June 14, 2013

გაერო-ს ოფიციალური ვებგვერდი გუშინდელი რეზოლუციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეის   67-ე სესიაზე მიღებული რეზოლუცია  - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ   აღიარებს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში - საქართველოში, მათ შორის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ინფორმაციას ამის შესახებ გაერო-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 
როგორც გაერო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციშია ნათქვამი, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 62-მა ქვეყანამ, მოწინააღმდეგე იყო 16 ქვეყანა, 84-მა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. 


რეზოლუციის ტექსტში ასამბლეამ ასევე დაადასტურა, რომ იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებები მიუღებელია და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებების პატივისცემა. 
რეზოლუციის ტექსტში ასამბლეა ასევე მოუწოდებს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისკენ, ნდობის აღდგენის ვალდებულებისკენ და დაუყოვნებელი ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა უზურუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნებისთვის საჭირო პირობები და ადამიანთა უფლებები. გარდა ამისა, ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ამ მიზნების მიღწევისთვის საჭიროა გრაფიკის შემუშავება. 
გაერო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა, რომლის დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტი "ერთობ პოლიტიზირებულია". მისივე განცხადებით, ტექსტი რეგიონში "ამჟამინდელი გეოპოლიტიკური რეალობის" გათვალისწინების გარეშეა მომზადებული. 
როგორც გაერო-ს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია.


ინტერპრესნიუსი

No comments:

Post a Comment