სოლოლაკში და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიდამოებში კატასტროფული მდგომარეობაა. როგორც ქიმიკოსი ია გიგიბერია ამბობს, აქ რადიაციული ფონი დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მაღალია, ანუ საშიშ ზღვარს კარგა ხანია გადასცდა. ეს არის შემთხვევითი სენსაციური აღმოჩენა, რომელზეც “ალიას” თავად ავტორი ესაუბრება.
_ მე ამჟამად ვმუშაობ რადიაციული რუკის შედგენაზე. ამ ეტაპზე ეს ეხება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს. ზედაპირული წყლების რადიაციული რუკა საქართველოში არასოდეს არ ყოფილა გაკეთებული. 1820 წელს იმუშავეს ამ თემაზე, მაგრამ ასეთი ხელსაწყოები და აპარატურა არ იყო მაშინ. მე დავიწყე რადიაციის გაზომვა ზედაპირულ წყლებში, ათი ნიმუში ავიღე, ძალიან მგრძნობიარე აპარატით ვმუშაობ, “რად 7”. გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, რადიაციის დასაშვები დოზა გახლავთ 000,1 ბეკერელი 1 ლიტრ წყალზე. დავიწყე რადიაციული დონის შესწავლა და გავაკეთე ქიმიური ანალიზი. გაოგნებული ვარ, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სოლოლაკში და კერძოდ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან რადიაციული ფონი არის 110 ბეკერელი 1 ლიტრ წყალზე. ეს უკვე კატასტროფაა! მე ნიმუშები ავიღე დუშეთში, გორში, თბილისის ზღვის მიდამოებში და ყველგან ცოტა მაღალია გამოსხივება, 1-დან 3 ბეკერელამდე, მაგრამ რაც სოლოლაკში კონკრეტულ ადგილზე ხდება, ეს საშინელებაა.
“ჩემი ინფორმაციით, ბიზნესცენტრში ამ წყაროს წყლებს ხმარობენ. ამ შემთხვევაში წყლის ოხშივარის ჩასუნთქვა გაცილებით საშიშია... თუ რადიაციული ნივთიერება განგებაა დაგდებული, ამ შემთხვევაშიც გავიგებთ ყველაფერს. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ბიზნესცენტრს აშენებდა, როგორც ვიცი, იაპონელი მშენებლები ჰყავდა ჩამოყვანილი, დავიჯერო, მათ წყლებისა და ნიადაგის კვლევები არ ჩაატარეს?”
“ალიამ” ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა, სადაც, ბუნებრივია, დაინტერესდნენ და გვიპასუხეს, რომ სასწრაფო წესით გაგზავნიან ადგილზე სპეციალისტებს. ისინი ჩაატარებენ შესაბამის კვლევებს და გაარკვევენ, რა ხდება ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიდამოებში.
No comments:
Post a Comment