June 3, 2013

მოსკოვი თბილისთან, ევროკავშირისა და აშშ-ის გარეშე, ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში დაბრუნებაზეა ორიენტირებული

უკანასკნელ დღეებში გორის რაიონის სოფლებში რუსეთის ქმედებების სავარაუდო მიზნებსა და ამოცანებზე "ინტერპრესნიუსი" რუს პოლიტოლოგს, რუსეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის წევრსა და ჟურნალ "მსოფლიო ეკონომიკა და საერთაშორისო ურთიერთობების" რედაქტორს, ანდრეი რიაბოვს ესაუბრა. 


- ბატონო ანდრეი, სოფელ დიცში რუს მესაზღვრეთა აქტიურობა აქტუალურობას არ კარგავს. პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა მომხდარი "გაუგებრობად" შეაფასა, მაგრამ გრიგოლი კარასინის განცხადებამ ცხადყო, რომ რუსი მესაზღვრეები მოსკოვიდან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმდებდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ის რაც ხდება, "პროვოკაციად" და კრემლის მიერ "საქართველოს ახალი ხელისუფლების ფსიქოლოგიური სიმტკიცის გამოცდის მცდელობად" შეაფასა. თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს გორის რაიონის სოფელ დიცში რუსი მესაზღვრეების აქტიურობა
- ჩემი აზრით, ჭეშმარიტებასთან ახლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრია, რომლის აზრითაც, საუბარია ისეთ პრობლემებზე, რომლებსაც სინამდვილეში შეუძლია სიტუაციის გამწვავება და სასურველია მათი თავიდან აცილება. უდავოა, რომ რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისადმი რუსეთის მიდგომა ფორმირების სტადიაშია. არსებობს სხვადასხვა მიდგომები და პოზიციები, მაგრამ მათ ჯერ არ მიუღიათ მიზანმიმართული პოლიტიკის სახე. იმის პარალელურად, რაც გორის რაიოში ხდება და რამაც საქართველოში მწვავე რეაქცია გამოიწვია, არსებობს "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანლის, ონიშენკოს განცხადებები იმის შესახებ, თითქოს საქართველოდან რუსეთში ხდება ღორის ჭირის ექსპორტი.

- და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს განცხადებები შემთხვევით კეთდება? დრომ აჩვენა, რომ ონიშენკოს განცხადებები ამა თუ იმ ქვეყნისადმი კრემლის განწყობასა და დამოკიდებულებას პრაქტიკულად აბსოლუტურად ემთხვევა. . .
- მიმაჩნია, რომ აქ საქმე გვაქვს მართლაც გარკვეულ დამთხვევასთან. ალბათ არსებობენ ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაში. ამ თვალსაზრისით, მომხდარზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია საკმაოდ გაწონასორებული მომეჩვენა. ოფიციალურ თბილისს შეეძლო საკმაოდ მწვავედ რეაგირება, მაგრამ მათ თავი აარიდეს ამას, ისედაც რთული ქართულ-რუსული დიალოგის გასაგრძელებლად. ჩემი აზრით, რამდენადაც ასეთი თანმიმდევრული იქნება ქართული მხარე, თანმიმდევრული იქნება რუსული მხარეც და ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესი უფრო ხელშესახები იქნება. მაგრამ ეს გზა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე შარშან ოქტომბერში ჩანდა, როცა საქართველოს ახალი მთავრობა დაკომპლექტდა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის თვალსაზრისით საკვანძო მიდგომებზე ისაუბრა. მაშინ ისე ჩანდა, რომ უახლოეს ნახევარ წელიწადში პრობლემათა უმრავლესობა, რომელზეც მაშინ იყო საუბარი, გადაწყდებოდა და პროგრესი მიიღწეოდა. როგორც დრომ გვაჩვენა, ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა. ახლა საჭიროა მოთმინების დემონსტრირება და იმაზე ზრუნვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი გაფართოვდეს.

