იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებიც კუბლაშვილმა შემოიკრიბა, დისკრედიტირებულნი არიან, საზოგადოებაში ვერც ავტორიტეტს მოიპოვებენ და ვერც სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობას დაიბრუნებენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ასეთი შემადგენლობით რომ აირჩევდნენ, მე და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ინფორმაცია წინასწარ გვქონდა. ამის შესახებ, გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში, ყოფილმა მოსამართლემ, მერაბ ტურავამ განაცხადა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები მოსამართლეებს აფრთხილებდნენ, აშინებდნენ, რომ თუ სასამართლო ხელისუფლებაში, უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში კუბლაშვილი და მისი მომხრე ადამიანები არ იქნებოდნენ, ახალი იუსტიციის საბჭო მათ წინააღმდეგ იმუშავებდა და მათ მიერ, წლების მანძილზე მიღებულ ყველა უკანონო გადაწყვეტილებას ამოქექავდა.
"კუბლაშვილის მიერ შემოკრებილი იუსტიციის საბჭოს წევრები, საზოგადოებაში ვერც ავტორიტეტს მოიპოვებენ და ვერც სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობას დაიბრუნებენ. მაგალითად, ერთ-ერთი წვერი, შოთა გეწაძე, მომიტინგეების დემონსტრაციაში მონაწილეობის წინააღმდეგ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების პროცედურას ხელმძღვანელობდა. მან ასევე, პერსონალურად მიიღო და განიხილა დღევანდელი პრემიერისა და მისი მეუღლის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სარჩელი. მან მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებული პრეზიდენტის ბრძანებულება კანონიერად ჩათვალა. შოთა გეწაძე იყო ადამიანი, რომელიც მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დაჯარიმებების დასჯის პროცედურას ხელმძღვანელობდა. ზაზა მეიშვილმა კი ადეიშვილისგან, პირდაპირი დავალება მიიღო - თუ ის პერსონალურად არ განიხილავდა სულხან მოლაშვილის საქმეს და წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ქმედების ფაქტებზე თვალს არ დახუჭავდა, სასამართლო ხელისუფლებიდან გააძევებდნენ. მას შემდეგ, რაც მან ეს დავალება შეასრულა, ზუსტად ერთ კვირაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე დახდა. იმასაც კი არ დაელოდნენ, რომ სულხან მოლაშვილის საქმე უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებულიყო და უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადასულიყო. რაც შეეხება ლევან მურუსიძე ის ადამიანი იყო, რომელმაც თვალი არ დაახამხამა და უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე, მათ შორის მეც, უზენაეს სასამართლოში დაკავებული თანამდებობებიდან, უკანონოდ გაათავისუფლა. მას გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით აქვს ჩაბარებული და წლების მანძილზე, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მართლმსაჯულებას ადეიშვილის დავალებით ახორციელებდა. ეს ადამიანები თავის ცოდვას ვერ გამოისყიდიან". - განაცხადა მერაბ ტურავამ.
ყოფილი მოსამართლის განმარტებით, სასამართლო ხელისუფლებაში, იუსტიციის საბჭოს წევრებად სუფთა წარსულის მქონე კანდიდატთა შერჩევა შესაძლებელი იყო, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან მოსამართლეებს დაპირდნენ, რომ მათ მოსამართლეებად უვადოდ დანიშნავენ, ხელფასები და პენსიები გაეზრდებათ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ გადამოწმდება. მერაბ ტურავას თქმით, ასეთი პირობის შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ მათ ხმა სწორედ ამ კანდიდატებს მისცეს. ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონფერენციას, ერთადერთი დადებითი მხარე ქონდა - მოხდა სასამართლო ხელისუფლების ლუსტრაცია. მისი განცხადებით, მოსამართლეთა 1/3 ჯანსაღად აზროვნებს და პროგრესის მომხრეა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აირჩია. არჩევნების მეორე ტურში, ხმათა უმრავლესობით ვაკანტური ადგილები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ლევან მურუსიძემ, პაატა სილაგაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუამ და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიამ დაიკავეს. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარეთათვის განსაზღვრულ ადგილებს, ხმათა უმრავლესობით გავიდნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე შოთა გეწაძე. პირველივე ტურში გაიმარჯვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, ზაზა მეიშვილმა. იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი რჩება, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელია და კიდევ ერთი მოსამართლე, გიორგი შავლიაშვილი.
TIMER.GE
No comments:
Post a Comment