობიექტებში განახორციელებს 400 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ასევე, წარმატებით განხორციელდა `ვარციხეჰესის" და `თბილგაზის" პრივატიზაცია. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა მხოლოდ რამდენიმე მსხვილი ობიექტი - `ენგურჰესი", `ვარდნილჰესების კასკადი" და `საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ცენტრი და მაღალი ძაბვის გადაცემის ქსელი), აგრეთვე, საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი `ჩრდილოეთი-სამხრეთი".

თითქმის სრულად განხორციელდა მცირე საწარმოების პრივატიზაცია ტრანსპორტის სფეროში. პრივატიზებულ იქნა ისეთი მსხვილი ობიექტები, როგორიცაა `საქართველოს საოკეანო სანაოსნო კომპანია", `ბათუმის საზღვაო სანაოსნო ნავსადგური", `ფოთის პორტი" და სხვ. განხილვის პროცესშია `საქართველოს რკინიგზის~ აქციათა პაკეტის ნაწილობრივ გასხვისება.

განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საფრთხილოა პრივატიზაციის განხორციელება ჯანმრთელობისა და განათლების სფეროში. არ შეიძლება, მათი სწრაფად და მასობრივად განხორციელება ეროვნული, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, ფსიქოლოგიური შედეგების გათვალისწინების გარეშე. ამიტომ განათლების სფეროში პრივატიზაციაზე 2004 წლამდე, პრაქტიკულად, მორატორიუმი იყო გამოცხადებული.

- რა მისცა პრივატიზაციამ და შესაბამისად, კერძო საკუთრების გაჩენამ ქვეყანას?

- რადა, სოციალისტური პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის რესტავრაცია შეუძლებელი გახდა. ამავდროულად, პრივატიზაციის პროცესმა ხელი შეუწყო დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

ასევე, უდიდესი მნიშვნელობისაა იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური ეფექტი, განსაკუთრებით, - მოსახლეობის მიერ კერძო საკუთრების ინსტიტუტის როლის გაცნობიერება, საბაზრო ეკონომიკის აღქმა, შრომის ახალი ეთიკის დამკვიდრება...

სახელმწიფო საკუთრების ტრანსფორმაციის სფეროში დაშვებული მთელი რიგი შეცდომების მიუხედავად, მაინც მოხერხდა მთავარი მიზნის მიღწევა - კერძო საკუთრების ინსტიტუტის ჩამოყალიბება.

ეკონომიკური შედეგებიდან აღსანიშნავია: პრივატიზაციის მიკრო და მაკროეკონომიკური ეფექტიანობა, ფინანსური, საბიუჯეტო სტაბილიზაცია, საწარმოთა რესტრუქტურიზაცია, ეკონომიკის დემონოპოლიზაცია და კონკურენტული გარემოს შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა.

საკუთრების უფლება აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით: ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს საკუთრება, ისიც - კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, ეს დებულებები არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, რათა მან გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევს საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, გადასახადებისა თუ მოსაკრებლების, ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად, ანუ საკუთრების უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ უფლებაში ჩარევისა და რეგულირების ფარგლების დადგენა. ევროპული კონვენცია იმ პირობების მკაცრ რეგლამენტაციასაც ახდენს, რომელთა შემთხვევაში, გამონაკლისის წესით, შეიძლება, საკუთრების უფლების შეზღუდვადა იშვას: საზოგადოებრივი საჭიროება, რომელიც უნდა იყოს განპირობებული საზოგადოებრივი, ან სოციალური მოთხოვნით, უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და იყოს ამ მიზნის პროპორციული; ნებისმიერი ჩარევა საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებაში - ეს იქნება ქონების ჩამორთმევა თუ ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა - უნდა იყოს კანონით განსაზღვრული და განხორციელდეს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით; ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში..

- ბატონო სოლომონ, არსებობს მოსაზრება, რომ ქვეყანამ პრივატიზაციის ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს...

- პრივატიზაციის ახალი სტრატეგია აუცილებელია. ახალი სტრატეგიის ძირითადი ორიენტირები კი უნდა იყოს: სოციალური ორიენტაციის გაძლიერება, სოციალური, ეკონომიკური და სხვა მხარეების თანაფარდობის გათვალისწინება; პრივატიზაციის ინსტიტუციური ელემენტის გაძლიერება კანონმდებლობის სრულყოფით, კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების მკვეთრი შემცირებით, კრიმინალური გარიგებების ლიკვიდაციით, კონკურენციის ყოველმხრივი მხარდაჭერით; საწარმოების კლასიფიკაცია რენტაბელობის დონის მიხედვით, მათი რესტრუქტურიზაციის, სანაციის განხორციელება, პრივატიზაციის დაჩქარება; სახელმწიფოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი ინტერესების შეხამება. პრივატიზაცია განხილულ უნდა იქნეს არა მარტო სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის პოლიტიკად, არამედ, - სახელმწიფოს სტრუქტურული და ინსტიტუციური პოლიტიკის ელემენტად. ამიტომ, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს: პრივატიზაციის სოციალური და ეკონომიკური ეფექტი, საგადასახადო ბაზის გაფართოება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ბაზრის საქონლითა და მომსახურებით შევსება, წარმოების ეფექტიანობის ზრდა, ცხოვრების დონის ამაღლება, კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირება, სოციალური სტრუქტურის სრულყოფა...


ესაუბრა საბა მეგრელიშვლი
„პირWელი“

No comments:

Post a Comment