June 14, 2013

"რუსეთი დევნილი მოსახლეობის დაბრუნების უფლებასთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიზირებას კვლავ შეეცადა"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთი დევნილი მოსახლეობის დაბრუნების უფლებასთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიზირებას კვლავ შეეცადა.

მიუხედავად ამისა, ასამბლეამ 67-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", რითიც კვლავ დაადასტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებები. რეზოლუციას 62-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი და კიდევ აზერბაიჯანმა, რომელიც ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა გენერალურ ასამბლეას სთხოვა, მისი ხმაც ჩაითვალოს.


"რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს გმობს, ხაზს უსვამს საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს დევნილთა საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვაზე.
რეზოლუცია ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალისხმევა გაააქტიურონ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჰუმანიტარული მისიების საქმიანობის ბლოკირებას განაგრძობენ. აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი 2 სახელმწიფოთი გაიზარდა. სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ შეეცადა დევნილი მოსახლეობის დაბრუნებისა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირებას. რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური დინამიკა ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის მზარდ მხარდაჭერას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

ნინო ჩიჩუა
„პირWელი“

No comments:

Post a Comment