June 17, 2013

ზაზა ხატიაშვილი პარლამენტის "მეოცნებე უმრავლესობას" ღია წერილით მიმართავს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საქართველოს პარლამენტის "მეოცნებე უმრავლესობას" ღია წერილით მიმართავს.

"პირWელი" ღია წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 


"პატივცემულო პარლამენტარებო, პარასკევის პარლამენტის სხდომას ვუყურებდი და გამიჩნდა სურვილი საკანონმდებლო ინიციატივით მოგმართოთ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შემადგენლობაში 4000 ადვოკატი შედის, მართლაც შთამბეჭდავი ციფრია. დღეს მოქმედი კანონით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირჩევს ადვოკატთა საერთო კრება. კრების მოწვევა და საარჩევნო კამპანია ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მძიმე ტვირთად აწვება ადვოკატთა ასოციაციას. მე იმდენად მომეწონა თქვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განათლების კანონში, რომ გამოვიდვარ ინიციატივით, ადვოკატთა შესახებ კანონში შევიდეს ცვლილება და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი დავზოგავთ ხარჯებს, სამართლიანობას აღვადენთ და რაც მთავარია, აღნიშნული ცვლილება ნამდვილად დაგვაბრუნებს არცთუ შორეულ წარსულში, რომლისკენაც სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ და რომელსაც ასლან აბაშიძის მმართველობის ეპოქა ჰქვია. 

ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ დაირქვით "ქართული ოცნება" და სინამდვილეში რა იყო თქვენი ქართული ოცნება? როდესაც პარლამენტში მეორე მოსმენით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებები იხილებოდა და სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეთ, ვიფიქრე, იქნებ შეეშალათ და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მივმართე, სადაც ვთხოვე არ დაეშვა საქართველოს ფეოდალიზმის ერაში დაბრუნება. შემდეგ, თქვენს მამა მარჩენალს - ბატონ ბიძინასაც მივმართე, მაგრამ პასუხის გაცემა არ იკადრეს. ასე მალე თუ გაგიტკბებოდათ სკამები, ვერ წარმოვიდგენდი.

პატივცემულო პარლამენტარებო, ვაფასებ თქვენს შემართებას, ადვოკატებისთვის არ მიგეცათ ინფორმაციის გამოთხოვის უფლება და მოქალაქეები დაგეტოვებინათ დაცვის გარეშე. ასევე, მინდა, შეგახსენოთ თქვენი ძირითადი საარჩევნო დაპირება - "სამართლიანი სასამართლო". როდესაც ივანიშვილი და პარლამენტი სამართლიან სასამარლოზე საუბრობს, თქვენი კომენტარების შემდეგ მიჩნდება აზრი, რომ 99%-ს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სამართლიანი სასამართლო. თქვენ სამართლიანი სასამართლო გგონიათ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის ხელახალი დაკომპლექტება, რაც თავისთავად საოცარი ფაქტია. მინდა, მოგახსენოთ, რომ დღეს სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპებში, ამიტომ ვეღარ მოატყუებთ. 

მეოცნებე უმრავლესობავ, თქვენს გასაგონად ვიტყვი, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპები გაწერილია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში "სამართლიანი სასამართლოს უფლება". რაც გულისხმობს, რომ "სამართლიანი სასამართლოს უფლება" ეკუთვნის ხალხს და ხელისუფლება და პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს "სამართლიანი სასამართლოს უფლება" ხალხისთვის. ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, "სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ვინც არ იცით რა არის მხარეთა თანასწორობა გეტყვით, რომ ეს არის პროკურორების და ადვოკატების თანასწორუფლებიანობა. პარასკევს, პარლამენტის სხდომაზე, თქვენ მხარი დაუჭირეთ ადვოკატის უფლებების შეზღუდვას და პროკურორის უფლებების გაზრდას, მაგრამ ხვალ თქვენ კიდევ გეყოფათ სინდისი და ისაუბრებთ სამართლიან სასამართლოზე "თქვენ ხომ პოლიტიკოსები ბრძანდებით და პოლიტიკოსები არასოდეს ამბობენ სიმართლეს".