- მომხდართან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქმება. მოსაზრებებს შორის ჭარბობს მტკიცება, რომლის თანახმადაც, რუსეთი 2008 წლის აგვისტოს შედეგების დაკანონების პოლიტიკას აგრძელებს. ასევე საუბარია იმაზე, რომ მოსკოვი ივანიშვილისაგან მეტს ელოდა და ახლა ცდილობს მასზე ზეწოლას. . .
- არა მგონია, რომ მოსკოვი ივანიშვილისგან მეტს ელოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ისედაც საკმაოდ ბევრი გააკეთა. თუმცა, გარკვეული სურვილები იყო. მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის კორექტირება, რაც მას უფრო ლიბერალურს გახდიდა რუსეთის გარკვეული მოქალაქეებისთვის. მაგრამ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ მოსკოვს ივანიშვილისაგან მეტი მოლოდინი ჰქონოდა და მის მოქმედებებს კრემლის გაღიზიანება გამოეწვია.
საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადადგა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის და შესაბამისი განცხადებებიც გააკეთა. ჩემი აზრით, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები თავად საქართველოში. საუბარი არ არის მხოლოდ ოქტობრის საპრეზიდენტო არჩევნებსა და პოლიტიკურ ძალთა შორის ახალ კონფიგურაციაზე. საუბარია ერთგვარ გაურკვევლობაზე, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და იმას ეხება, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტორი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. გაურკვევლობა ეხება არა მოსკოვის აუხდენელ მოლოდინებს, არამედ იმას, თუ როგორ განვითარდება პროცესები საქართველოში.

- თქვენი აზრით, გორის რაიონში განვითარებული პროცესები რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკით რუსეთის უკმაყოფილებას და იმას, რომ საქართველო ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში არ აპირებს კონფლიქტებთან დაკავშირებული პრობლემატიკის განხილვას; ამჯობინებს, ეს საკითხები ჟენევის ფორმატში მიმდინარე კონსულტაციებზე იქნას განხილული?
- არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხები ერთმანეთს უკავშირდებოდეს. ვიცი საქართველოში არ არის პოპულარული აზრი, მაგრამ მე მაინც გეტყვით. სინამდვილეში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში მოსკოვის მკაცრი პოზიციის განმსაზღვრელი ფაქტორი გახლავთ არა მოსკოვის ზეწოლა თბილისზე, არამედ, მოსკოვზე სოხუმისა და ცხინვალის ზეწოლა. კარგად მესმის, რომ ამ მოსაზრებას თბილისში არ გაიზიარებენ და ჩათვლიან, რომ ამ პატარა რესპუბლიკებს მოსკოვზე სერიოზული ზეწოლის განხორციელება არ შეუძლიათ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მთლად ასე არაა და მას რამოდენიმე მიზეზი და ფაქტორი განსაზღვრავს.
რუსეთი დღეს დაინტერესებულია, კავკასიაში სოჭის ოლიმპიადის წინ სტაბილურობა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ჩრდილოეთ კავკასიასთან, გასაგებია, თუ რატომ შეამცირეს კონტაქტები მათ თავად უკანასკნელ პერიოდში თბილისთან. ეს რომ ასეა, ამის შესახებ აფხაზურ და ოსურ მხარესთან სხვადასხვა ფორმატში დიალოგში ჩართული ქართველი ექსპერტებიც ადასტურებენ.
სოხუმსა და ცხინვალში საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის თბილისთან ურთიერთობა მაშინ უფრო იოლი იყო, როცა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები მათთან მიმართებაში მკაცრ პოზიციას იკავებდნენ. ივანიშვილის გახსნილმა და დიალოგზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ სოხუმი და ცხინვალი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ამიტომაცაა, რომ ისინი თბილისთან მიმართებაში უფრო მეტად ჩაიკეტნენ. ასეთ ვითარებაში მოსკოვს სხვა არაფერი დარჩენია მათი პოზიციის გაზიარების გარდა. ვიცი, თბილისში ამ მოსაზრებას არ გაიზიარებენ და კრიტიკულადაც შეხედავენ, მაგრამ ის, რომ ვითარება სინამდვილეში ასეთია, ფაქტია.

- კი ბრძანეთ, რომ თბილისისადმი მოსკოვის პიზიცია ჩამოყალიბების სტადიაშიაო, მაგრამ თქვენ მიერ აღწერილ ვითარებაში საქართველოსადმი კრემლის დამოკიდებულებას როგორ დაახასიათებდით?
- ჩემი აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგების რუსული გეგმა ორმხრივი ურთიერთობების იდეას ეფუძნება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია უპირველეს ყოვლისა ორმხრივი ურთიერთობების საქმეა. მასში რომელიმე მესამე მხარის მონაწილეობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. ჩემი აზრით, რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ამგვარი პოზიცია საკმაოდ დიდი ხნის წინ აქვს ჩამოყალიბებული.

- ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკანასკნელი მოვლენებით რუსეთი ცდილობს, ქართულ მხარეს მიაღებინოს გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებებში თბილისი მოსკოვთან ერთი ერთზე დარჩეს?
- ვფიქრობ, რომ რუსეთის ნაბიჯები თავის შინაგან ლოგიკას უკავშირდება. არა მგონია, მომხდარი უკავშირდებოდეს იმის მცდელობას, რომ საქართველომ ჩამოაყალიბოს თავისი დამოკიდებულება ევროკავშირისა და სხვა ევროპული სტრუქტურების მიმართ.

