June 11, 2013

"დაწყებულია სამუშაოები ისეთი დისლოკაციის ადგილების შესარჩევად, რომ ქართველი მეომრების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული"

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ნატო-ს სარდლობის მხრიდან დაწყებულია ძალიან სერიოზული სამუშაოები  ისეთი დისლოკაციის ადგილების შესარჩევად, რომ ქართველი მეომრების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული".

ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.


"გვქონდა საგნობრივი განხილვა ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე, იმ თავდასხმებზე, რომლებიც განხორცილედა ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. მთლიანობაში ახსნილი იყო, თუ რა ზომები მიიღო შეიარაღებულმა ძალებმა და ასევე, კოალიციურმა სარდლობამ ავღანეთში, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი მეომრების უსაფრთხოება. დღეს დილით მიღებული ინფორმაციის შედეგები გავაცანი საბჭოს წევრებს. ნატო-ს სარდლობის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნით დაწყებულია ძალიან სერიოზული სამუშაოები, რათა ისეთი კონკრეტული დისლოკაციის ადგილები იქნას შერჩეული, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენ საომარ მოქმედებებში ვართ და აქედან გამომდინარე, 100%-იანი გარანტრია იმისა, რომ მომავალში ინციდენტები არ იქნება, გამორიცხული არ არის, თუმცა ადამიანურად შესაძლებელი ყველა ღონისძიება გავატარეთ და რაც მთავარია, ამას დაემატა ის, რომ ამერიკულმა და ნატო-ს სარდლობამ ქართველი სამხედროების მოთხოვნით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, როგორც ნატო-ს შეფასებით, ასევე საქართველოს მიერ მივლინებული სპეციალური ჯგუფის შეფასებით, ქართველი სამხედროების მხრიდან არცერთი შეცდომა არაა დაფიქსირებული.   

"ისინი ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას პროფესიულ დონეზე. ასე, რომ, ზომები, რომლებიც მიღებული იქნა, კიდევ ერთხელ იქნება შემოწმებული ჩვენს მიერ გაგზავნილი კომისიის მიერ", - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ქართული კონტინგენტის შემცირება, თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს ეს ვალდებულება 2014 წლამდე აქვს აღებული და ჩვენ ამ მისიას დავასრულებთ.

"მანამდე ბუნებრივია, ნატო-ს ჯარებთან ერთად შესაბამისი გადაადგილებები, მათ შორის საბოლოო შემცირებაც დაგეგმილი გვაქვს. 2014 წლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას თვისობრივად ახალ მისიაში, რომელიც არა საბრძოლო, არამედ ავღანური უსაფრთხოების ძალების გაწვრთნის მისია იქნება", - განაცხადა ალასანიამ.




ნათია რუხაძე
„პირWელი“

No comments:

Post a Comment