სამოქალაქო საზოგადოების გასაგონად მინდა, ვთქვა, რომ წინასწარი გამოძიების დროს ადვოკატს არ აქვს არანაირი მექანიზმი მოქალაქე დაიცვას. ადვოკატს არ აქვს უფლება მიმართოს სახელმწიფო უწყებას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. მაშინ, როდესაც პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს ინფორმაცია. ასევე, ადვოკატი ვერ მიმართავს სასამართლოს ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით იმიტომ, რომ სასამართლო პრაქტიკის მიხედვით სასამართლო ადვოკატის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. 30 მაისს ადვოკატებმა გადავწყვიტეთ უპრეცედენტო შიმშილობის აქციის დაწყება, პარლამენტის წინ დავიდეთ ბორკილები და ვითხოვდით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის გაუქმებას, რომლის თანახმად, ჩვენ უფლება არ გვაქვს სასამართლოს მივმართოთ შუამდგომლობით ამოღების და ჩხრეკის თაობაზე. აქცია დავიწყეთ 11:00 საათზე, შევქმენით საგაფიცვო კომიტეტი, შევარჩიეთ მოშიმშილე ადვოკატები დღეების მიხედვით. პარლამენტმა რომ დაინახა ადვოკატების პროტესტი იყო საკმაოდ მწვავე, მაშინვე გააკეთა განცხადებები, რომ "ქართული ოცნება" არ ჰგავდა სააკაშვილის პარლამენტს და არ იყო ჯიუტი პარლამენტი. ამიტომ, არ დასძლევდნენ ვეტოს და შეცდომას გამოასწორებდნენ. ადვოკატებთან შესახვედრად გამოვიდნენ დეპუტატები და გვთხოვეს, მიგვეცა მათთვის საშუალება რათა შეცდომა გამოესწორებინათ. მე, პირადად შევხვდი ოცამდე პარლამენტის წევრს უმრავლესობიდან, რომლებმაც შეცდომა აღიარეს და პირობა დადეს, რომ ყველაფერს გამოასწორებდნენ. ვინაიდან სატელევიზიო ეთერში გაისმა პარლამენტარების დაპირება, ადვოკატებმა გადავწყვიტეთ მმართველი საპარლამენტო კოალიციისათვის კიდევ ერთი შანსი მიგვეცა. მე, ზაზა ხატიაშვილი დავთანხმდი პარლამენტარების თხოვნას და შევწყვიტე შიმშილობა, რათა საკომიტეტო მოსმენებში მიმეღო მონაწილეობა. 11 ივნისს, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების თაობაზე დებატებს 10 ადვოკატთან ერთად დავესწარი, რომელიც შალვა შავგულიძეს მიჰყავდა. ბატონი შალვა, სანამ პარლამენტარი გახდებოდა, ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი ბრძანდებოდა, რომელმაც ორი წლის წინ პირადად მოამზადა და მხარი დაუჭირა პარლამენტში  წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, უკვე პარლამენტარის რანგში ეწინააღმდეგება იმას, რაც როგორც აღვნიშნე თვითონ მოამზადა. სხდომის დროს, ბატონ შალვას გავახსენე სისხლის სამართლის კომიტეტის ერთ-ერთი სხდომა, როდესც ჩვენ ყველა ადვოკატ ლევან სამუშიას მიერ წარმოდგენილ საქმეს ვიხილავდით. კერძოდ, ოთხი წლის წინ, ადვოკატი ლევან სამუშია იცავდა პიროვნებას, რომელსაც ყაჩაღობაში ედებოდა ბრალი. ვინაიდან ბრალდებული ამტკიცებდა, რომ როდესაც ყაჩაღობა მოხდა, იგი თბილისში საერთოდ არ იმყოფებოდა, ადვოკატმა ლევან სამუშიამ კომპანია "ჯეოსელისგან" ინფორმაცია მოითხოვა, თუ სად იმყოფებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყაჩაღობის ჩადენის დროს, მაგარამ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ადვოკატს უპასუხა, რომ "ეს არის ამოღება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, თქვენ უფლება არა გაქვთ მიმართოთ სასამართლოს ამოღების თაობაზე შუამდგომობითო", ბატონმა შალვამ დამიდასტურა, რომ კარგად ახსოვს ეს ფაქტი. მე მაქვს კითხვა ბატონ შალვასთან, თუ ორი წლის წინ შალვა შავგულიძე პირადად ითხოვდა ცვლილებას საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლში, ორი წლის შემდეგ რა შეიცვალა? როდესაც მე პარლამენტიდან გამოვედი, გაოგნებული და შეშფოთებული ვიყავი. ვერანაირად ვერ გამიგია შვიდი თვის მანძილზე რა მოუვიდა ამ ხალხს ისეთი, ასე როგორ შეიცვალნენ. ბოლოს, მივდივარ იმ მოსაზრებამდე, რომ ალბათ, ასეთები იყვნენ, უბრალოდ ნიღაბი ჩამოისხნეს.

სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსულო პარლამენტარებო, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ზუსტად იგივე მდგომარეობაა, როგორიც მერაბიშვილის დროს იყო. ჩემი შეხედულებით, პოლიციის ძალადობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლი მე-2 ნაწილის ახალი რედაქციით ამოქმედებას უნდა დაებალანსებინა, რათა დაცვას მისცემოდა უფლება მიემართა სასამართლოსთვის შუამდომლობით ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე. რადგან თუ დაცვას ეს უფლება ექნება, შეძლებდა პოლიციის დაწესებულებებში არსებული ძალადობის შეჩერებას. 

მინდა, შეგახსენოთ ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემდეგ, პოლიციელების მიერ ჩადენილი რამდენიმე საგმირო საქმის შესახებ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გვყავს გარდაცვლილი პატიმარი, რომელიც თავდაპირველი ვერსიის თანახმად კიბეზე დაგორდა, შემდეგ ეს ვერსია შეიცვალა, მაგრამ ეს საქმე ჯერჯერობით ჩაფარცხეს.

საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტია, 26 მაისს დაახლოებით 22:00 საათზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ 18 წლის გიგი სვანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, რომელსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი ოპერაცია ჩაუტარდა და უახლოეს დღეებში მეორე ოპერაციას საჭიროებს. დაზარალებულის ბებიის განცხადებით, შსს კვალის დაფარვას ცდილობს, მათ შორის საავადმყოფოში. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ხელსუფლებას ვაფრთხილებდი, რომ პოლიციის ჩინოვნიკების ზღვარგადასული სისასტიკე აღეკვეთათ. ვინაიდან პოლიცია ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში ხოცვას დაიწყებდა, მაგრამ არავინ დამიჯერა და აი, პირველი შედეგიც. 18 წლის ახალგაზრდა გიგი სვანი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ იგი შეიძლება, დაინვალიდდეს, არადა ვინმეს რომ მოესმინა ჩემთვის და დაეკავებინათ ძმებ ლაშა და გიორგი სოზაშვილებზე თავდასხმაში მონაწილე პოლიციელები, სხვები მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას ვეღარ გაბედავდნენ.

