საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განაცხადებით, პრემიერ-მინისტრი ავღანეთში აუცილებლად ჩავა და ჯარისკაცებსაც შეხვდება.
ამის შესახებ ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ მართლაც გვქონდა სურვილი, რომ ამ ტიპის დებატებისგან დღეს მაინც შეგვეკავებინა თავი, თუმცა ჩვენმა კოლეგებმა ეს შეთავაზება არ მიიღეს და იმ ვითარებაში, როცა შეურაცხყოფისგან გაჯერებული თავდასხმები ისმის, მე უბრალოდ არ შემიძლია, რამდენიმე განცხადებაზე არ გიპასუხოთ. დავიწყებ იმით, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაბედულებას და პრინციპულობას ნამდვილად არ უჩივის, იქაც ჩავა, ავღანეთში და ჩვენს ჯარისკაცებსაც შეხვდება, მაგრამ გარწმუნებთ, პირდაპირ ეთერში არ დასვამს იმ ჯარისკაცებს და არ მოსთხოვს მას მოუყვნენ რამდენი მოწინააღმდეგე ჰყავთ განადგურებული. გარწმუნებთ, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენს ქვეყანაში განმეორდეს 2008 წლის აგვისტო, მაგრამ თუკი ქვეყანას რაიმე საფრთხე დაემუქრება, რაიმე ფორმით, მე აბოსლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს არ ვნახავთ იმ ფორმაში მოქცეულს, როგორიც ჩვენი მთავარსარდალი ვიხილეთ. როდესაც საუბრობთ წილებზე, ტენდერებზე, უკანონო ჩარევებზე და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ 9 წლის განმავლობაში სულ რამდენიმე ადამიანი, რომელიც თანამდებობაზე იყო, ყველა ბიზნესში წილში იყო", - განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოციალურ ქსელ ფაცებოოკ-ში სტატუსის გაზიარებისთვის პიროვნების დაკითხვასაც გამოეხმაურა.
"რაც შეეხება შს მინისტრს და მის სიმამრს, ბატონი თამაზაშვილი იყო ერთ-ერთი მძევალი თქვენი პრეზიდენტის, რატომღაც არავის გაგჩენიათ განცდა, რომ ეს იყო ადამიანის ღირსების შემლახავი. ახლა რა ვქნათ, არ გამოვიძიოთ ის საქმე, როგორ ჩაუდეს მას იარაღი? რა ვქნათ ქალბატონო ირმა, არ გამოვიძიოთ, როცა სოციალურ ქსელში ჩნდება სტატუსი, რომ თურმე ბერას სტუდიიდან არის ატვირული ვიდეო-მასალა? თქვენი ხელისუფლების პირობებში მოწმედ მიყვანილ ადამიანს სამი საათის განმავლობაში კი არ გააჩერებდნენ, იქიდან 25-წლიანი სასჯელით გამოვიდოდა, თუ ცოცხალი დარჩებოდა. აი, ეს არის განსხვავება თქვენსა და ჩვენს ხელისუფლებას შორის", - აღნიშნა ბესელიამ.
ინგა მურუსიძე
No comments:
Post a Comment