- მაგრამ, თქვენსავე ნათქვამს თუ გავყვებით, მოსკოვი არ მალავს, რომ საქართველოსთან დიალოგი ევროპისა და ამერიკის გარეშე სურს. სწორად გავიგე?
- დიახ, აბსოლუტურად სწორად გაიგეთ. რუსეთის მიდგომა საქართველოსადმი არ შეცვლილა. ასეთი მიდგომა რამოდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა და მე ვერ ვხედავ, რომ ამგვარმა მიდგომამ ცვლილებები განიცადა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს უცვლელი მიდგომაა.

- იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რუსეთთან კონფლიქტებთან მიმართებაში 20 წელია, ერთი-ერთზე ურთიერთობების საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს, ძნელი სავარაუდოა, რომ ოფიციალური თბილისისათვის იგი მისაღები აღმოჩნდეს. . .
- გეთანხმებით, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ მოსკოვი თბილისთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში, ევროკავშირისა და აშშ-ის გარეშე დაბრუნებაზეა ორიენტირებული. ვინაიდან, ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები მხოლოდ ორმხრივი ხასიათისაა, მათი მოგვარების ალბათობაც მეტია. ახლა თუ ამგვარ დიალოგში დასავლეთი მონაწილეობს, მისი მონაწილეობა მაინც ირიბია და მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს განვითარების ვექტორი დასავლეთზეა ორიენტირებული.
რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევა ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სუვერენული უფლებაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთი საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში ცდილობს ურთიერთობები ჰქონდეს.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში რაიმე მზაკრული გეგმა აქვს. აშკარაა, რომ ასეთი გეგმა არ არსებობს. ისიც აშკარაა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში უფრო იოლია ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ, ჩემი აზრით, რუსეთში დღეისათვის არ არსებობს იმის სტრატეგიული ხედვა, საბოლოო ჯამში სადამდე უნდა მიგვიყვანოს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებამ.
მეჩვენება, რომ ადამიანებს, რომლებიც ნორმალიზაციის პროცესში არიან ჩართული, ხელმძღვანელობენ ამგვარი იდეით - ვინაიდან საბოლოო მიზანი ჯერ არ ჩანს, მთავარი ამოცანაა პროცესმა გარკვეული დინამიკა შეიძინოს. დინამიკა კი თავის მხრივ გააჩენს პრობლემათა გადაჭრის შესაძლო ვარიანტებს და ორ ქვეყანას შორის არსებული დღის წესრიგის გაფართოების შესაძლებლობას.

- ამ საკითხში საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, მაგრამ დრო გვიჩვენებს, შეიტანს თუ არა იგი ამ საკითხში თავის დამოკიდებულებაში კორექტივებს. ფაქტია, რომ თავისი მოქმედებებით გორის რაიონის სოფლებში მოსკოვი დისკრედიტაციას უწევს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთის მიმართ. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კრემლისთვის ივანიშვილი ცოტა ხანში ისეთივე მიუღებელი გახდება, როგორც სააკაშვილი?
- ჩემი აზრით, ამისათვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. გეთანხმებით, რომ რუსეთის ეს ქმედებები ნეგატიურად აისახება ივანიშვილის მთავარობაზე, განსაკუთრებით საპრეზიდენტი არჩევნების წინ უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე სააკაშვილის პარტია "ნაცმოძრაობა" გარკვეულ ქულებსაც დაიწერს.
არანაირი წინაპირობა არ არსებობს საიმისოდ, რომ არა თუ ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში მოსკოვი ივანიშვილს ისევე გააკრიტიკებს, როგორც სააკაშვილს აკრიტიკებდა. ამგვარი ანალიზი არ ემყარება მიმდინარე, რთული და წინააღმდეგობით სავსე ვითარების კონიუქტურულ ანალიზს. იგი ემყარება იმას, რომ ივანიშვილის მთავრობას დეიდოლოგიზირებული პოზიციებით სურს რუსულ მხარესთან დიალოგის გულწრფელად დაწყება და რუსეთთან ნორმალიზაციის პროცესის წინ წაწევა. მოსკოვს არანაირი მოტივი არა აქვს იმისათვის, რომ ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდეს ივანიშვილთან, როგოროც მას სააკაშვილის მიმართ ჰქონდა.



კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"

No comments:

Post a Comment