მოგიყვებით ერთ ფაქტს, რომელიც პირადად მოვუყევი შინაგან საქმეთა მინისტრს ამა წლის იანვარში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის და გაერო-ს ელჩის თანდასწრებით. ასევე, შევხვდი მთავარ პროკურორს და გაყალბებული საქმის მასალები ვაჩვენე. ასევე, პირადად გადავეცი სახალხო დამცველს გაყალბებული მტკიცებულებები. მეგონა ვინმეს აინტერესებდა მოქალაქეთა ბედი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ - არავის. ოთხი თვე ვცდილობდი დავხმარებოდი უდანაშაულო ახალგაზრდებს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს გადავწყვიტე, სამოქალაქო საზოგადოება საქმის კურსში ჩამეყენებინა. ვინაიდან, თუ შინაგან საქმეთა მინისტრს გაუვიდა დაუსჯელობის ერთი ფაქტი მაინც, მთელი სამოქალაქო საზოგადოება ვხდებით დაუცველები. ძმები სოზაშვილების ჩვენებით, 2012 წლის 2 დეკემბერს 02:50 საათზე, თბილისში თრიალეთისა და კალაუბნის ქუჩებზე, ძმებ გიორგი და ლაშა სოზაშვილებს თავს დაესხა ორი პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი იოსებ სახლთხუციშვილი და იოსებ ბაიაძე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნაცვლად იმისა, რომ პოლიციას ბოდიში მოეხადა და იქაურობას გაცლოდა, დამხმარე ძალა გამოიძახეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ლაშა და გიორგი სოზაშვილები დააკავეს. პოლიციელები თავის ჩვენებაში განმარტავნ, რომ ისინი სამსახურებრივი ფორმით იყვნენ და პირიქით, ლაშა და გიორგი სოზაშვილებმა შეურაცხყოფა მათ  მიაყენეს. როგორც ლაშა და გიორგი სოზაშვილების ჩვენებებიდან იკვეთება, მათ თავს ორი პიროვნება დაესხა, რომლებსაც პოლიციის ფორმა არ ეცვა. პროკურორი ვალდებული იყო ვიდეო-გადაღების ამსახველი კადრები მოეთხოვა. თუ ეს კადრები არ იყო იმ ადგილზე, სადაც პოლიციელების მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევა მოხდა, მაშინ, როგორც საქმის მასალებით იკვეთება, პოლიციის განყოფილებაში ძმები ლაშა და გიორგი სოზაშვილები, იოსებ სალთხუციშვილის და იოსებ ბაიაძის მიერ იქნენ მიყვანილი. ყველა პოლიციის წინ სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, რომლებიც აუცილებლად დააფიქსირებდნენ, პოლიციელებს ეცვათ თუ არა ფორმა. ადვოკატს უფლება რომ ჰქონოდა სასამართლოს ძალით მოეთხოვა ვიდეო-ფირის ამოღება, მაშინ გაირკვეოდა, რომ პროკურორმა დანაშაული დამალა და ამით დანაშაული თვითონ ჩაიდინა. თუ ადვოკატი გაარკვევდა, რომ პოლიცილები და მათ საშველად მისული სხვა პოლიციელები ტყუიან, პროკურორი ვალდებული იქნებოდა ისინი ცრუ ჩვენების გამო პასუხისგებაში მიეცა. 

ფაქტობრივად, პოლიციის მხრიდან მტკიცებულების განადგურების მცდელობა ყველა საქმეში იკვეთება. 

საია-ს წევრზე თავდასხმის დროს, პოლიციის ჩინოვნიკი ცდილობდა ვიდეო-ფირის განადგურებას, ძმები სოზაშვილების შემთხვევაში პოლიციიდან გააქრეს ვიდეო-მტკიცებულებები, გიგი სვანის შემთხვევაში მტკიცებულებების გაქრობის მცდელობას აქვს ადგილი და ა.შ. 

პატივცემულო მეოცნებე უმრავლესობავ, სწორედ ამიტომ არ მოგვეცით ადვოკატებს საშუალება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, დაცვას მისცემოდა უფლება მიემართა სასამართლოსთვის შუამდომლობით ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე, მაშინ ვეღარ დაიჭერდით სოზაშვილებს, ვეღარ გაბედავდით მტკიცებულებების გაყალბებას და სამოქალაქო საზოგადოება იქნებოდა დაცული. 

ახალა კი მივხვდი, რატომ დაირქვით "ქართული ოცნება".

საპარლამენტო უმრავლესობას მინდა, მოგილოცოთ საქართველოს ასლან აბაშიძის პერიოდში დაბრუნება, პარლამენტი სავსეა ასლან აბაშიძის პარტიის, თუ მისი მხარდამჭერი სახეებით. როგორც ჩანს, მათ იმდენად მოენატრათ ფეოდალიზმი, რომ გადაწყვიტეთ ხორცი შეასხათ მათ ოცნებებს. თუ ცხოვრებას ასეთი შემართებით გააგრძელებთ, მალე გეყოლებათ თქვენი თენგიზ ასანიძეები, რაც ჩემი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ქართული ოცნება ნამდვილად არ ყოფილა. და ბოლს მინდა, გირჩიოთ, განათლების კანონში შესატანი ცვლილება ერთი კვირით შეაჩეროთ და დაამატოთ ცვლილებათა პაკეტი, სჯობს სკოლის დირექტორების დანიშვნის უფლებაც პრემიერ-მინისტრს მივანდოთ, ეს სამართლიანობის უპრეცედენტო აღდგენა იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

„პირWელი“

No comments:

Post a Comment