June 2, 2013

რამდენჯერ? როდემდის?

რამდენჯერ უნდა განმეორდეს ერთი და იგივე, რამდენჯერ უნდა მოვინდომოთ ერთმორწმუნე რუსეთთან ურთიერთობის უშედეგოდ დალაგება. მხოლოდ უახლეს ისტორიას, რომ გადავხედოთ ამას ყველა ჩვენი მართველი ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. გავიხსენოთ ზვიადისა და ელცინის შეხვედრა ყაზბეგში, შევარდნაძეზე, ხომ ზედმეტია საუბარი, სააკაშვილის პირველი საგარეო ვიზიტი რუსეთში და დღესაც იგივე ოპტიმისტური განწყობა, რომ ერთმორწმუნე რუსეთთან შეიძლება ნორმალური ურთიერთობის დაწყობა.

ნორმალური ჩვენთვის, თორემ რუსეთისთვის,მათი გადმოსახედიდან, ის რასაც ჩვენ ასე უშედეგოდ ვთავაზობთ მათთვის მხოლოდ ერთი ურჩი უძღები შვილის ჩივილი და მოთხოვნაა. ისინი უძღები შვილისგან მონანიებას ითხოვენ და არანაირად არ აპირებენ მისი ინტერესების გათვალისწინებას. ეს ინტერესები მათთვის სტრატეგიულად მიუღებელია, არც არასდროს გაუთვალისწინებიათ და არც შემდგომში გაითვალისწინებენ.

ჩვენ, მაინც ჯიუტად ერთი და იგივეს ვთავაზობთ, სხვანაირად არც ძალგვიძს, არ შეგვიძლია ერთბაშად ქვეშაგებად გავედოთ ვინმეს, გენეტიკა არ გვაქვს მონის.

ერთმორწმუნე, დიდი რუსეთის მართველთაგან უკვე მერამდენედ ვიღებთ წვრილ, პატარა ადამიანების დამახასიათებელ კინკლაობას. ყველა დანარჩენი ჩინოვნიკებისაგან, რომლებიც ასე თუ ისე რაღაცას წყვიტავენ, მითითებას, რომ ჩვენ ღვინის არაფერი გაგვეგება და ყურძენს ვაფუჭებთ, ამისთანა დამოკიდებულება მეორდება სხვა და სხვა კონტექსტით უკვე ორი საუკუნეა. ჩვენ მაინც ჯიუტად ვიმეორებთ რუსეთი ჩვენი მართლმადიდებელი მეზობელიაო. მოკლედ ან შევიდეთ რუსეთთან ერთად ერთიან საბაჟო და სამხედრო ორგანიზაციებში (რუსეთის აგრესიული ტონი დღეს მხოლოდ ამ გაერთიანებებში ჩვენს შესაძლო ყოფნაზე ჩვენს უარყოფით პოზიციას უკავშირდება და არა ნატოსა და ევროპისკენ ჩვენს სწრაფვას, იქ რომ არავინ გველის ისედაც ნათელია) ან დავანებოთ თავი რუსეთთან ერთი ადგილის 5 წელიწადში ერთხელ თამაშს.

გვეყო, გამოსავალი არ ჩანს, ერთ წრეზე ვტრიალებთ და ან უნდა ვაღიაროთ რუსეთის მფარველობა, ქვეშ გავეგოთ და დავისვენებთ ჩვენც და რუსეთიც, ან არა და ერთმანეთის დაბურანებას დავანებოთ თავი სამართლიანი რუსეთის მითით, სამართლიანი რუსეთი არ არსებობს. სხვა გამოსავალი უნდა ვნახოთ.

უახლოესი ისტორიის მანძილზე, ჩვენს ყველა მართველს დაკარგული ტერიტორიების საკითხი აქვს საჯილდაოდ გახდილი. ვინ პიარს იკეთებს, ვინ ომში ჰყოფს თავს, ვინ ეკონომიკური ბერკეტებით აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას, ერთი საერთო აქვთ მხოლოდ, ყველანი ისინი ოსებს და აფხაზებს თავის ძმებს უწოდებენ. გზას აცდენილ, მაგრამ ძმებს.

ანალოგიურად გვიწოდებს ჩვენ რუსეთიც გზას აცდენილ შვილს. უკვე 20 წელია ერთი და იგივე ლეიტმოტივი  გასდევს ჩვენი მართველების რიტორიკას „ისინი ჩვენი ძმები არიან“. შეეკითხეთ ან ოსს ან აფხაზს ისინი, კი გვთვლიან ჩვენ ძმებად? საუბარი იმაზე, რომ ეგ მიწები ქართულია, კი ბატონო მასეა, მაგრამ დღეს რეალობა შემდეგი გვაქვს; ჩვენ მაგ მიწებს ისევე ვუყურებთ, როგორც რუსეთი გვიყურებს ჩვენ. ჩვენც ისეთივე სიტუაციაში ვართ რუსეთთან მიმართებაში, როგორც აფხაზები და ოსები არიან ჩვენთან დამოკიდებულებაში.

ერთი და იგივეს ვიმეორებთ; ჩვენ აფხაზებს და ოსებს უნდა მოვანდომოთ ჩვენთან ერთად ცხოვრება, მაგრამ ვგულისხმობთ; თუ თავისი ნებით  არ მოუნდათ ჩვენთან ერთად ცხოვრება და თუ ამ დროს მათზე ძლიერნი ვიქნებით,  შეგვიძლია ძალაც გამოვიყენოთ. არ გეცნობათ დამოკიდებულება? იგივე აქვს რუსეთს ჩვენს მიმართ.

დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან მეეჭვება, ოსებს და მით უმეტეს აფხაზებს ჩვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში მოუნდეთ ცხოვრება. ხომ არ აჯობებს დროებით, როგორც არის ისე დავტოვოთ, რომ ჩვენი გაუაზრებელი ქმედებით კიდევ უფრო უარეს სიტუაციაში არ ჩავიგდოთ თავი. ხომ არ აჯობებს შევეშვათ რუსეთთან საუბარს ყველაფერზე და არაფერზე. ხომ არ აჯობებს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, დავარქვათ ოკუპანს ოკუპანტი და ამ სახელით მოვიხსენიოთ ყველგან სადაც ხმა მიგვიწვდება. ან დავისხათ თავზე ლაფი ( სხვათა შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეშფოთებული „ხელშეწყობით“)და გავყვეთ დინებას. გავერკვეთ, ან ევროპა თავისი ლიბერალური (ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის მენტალურად შეუთავსებელი) ცხოვრების წესით, ან რუსეთი თავისი დიდაქტიკურ-ველიკოდერჟავული ამბიციებით. ორივე ერთად შეუძლებელია.

ვთვლი, რომ ჩვენმა თაობამ თავისი უკვე მოჭამა. ჩვენი უგუნური, ხარბი, დაუნდობელი, არაადამიანური ქცევით მოვიწიეთ ეს ყველაფერი და ეხლა რა სიკეთის გაკეთებაც შეგვიძლია ის არის, რომ ამ მიმართებით მეტი არაფერი არ გავაკეთოთ. რასაც ვატყობ ამ წლების მანძილზე არც ჭკუა მოგვემატა და არც ადამიანობა. ამიტომ გავჩერდეთ, გვეყო. არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი; ან ევროპა, ან რუსეთი.

ნუღარ დავამძიმებთ იმ სიტუაციას, რომელსაც ჩვენს შვილებს ვუტოვებთ.



კახმეგ-ი

No comments:

Post a Comment